• საქველმოქმედო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი 
    წარმოადგენენ თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქველმოქმედო ორგანიზაციებს?
    მიუხედავად იმისა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობა არსებითად საქველმოქმედო საქმიანობას წარმოადგენს, ისინი ავტომატურად არ ითვლებიან საქველმოქმედო ორგანიზაციებად. იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ საქველმოქმედო ორგანიზაციებად, აუცილებელია, რომ მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღონ ასეთი სტატუსი.
    ვის შეიძლება მიენიჭოს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სტატუსის მინიჭებას?
    საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც:
    • შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად;
    • რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    • აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
    • აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32–ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
    საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
    რა ვადით ხდება საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება?
    საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ და სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
    რა სახის საქმიანობა ჩაითვლება საქველმოქმედო საქმიანობად?
    საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებიც ითვლება საქველმოქმედო საქმიანობად, კერძოდ საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:
    1. დახმარების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:
    იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;
    აგრეთვე, ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის; საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის; რელიგიური ორგანიზაციებისათვის; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით; პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით.
    2. ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში:
    •  ადამიანის უფლებების დაცვა;
    • გარემოს დაცვა;
    • დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
    • კულტურა;
    • განათლება;
    • მეცნიერება;
    • ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი;
    • ხელოვნება;
    • ჯანმრთელობის დაცვა;
    • სოციალური დაცვა.


    რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს ორგანიზაციას საქველმოქმედო სტატუსი?
    ორგანიზაციას საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უუქმდება:
    • თავად ამ ორგანიზაციის ინიციატივით;
    • საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში.
    შესაძლებელია თუ არა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის აღდგენა?
    ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
     
  • არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეგიტრაცია 
    რა განსხვავებაა კავშირსა და ფონდს შორის?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვილებების თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირების კავშირებად და ფონდებად დაყოფა არ ხდება, კანონი იცნობს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ერთიან ცნებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი შეიძლება იყოს, როგორც წევრობაზე დაფუძნებული, აგრეთვე არ იყოს დამოკიდებული წევრობაზე.
    რომელი ორგანო ახორცილებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადსახადო რეგისტრაციას. რეგისტრაციისას იურიდიულ პირს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც უცვლელია და გამოიყენება სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, საგადასახადო მიზნებისთვის.
    აუცილებელია თუ არა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ჰქონდეს წესდება?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35–ე მუხლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. გადა ამისა, თუ დამფუძნებლები სხვა რამეს არ დაადგენენ, წესდება შეიძლება წარმოადგენდეს იმ სადამფუძნებლო დოკუმენტს - დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას, რომელიც წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის.
    რამდენი პირია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისთვის?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმაც, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.
    რა ვადაშია ვალდებული მარეგისტრირებელი ორგანო, რომ რეგისტრაციაში გაატაროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩვეულებრივ, ახორციელებს 1 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, ცვლილებების რეგისტრაცია ან მისი შეწყვეტის რეგისტრაცია მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას გადაიხდევინება მომსახურების დამატებითი საფასური.
    რა დოკუმენტებია საჭირო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
    რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:.
    •    მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;.
    • ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება "მეწარმეთა შესახებ", "პროფესიული კავშირების შესახებ" და "შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონებით.
    რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება (შესაძლებელია წესდება) უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება;
    • მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;
    • მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე;
    • მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა;
    • მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი) – ეს შეიძლება განისაზღვროს ცალკე აქტითაც;
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა;
    • მონაცემები წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი) – ეს შეიძლება განისაზღვროს ცალკე აქტითაც;
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;
    • რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღების წესი და პროცედურა.
    • რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა.
    რა შემთხვევაშია აუცილებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცვლილებების რეგისტრაცია?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
    საჭიროებს თუ არა რეგისტრაციას საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი?
    2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი რეგისტრაციას არ საჭიროებს.
    რა ოდენობის საფასური გადაიხდევინება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის ან ცვლილებების რეგისტრაციისათვის დროს?
    "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, თუ ეს პროცედურა ხორციელდება 1 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პროცედურა ხორციელდება განცხადების შეტანის დღეს (დაჩქარებული მომსახურება), საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური შეადგენს 200 ლარს;
     
  • არასამეწარმეო იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  
    შეუძლია თუ არა დამფუძნებლებმა მიიღონ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ?
    არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით უნდა განისაზღვროს ის ორგანო ან პირი რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ. შესაბამისად თუ სადამფუძნებლო დოკუმენტაციით ეს უფლებამოსილება მინიჭებული ქვს დამფუძნებლებს, ასეთ შემთხვევაში მათ ეს შეუძლიათ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.
    შესაძლებელია თუ არა არასამეწარმეო იურიდიული პირის რეორგანიზაცია სამეწარმეო იურიდიულ პირად?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
    ვინ შეიძლება იყვნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდატორები როდესაც ლიკვიდაცია ხდება თავად იურიდიული პირის გადაწყვეტილებით?
    თუ არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება თვად იურიდიული პირის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდატორებად, ინიშნებიან სადამფუძნბელო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირები ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული ორგანოს/პირის მიერ განსაზღვრული პირი/პირები.
    დასაშვებია თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას მისი ქონების გასხვისება?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
    • გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას;
    • გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
    • ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
    ვის გადეცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება?
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციისას განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
    დასაშვებია თუ არა არასამეწარმეო იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს შორის?
    აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
     
  • გადასახადები  
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებობა ავტომატურად დაკავშირებულია თუ გარკვეული სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებასთან?
    არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს რაიმე სახის გადასახადებისგან გათავისუფლებას. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გარკვეული სახის გადასახადებისგან გათავისუფლება დაკავშირებულია მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და შემოსავლის წყაროებზე. თუ არასამეწარმეო იურიდიული პირები ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში ისინი ექცევიან ჩვეულებრივ საგადასახადო პირობებში და ამ გზით მიღებული შემოსავლები ექვემდებარება ჩვეულებრივი წესით დაბეგვრას. თუ არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლებს შეადგენს არა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები (მაგ. გრანტი, შემოწირულობა, საწევრო შენატანები), მაშინ ასეთი სახის შემოსავლები დაკავშირებულია განსაზღვრული სახის გადასახადისგან გათავისუფლებასთან. მაგალითად: მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია არასამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტების) მიერ მიღებული გრანტი, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოწირულობა და საწევრო შენატანი.
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გათავისუფლებულია თუ არა ქონების გადასახადის გადახდისაგან?
    არასამეწარმეო იურიდიული პირები (აგრეთვე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული "ორგანიზაციის" ცნებაში შემავალი სხვა სუბიექტები) გათავისუფლებული არიან ქონების გადასახადის გადახდისაგან, გარდა მიწისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონებისა. სხვანაირად, რომ ვთქვათ არასამეწარმეო იურიდიული პირები იხდიან ქონების გადასახადს მხოლოდ:
    • მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრების მიწაზე;
    • იმ ქონებაზე (მის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები, მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე), რომელსაც გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობისათვის.
    რა სახის გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებას უკავშირდება გრანტი?
    საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გრანტზე ვრცელდება გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათები. კერძოდ:
    მოგების გადასახადი– საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ორგანიზაციის (მათ შორის, არასამეწარმეო იურიდიული პირის) მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები.
    დამატებული ღირებულების გადასახადი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ. გარდა ამისა, გრანტის მიმღებ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის/მომსახურებისათვის გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
    საშემოსავლო გადასახადი – საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადახდით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი.
    იმპორტის გადასახადი – საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს.
    შესაძლებელია თუ არა გრანტით შეძენილ საქონელზე (მომსახურებაზე) დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება?
    გრანტის მიმღებ პირს, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს საგადასახდო კოდექსის 63–ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
    დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო 3 თვის ვადაში.
    რა წესით ხდება საიმპორტო საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭება?
    იმისათვის რომ საქონლის იმპორტი გათავისუფლდეს გადასახადისაგან, აუცილებელია რომ მას მიენიჭოს გრანტის სტატუსი. ამისათვის, გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    • გრანტის მიმღების განცხადება;
    • გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
    • გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;
    • საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;
    • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.
    უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც გრანტის მიმღები წარუდგენს შემოსავლების სამსახურს, უნდა ერთვოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
    რა ვადაში ხდება საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება?
    შემოსავლების სამსახური კანონმდებლობით დადგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
    რა საგადასახადო შეღავათები აქვს საწარმოს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე შემოწირულობის გაცემის დროს?
    საგადასახდო კოდექსში ჩადებულია ქველმოქმედების განვითარების სტიმულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გასცემს შემოწირულობას, ერთობლივი შემოსავლიდან გამოექვითება გაცემული შემოწირულობის თანხა, მაგრამ გამოსაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლიდან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების შემდეგ დარჩენილი თანხის 10 პროცენტს. სხვანაირად, რომ ვთქვათ, საწარმოების მიმართ ზემოაღნიშნული მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ისინი შემოწირულობის თანხას გადასცემენ საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციებს.
     
  • გრანტები  
    რა არის გრანტი?
    გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
    გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.

    ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი ანუ დონორი?
    გრანტის გამცემი ანუ დონორი შეიძლება იყოს:
    • საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია;
    • საერთაშორისო ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი);
    • საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი;
    • უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა;
    • უცხოეთის სამეწარმეო იურიდიული პირი თუ გრანტის მიმღები არის საქართველოს სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა;
    • უცხოეთის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
    • საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
    • საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა;
    • საქართველოს მთავრობა.
    ვინ შეიძლება იყოს გრანტის მიმღები?
    გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
    • საქართველოს სახელმწიფო, პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანიზაციის სახით;
    • საქართველოს მთავრობა, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი ორგანოს სახით;
    • საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
    • საქართველოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, მისი ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება;
    • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
    • საქართველოს მოქალაქე;
    • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;
    • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
    • საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
    • "სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი:
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.
    როგორ ფორმდება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის გრანტის გაცემის პროცედურა?
    დონორსა და გრანტის მიმღებს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, მიღებული სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს.
    დასაშვებია თუ არა გრანტის გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა?
    გრანტის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი მიზნობირიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად (მაგ. საგანმანათლებლო, ჯანდაცვის დაცვა და სხვა). ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დონორის თანხმობით შეიძლება შეიცვალოს გრანტის მიზნობრიობა და იგი გამოყენებულ იქნეს არა იმ თავდაპირველი მიზნებისათვის, რისთვისაც იგი გაიცა.
    დასაშვებია თუ არა გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია?
    გრანტის სახით მიღებული ქონების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის ხელშეკრულებაში.
     
  • სახელმწიფო შესყიდვები  
    რა არის სახელმწიფო შესყიდვა?
    სახელმწიფო შესყიდვა არის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ხორციელდება შემდეგი სახსრებით:
    • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;
    • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;
    • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით;
    • საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;
    • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის სახსრებით (ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად);
    • საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით (ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად);
    • იმ საწარმოს სახსრებით რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (გარდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისებისა).
    შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა?
    სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, მათ შორის არასამეწარმეო იურიდიულმა პირმაც.
    რა არის გამარტივებული შესყიდვა?
    გამარტივებული შესყიდვა არის შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება:
    • 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში;
    • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში (2012 წლის 1 იანვრიდან 20 000 ლარამდე);
    • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში;
    • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში;
    • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის შემთხვევაში;
    • გარდა ამისა, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც ხდება გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენება.
    რა შემთხვევაში ხდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხოციელება?
    გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხდება იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვა.
    რა შემთხვევაში ხდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხოციელება?
    ელექტრონული ტენდერის საშუალების გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება 200 000 ლარისა და მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვა.
    გადაიხდევინება თუ არა ტენდერში მონაწილეობისათვის საფასური და რამდენია მისი ოდენობა?
    კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით.
     
  • სახელმწიფოს და თვითმმართველობის ქონებით სარგებლობა 
    სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა და განკარგვა
    საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს სახელმწიფო ქონებას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას. სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (უძრავი და მოძრავი ნივთები), აგრეთვე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (წილი საწარმოში, მოთხოვნები და სხვა). თვითმმართველი ერთეულის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    რა კატეგორიებად იყოფა თვითმართველი ერთეულის ქონება?
    თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:
    • ძირითად (განუსხვისებელი) ქონებას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;
    • დამატებით ქონებას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
    რას გულისხმობს ქონების პრივატიზება?
    პრივატიზება ეს არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირების (ფიზიკური ან იურიდიული პირები) ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა.
    სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების რა ფორმები არსებობს?
    სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება შეიძლება მოხდეს ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით.
    აუქციონი – ქონების პრივატიზების აუქციონის ფორმის გამოყენების დროს ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება განსაზღვრული პირობებით (მაგ. დაწესებულების პროფილის შენარჩუნების პირობით), ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
    პირდაპირი მიყიდვა – სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს). პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, რომელიც ხორციელდება თუ არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე ან დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის დროს ქონებაზე საკუთრების უფლება მიენიჭება იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
    ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო ქონების შემძენი?
    სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
    ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მყიდველი?
    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - უსასყიდლოდ.
    ვინ შეიძლება იყოს თვითმართველი ერთეულის ქონების შემძენი?
    თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
    რაიმე სახის შეღავათები ხომ არ არის დაწესებული კანონმდებლობით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის?
    სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ქონების პრივატიზების საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობა რაიმე სახის შეღავათებს პრივატიზების პროცესში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის არ ითვალისწინებს. ეს უკანასკნელნი პრივატიზაციის პროცესში ისეთივე წესითა და პირობებით იღებენ მონაწილეობას, როგორც სხვა დაინტერესებული პირები (მყიდველები).
    სად ქვეყნდება ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ?
    საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ "24 საათში".

    დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების პრივატიზებისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.

    კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში.

    საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ინტერნეტგვერდზე.
     
  • უძრავი ქონების რეგისტრაცია  
    რას ნიშნავს ცნება "უძრავი ქონება"?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
    რა საკანონმდებლო წესი არსებობს უძრავი ქონების შესაძენად?
    უძრავი ნივთის შესაძენად, აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
    უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს თუ არა ნოტარიალურ დამოწმებას?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის პირობები გამარტივდა, სანოტარო ხელშეკრულების გაფორმება არ არის სავალდებულო, თუმცა კანონი არ კრძალავს სანოტარო ფორმის გამოყენებასაც. გამყიდველი და მყიდველი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენენ ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით ფორმას და ხელს მოაწერენ რეგისტრატორის თანდასწრებით.
    ვის შეუძლია აიღოს ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან?
    "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე.
    რა სახის უფლებები რეგისტრირდება რეესტრში უძრავ ნივთებთან მიმართებაში?
    უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:
    • საკუთრება;
    • აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა;
    • უზუფრუქტი;
    • სერვიტუტი;
    • იპოთეკა;
    • ქირავნობა, ქვექირავნობა;
    • იჯარა, ქვეიჯარა;
    • თხოვება;
    • ლიზინგი;
    • საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები;
    • უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
    აუცილებელია თუ არა საჯარო რეესტრში ხელახალი რეგისტრაცია იმ უძრავი ქონებისა, რომელიც რეგისტრირებულია ტექბიუროში?
    ასეთი საკანონმდებლო აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შემთხვევაში საჭიროა ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც ავტომატურად გამოიწვევს ამ უფლების რეგისტრაციას, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იარსებებს ინფორმაცია აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების შესახებ.
     
  • შრომითი ურთიერთობები  
    შრომის კოდექსის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს დამსაქმებელი?
    დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
    რამდენი წლის ასაკიდან შეიძლება დასაქმდეს ფიზიკური პირი?
    ზოგადი წესის მიხედვით, ფიზიკური პირი შეიძლება დასაქმდეს 16 წლის ასაკიდან.
    16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის დასაქმება შესაძლებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
    14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.
    ერთ–ერთი კერძო საწარმოს მიერ გამოცხადდა კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ერთ–ერთ კანდიდატს უთხრეს უარი დასაქმებაზე ყოველგავრი საფუძვლის და დასაბუთების გარეშე. კანონიერია თუ არა ეს ქმედება?
    საქართველოს შრომის კოდექსის მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.
    საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენს შეადგენს სამუშაო დროის ხანგრძლივობა?
    საქართველოს შრომის კოდექსის მე–14 მუხლის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.  ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.
    საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, რამდენ დღეს შეადგენს შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და როგორია ანაზღაურების პირობები?
    დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 730 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან, ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.
    ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებ.
    შესაძლებელია თუ არა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება დედის მაგივრად აიღოს ბებიამ და როგორია ამ შვებულების ხანგრძლივობა?
    ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. <br /> დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
    შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, საბოლოო ანგარიშსწორება რამდენ დღეში უნდა მოხდეს?
    შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
    პირი მუშაობს ერთ–ერთ საწარმოში, შესაძლებელია თუ არა მან შეთავსებით იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ჩაითვლება თუ არა ის ამ ორგანიზაციის თანამშრომლად, ანუ უნდა ისარგებლოს თუ არა მან ამ ორგანიზაციაში შვებულების უფლებით?
    საქართველოს შრომის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, შესაძლებელია შეთავსებით მუშაობა. შეთავსებით მუშაობის დროს, პირი ითვლება ამ ორგანიზაციის თანამშრომლად და უნდა ისარგებლოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის შვებულების უფლებითაც.
    ზეგანაკვეთური სამუშაო ყველა შემთხვევაში ანაზღაურებადია? თუ არსებობს ისეთი პირობები, როცა შეიძლება არ ანაზღაურდეს?
    საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით, სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის - ზეგანაკვეთური სამუშაო არ ანაზღაურდება, ხოლო საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის - ანაზღაურდება.
    აქვე აღსანიშნავია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნებისმიერ პირობაზე.
     
  • ხელშეკრულებები  
    შეიძლება თუ არა შრომითი ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
    საქართველოს შრომის კოდექსის მე–6 მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
    აუცილებელია თუ არა არასაცხოცრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული არასამთავრობო ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს შორის, დამოწმდეს სანოტარო წესით?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად და ნამდვილობისთვის არ არის სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება.
    ქირავნობის ხელშეკრულების დროს ვის ეკუთვნის მიმდინარე რემონტის ჩატარების ხარჯის გადახდა – გამქირავებელს თუ დამქირავებელს?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 548–ე მუხლის მიხედვით, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს და დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.
    გამქირავებელი უარს ამობობს ქვექირავნობის ხელშეკრულების დადებაზე იმ მოტივით, რომ ფართი მეტისმეტად გადაიტვირთა. კანონიერია თუ არა გამქირავებლის უარი?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 549–ე მუხლის თანახმად, დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს, ხოლო გამქირავებელს უფლება აქვს, უარი თქვას ქვექირავნობაზე. თუმცა, გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობა.
    არასაცხოვრებელი ფართის დამქირავებელი ქირას არ იხდის ზედიზედ 5 თვის განმავლობაში. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით. შეუძლია თუ არა გამქირავებელს მოსთხოვოს დამქირავებელს ფართის დაცლა და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558–ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
    რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებები?
    ქირავნობის ხელშეკრულებისათვის დადგენილი ნორმები მოქმედებს იჯარის ხელშეკრულების დროსაც, თუ სხვა რაიმე განსხავავებული კანონისმიერი წესები არ არსებობს იჯარის ხელშეკრულებისთვის. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ იჯარის ხელშეკრულების დროს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენების შედეგად შეუძლია მიიღოს სარგებელი, რაც შეუძლებელია ქირავნობის ხელშეკრულების დროს დამქირავებლისთვის.
    რა ვადაში შეიძლება მოიშალოს ქირავნობის ხელშეკრულება?
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561–ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
     
  • მოხალისეობა 
    ვინ შეიძლება იყოს მოხალისე?
    ,,მოხალისეობის შესახებ" კანონის მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რომელიც  საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ ახორციელებს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას. მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობას ახორციელებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.
    ვინ შეიძლება იყოს მასპინძელი ორგანიზაცია?
    მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობა. კანონმდებლობაში არის კონკრეტულად განსაზღვრული ჩამონათვალი ვინ შეიძლება იყოს მასპინძელი ორგანიზაცია. ესენია: • რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი; • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; • ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა; • სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; • საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი; • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. აღსანიშნავია, რომ მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.
    რა მიიჩნევა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად?
    კანონის მიხედვით, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში:
    • ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარება;
    • განათლება, მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება; სიღარიბის დაძლევა და სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა;
    • გარემოს დაცვა;
    • ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხები, ფიზიკური აღზრდა და სპორტი; გენდერული საკითხები;
    • კონფლიქტების მოგვარება, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება, მიგრაცია;
    • ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება;
    • ცხოველთა უფლებების დაცვა;
    • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ამ მიზნით მოსახლეობის მომზადების სფეროები.
    ითვლება თუ არა მოხალისეობითი საქმიანობის განმახორციელებელი პირი დასაქმებულად?
    ფიზიკურ პირს მოხალისეობის განხორციელებისას უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და დახმარებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის არის გათვალისწინებული.
    კანონით დადგენილი რა ვალდებულებები აქვს მასპინძელ ორგანიზაციას?
    მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სახე და პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია:
    • მოხალისეობის განხორციელებისას უზრუნველყოს მოხალისისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
    • აუნაზღაუროს მოხალისეს მოთხოვნის შემთხვევაში მოხალისეობის განხორციელებისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯები, რომელიც კანონით არის დადგენილი;
    • მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისის მიერ მოხალისეობის განხორციელებისას მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა;
    • აუნაზღაუროს ზიანი მოხალისეს, რომელიც მას მოხალისეობის განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა;
    • მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს მოხალეობის ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განცხორციელებული საქმიანობის და ხანგრძლივობის თაობაზე.
    შეიძლება თუ არა მოხალისეობითი ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
    მოხალისეობის შესახებ კანონის მიხედვით, მოხალისეობითი ხელშეკრულება იდება ზეპირად ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ვადით. ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით იდება, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
     


FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org