სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები და გამოწვევები...
 ამ საკითხებზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს ოლივერ რაისნერს ვესაუბრეთ.
 
ესაუბრა ლალი შალვაშვილი

ბატონო ოლივერ, „სამოქალაქო საზოგადოება", როგორც ტერმინი ხანგრძლივი დისკუსიის საგანია, თქვენ როგორ განმარტავთ?

ოლივერ რაისნერი – სამოქალაქო საზოგადოება ეს არის კოლექტიური აქტორი, კოლექტიური მოთამაშე. ქვეყნებისა და საზოგადოებების სპეციფიკიდან გამომდინარე იგი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარი იდეა ის არის, რომ იგი შუამავალი, შუა რგოლია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასოციაციების, პროფკავშირების სახით. რაც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს გამოხატოს თავისი აზრი ან აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა სფეროში – იქნება ეს რელიგიური გაერთიანება, პროფკავშირები, გარემოს დაცვა თუ სხვა სფერო, რომელსაც მოქალაქე საჭიროების მიხედვით ირჩევს.

ანუ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, საშუალება, რომ საზოგადოება ჩაერთოს სხვადასხვა სფეროს საქმიანობაში და თავისი მოსაზრება მიიტანოს ხელისუფლებამდე, ან ჩაერთოს დიალოგში?

ოლივერ რაისნერი – ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დიალოგისას საჭირო და აუცილებელია, რომ მხოლოდ საზოგადოების ერთი ფენის, ან ელიტების ინტერესები არ იყოს წარმოჩენილი, დიალოგის პროცესში საზოგადოების ყველა ფენა, ჯგუფი უნდა იყოს ჩართული.

თქვენ უკვე აღნიშნეთ. რომ  სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და ამას ბევრი რამ განაპირობებს, თქვენი აზრით, საქართველოში რას მიაღწია სამოქალაქო საზოგადოებამ...

ოლივერ რაისნერი – 1994 წელს, როდესაც ჩემი დისერტაციის მასალების მოსაგროვებლად ჩამოვედი საქართველოში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცოტა იყო. მაშინ ეს გასაგები იყო, რადგან საბჭოთა წყობა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც დამოუკიდებელ აქტორს, დამოუკიდებელ მოთამაშეს საერთოდ არ ითვალისწინებდა. 1994 წელს ჯერ კიდევ ძნელი იყო საბჭოთა მემკვიდრეობის გადალახვა. დღეს კი, სხვადასხვა სფეროში მუშაობენ სხვადასხვა შესაძლებლობების საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სფეროებისა და რეგიონების მიხედვით მათი განვითარების და შესაძლებლობის დონე სხვადასხვაა, მაგალითად, გარემოს დაცვის საკითხებში საკმაოდ ძლიერები არიან, სოციალურ სფეროში – ადგილებზე ძლიერები, ხოლო ამ სფეროში პოლიტიკის შემუშავების საკითხებში არც ისე. ყოველივე ეს, ჩემ გამოცდილებას, დაკვირვებას და სხვადასხვა კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.

ჩემი აზრით, საფუძვლიანად ჯერ კიდევ არ ვიცით რა დონეზეა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა კვლევა განვითარების ცალკეულ მიმართულებებს შეისწავლის. ერთ–ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეს საკმაოდ ძლიერია სახელმწიფო სტრუქტურები, სამოქალაქო საზოგადოება არც ისე ძლიერი, რომ თანაბარი დიალოგის მონაწილე იყოს. ამას სხვადასხვა პრობლემა, თუ მიზეზი განაპირობებს. ჯერ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან წევრობაზე დაფუძნებულნი, თავად ორგანიზაციები არ არიან მიჩვეულნი, რომ მოქალაქეები ჩართონ საქმიანობაში, ხოლო ამ უკანასკნელთ არ აქვთ უნარ–ჩვევები ჩაერთონ და გამოხატონ თავიანთი შეხვედულება. არადა, ჩართულობის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში უფრო ჩართულია მოსახლეობა, ვიდრე რეგიონებში, სადაც რესურსები შეზღუდულია და მოქალაქისთვის მთავარი საარსებო საშუალებების შოვნაა. შეიმჩნევა რეგიონების მიხედვით საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სხვაობაც, ამაზე ჩვენს კონკურსებზე შემოსული საპროექტო განაცხადებიც მეტყველებს, ანუ საიდან უფრო მეტი განაცხადი შემოდის. აქტიურია აჭარა, გურია, დანარჩენი რეგიონები ნაკლებად აქტიურნი.

თქვენი აზრით,  რა განპირობებს რეგიონების მიხედვით განვითარების სხვადასხვა დონეს? ასევე წევრობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სიმცირე ახსენეთ, რატომ ვერ ხერხდება რომ ამ მოდელზე დაფუძნებული ბევრი ორგანიზაცია იყოს?

ოლივერ რაისნერი – საჭიროა რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული. თუმცა ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ერთ–ერთი ისიცაა, რომ საქართველოში, ამ კუთხით გამოცდილება არ არსებობს, გავრცელებულია ისეთი სტერეოტიპი, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ უნდა იმოქმედოს და მიხედოს მოქალაქეს, და არა თვითონ მოქალაქემ მიხედოს საკუთარ თავს, თითქოს მოვა „პატრონი" და ჩვენს მაგივრად მოაგვარებს ყველაფერს. ეს დაკავშირებულია სამოქალაქო ცნობიერებასთან. არის კიდევ მთელი რიგი მიზეზები – სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები, როცა ადამიანი მთელი დღე მუშაობს, მას არ რჩება სხვა აქტივობისთვის რესურსი, არიან ისეთებიც, ვისაც სურვილი აქვთ რომ ჩაერთონ, მაგრამ არ იციან სად მივიდნენ, ან თვითორგანიზების უნარი არ აქვთ. ჯერ კიდევ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროსაც, 100 წლის წინაც, პრობლემური იყო წევრობის საკითხი, ამის შესახებ ჩემს დისერტაციაშიც დავწერე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყოველივეს ერთი კი არა, პრობლემების მთელი პაკეტი განაპირობებს, თუმცა მიმაჩნია, რომ დეტალურად ჯერ შესწავლილი ბოლომდე არ არის თუ როგორია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის კვლევები, მაგრამ იგი ცალკეულ მიმართულებებს ასახავს და არ არის ბოლომდე შესწავლილი სამოქალაქო საზოგადოების განწყობები, ღირებულებები.

მე–20 საუკუნის დასაწყისში კოოპერაციები იქმნებოდა, ისინი წევრობაზე იყო დაფუძნებული, არა?... თუ არ ვცდები თქვენ დისერტაციაში ამ საკითხსაც შეეხეთ?

ოლივერ რაისნერი – მე–20 საუკუნის დასაწყისში, სოფლებში იქმნებოდა კოოპერაციები, რომელიც მიმართული იყო იმ დროის ყველაზე მტკივნეული საკითხის მოსაგვარებლად, ეს იყო საზოგადოების თვითორგანიზების ფორმა. საერთო პრობლემური საკითხის ირგვლივ ფართომასშტაბიანი მოძარობები ჩამოყალიბდა, გავლენა იქონია იმანაც, რომ მაშინდელი ელიტებისა და გლეხების ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა. ფეოდალური საზოგადოების გარემოში უფრო აქტიური იყო სამოქალაქო საზოგადოება, ვიდრე 90–იანი წლების დასაწყისში, როცა გამოხატვის ყველაზე მთავარი ფორმა იყო მიტინგი, ან შიმშილობის აქცია, იმიტომ რომ სხვა ფორმები არ იცოდნენ. პრაქტიკულად ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ახლა უკვე დიფერენცირებული სამოქალაქო სექტორი არსებობს, რომელიც თანდათან იზრდება.

ქვეყნისა და საზოგადოების სპეციფიკა ბევრ რამეს განსაზღვრავს, ამის შესახებ ზევით ისაუბრეთ, მაინც ჩაგეკითხებით კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

ოლივერ რაისნერი – ერთ–ერთი მთავარი არის ღირებულებათა საკითხი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები სხვადასხვა ღირებულებებს შეიძლება ეფუძნებოდნენ, მათ შორის შეიძლება იყოს ღირებულებათა ჭიდილი, მაგრამ აუცილებელია იმ მექანიზმების დამკვიდრება, რომელიც დიალოგს უზრუნველყოფს. მაგალითად, დღეს ძლიერია სარწმუნოება, ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში და ა.შ. ეს და მსგავსი საკითხები აქტიურად უნდა შუქდებოდეს მედიაში. რა თქმა უნდა, როცა დიალოგზე ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრის ჩართვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. საზოგადოება გაძლიერდება ღირებულებათა ჭიდილისას კონფლიქტების გადალახვისა და შეთანხმებების მიღწევის გზით.

ბატონო ოლივერ, შეგიძლიათ დაგვისახელოთ სამი მთავარი ღირებულება, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს, თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება...

ოლივერ რაისნერი – სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მომთმენი  და ტოლერანტული, მას მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს არა მარტო ოჯახისა და ახლობლების წინაშე, არამედ სოფლის, თემის,მუნიციპალიტეტის, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე. ეს მხოლოდ სიტყვით კი არა საქმით უნდა გამოიხატებოდეს. მესამე და ასევე მთავარი მოქალაქეთა ჩართულობაა, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს სამოქალაქო საზოგადოება.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org