საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილება ქვემო ქართლში
ქვემო ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი თვალიაშვილს ვესაუბრეთ.
ესაუბრა მარიამ პატატიშვილი
აპრილი, 2013
 
თქვენ, როგორც ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორ შეაფასებთ ამ რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესებში, რამდენად აქტიურები არიან დღეს რეგიონალური ორგანიზაციები?
 
გიორგი თვალიაშვილი – ქვემო ქართლი, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, არ გამოირჩევა დიდი აქტიურობით ამ ეტაპზე. წლების განმავლობაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზეა საუბარი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მოღვაწეობენ სხვადასხვა რეგიონებში, ქვემო ქართლი არის ერთ-ერთი პასიური რეგიონი. მაგალითად რუსთავში შეიძლება გამოიკვეთოს სამი-ოთხი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციების უმეტესობა იქმნება ერთი რომელიმე კონკრეტული პროქტისთვის და მისი დასრულების შემდეგ როგორც წესი წყვეტენ საქმიანობას.
 
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რა არის პრობლემა?
 
გიორგი თვალიაშვილი – თბილისთან სიახლოვე ერთის მხრივ არის კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ - ცუდი. ძნელია დიდ გეოგრაფიულ არეალთან ჭიდილი. მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ქვემო ქართლი არის გეოგრაფიულად რთული მდებარეობის საკმაოდ დიდი რეგიონი. გარკვეულწილად შეიძლება ესეც ართულებს საქმიანობას.
 
რომელ ძირითად მიმართულებებზე მუშაობენ რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები? რეალურად ხდება თუ არა არსებული პრობლემის გადაჭრა განხორციელებული პროექტებით? რომელი სფეროს გააქტიურება საჭიროებს რეგიონი?
 
გიორგი თვალიაშვილი – რადგან ქვემო ქართლი არის ეთნიკურად ჭრელი რეგიონი, ძირითადად, არიან ეთნიკურ უმცირესობებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მოღვაწეობს არაერთი ორგანიზაცია განათლების კუთხით, ეს შეიძლება იყოს მაგალითად სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება, ბიზნეს-უნარების განვითარება, არაფორმალური განათლება. რეგიონში კარგი იქნება განვითარდეს დემოკრატიულობის კუთხით მუშაობა, რაც შემდგომ უკვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას გამოიწვევს და იმოქმედებს მესამე სექტორის, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების სფეროს განვითარებაზეც, რომელიც პოზიტიურად, ბუმერანგივით ბრუნდება კვლავ საზოგადოებაში.
 
რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციები პროექტების განხორციელების პროცესში? განსხვავებულია თუ არა ეს დაბრკოლებები მუშაობის სფეროების მიხედვით?
 
გიორგი თვალიაშვილი – ჩვენი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ კომუნიკაცია ორგანიზაციებს შორის არ არის, ასევე დონორებსა და ორგანიზაციებს შორის. გარკვეულწილად, ხშირად ხდება საქმიანობების გადაფარვა, რაც ერთმა ორგანიზაციამ გააკეთა, მეორეც იგივეს აკეთებს. ეს შეიძლება იქიდან იყოს გამოწვეული, რომ არ იციან ერთმანეთის საქმიანობის შესახებ, ან იციან, მაგრამ მარტივია სხვის მიერ გაკვალულ გზაზე სიარული.
 
არსებობს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის გამოცდილება, ხდება თუ არა მათი მხრიდან ხელშეწყობა?
 
გიორგი თვალიაშვილი – მოტივაცია იმისა რომ რაღაც გაკეთდეს, ჩანს არასამთავრობოების მხრიდან, სურვილს გამოთქვამს თვითმმართველობაც. თუმცა თანამშრომლობა სრულფასოვანი ვერ შედგა. ახალგაზრდული კუთხით მეტი აქტივობა ჩანს, რადგან მეტი ინიციატივა მოდის ახალგაზრდებიდან. თვითმმართველობასთან აქტიურად თანამშრომლობენ თითქმის მთელი ქვემო ქართლის მასშტაბით სკოლებში არსებული სამოქალაქო განათლების კლუბები. ესეც შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობოების სფეროს მიეკუთვნება, კლუბები შექმნილია პროექტის ფარგლებში. პროექტი გულიხმობს, რომ კლუბებმა ითანამშრომლონ თვითმმართველობასთან, და ერთობლივად, თანამშრომლობით მოაგვარონ არსებული პრობლემები. ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა არის გარდამავალი სიტუაცია, არ არის მდგრადობა. სათუაო პროექტების განხორციელება.
 
რამდენად დგას დაფინანსების მოპოვების პრობლემა რეგიონებში სამოქალაქო სექტორისთვის, ინტერესდებიან თუ არა ბიზნესის წარმომადგენლები საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტებით?
 
გიორგი თვალიაშვილი – რამდენიმე კომპანიასთან ხდება ერთობლივი, პარტნიორული თანამშრომლობა. ბიზნესს აქვს დამფინანსებლის როლი და მისი მიზანია როგორც აქტივობის ხელშეწყობა და სამოქალაქო განვითარებაში წვლილის შეტანა, ასევე ბიზნესის პოპულარიზება. სიქას ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება დაფინანსების მოპოვებას, პრობლემა ზოგადად არსებობს. ბევრი საგრანტო განაცხადი არ არის მიმართული ქვემო ქართლზე. განსაკუთრებით თუ ავიღებთ რუსთავს, ძალიან ცოტაა. ხშირ შემთხვევაში პრიორიტეტია უფრო შორი რეგიონები. რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცევა ქვემო ქართლს.
 
რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი რეგიონებში მცხოვრები ადამიანები სამოქალაქო საზოგადოებრივ სამიანობაში? რამდენად მაღალია ინფორმირებულობის დონე მოსახლეობაში?
 
გიორგი თვალიაშვილი – ჩვენ ორგანიზაციაში ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, წლიდან წლამდე როდესაც ორგანიზაციას არ ჰყავს კონკრეტული რომელიმე დონორი, ორგანიზაცია მუშაობს შეიძლება ითქვას სოციალური საწარმოს მსგავსი მოდელით. ორგანიზაცია ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ამ საქმიანობიდან შემოსული თანხა ხმარდება ისევ ორგანიზაციის მდგრადობას, გაძლიერებას. მოსახლეობას აინტერესებს ის პროდუქტი რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს ტრენინგის, სხვადასხვა მომსახურების სახით. ეს არის ერთგვარი კონტრიბუცია, რომ ორგანიზაცია გაძლიერდეს.
რაც შეეხება ინფორმირებულობას, ორგანიზაციებთან მიმართებაში 10 ბალიანი სისტემით მოსახლეობის ინფორმირებულობას 6-7 ბალით შევაფასებდი, მაღალი არ არის თუმცა ვიტყოდი რომ არც დაბალია.
 
როგორ აღიქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციას მოქალაქეები და ხდება თუ არა მოქალაქეების ინტერესებისა და პრობლემების სრულყოფილად გათვალისწინება რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ?
 
გიორგი თვალიაშვილი – პირველადი საჭიროება რეგიონში სოციალური პრობლემების მოგვარებაა, თუმცა ამ სფეროში საკმაოდ პასიურად მუშაობენ ქვემო ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. ძალიან ცოტა ორგანიზაციაა სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული. არასამთავრობოებს ძირითადად სერვის-პროვაიდერებად და დამხმარეებად აღიქვამს მოსახლეობა. აკითხავენ იმისათვის რომ მათთვის სასურველი საკითხის შესახებ ინფორმაცია, ცოდნა, სერვისი მიიღონ და გამოიყენონ.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org