რა შეიცვალა სექტორში არჩევნებიდან დღემდე...
რა ხდება სამოქალაქო სექტორში, რა შეიცვალა არჩევნებიდან დღემდე და რის მოლოდინშია სექტორი? ამ საკითხებზე ვესაუბრეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს.
ესაუბრა ლალი შალვაშვილი
აპრილი, 2013  
 
 
თქვენი აზრით, რას მიაღწია და რა აქვს მისაღწევი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საუბარი დავიწყოთ იმ მინუსებით და პლუსებით, რაც სექტორს აქვს... 
 
ეკა გიგაური – ეს საკმაოდ რთული კითხვაა. ყოველთვის  ვსაუბრობთ  მინუსებზე და პლუსებზე, მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის  ერთ–ერთი  დიდი პრობლემაა, რომ ისინი  გრანტებზე არიან დამოკიდებული.  ერთი მხრივ,  კარგია  რომ გაქვს გრანტი  და  პროექტი,  ან იკვლევ  რაიმეს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა რაღაც აქტუალურ საკითხზე რეაგირებაა საჭირო, შესაძლოა პრობლემის წინაშე აღმოჩნდე, რადგან გრანტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობა იმ მომენტში, შესაძლოა, სულაც  არ იყოს პრიორიტეტული და  სულ სხვა საკითხი შეიძლება იყოს აქტუალური, ეს ყოველივე  კი, დამატებით დროის  და ადამიანური რესურსების ხარჯვასთან არის დაკავშირებული.
 
თქვენ ამბობთ, რომ რომელიმე კონკრეტული პროექტის პრიორიტეტი  შეიძლება არ პასუხობდეს დროის მოთხოვნებს?  
 
ეკა გიგაური – რა თქმა უნდა. მაგალითად ჩვენ გვაქვს სამწლიანი პროექტი და სამი წლის წინ დაგეგმილი ღონისძიებები, შეიძლება, სულაც არ იყოს რელევანტური, თუნდაც ერთი წლის შემდეგ. მით უმეტეს საქართველოში, სადაც სიტუაცია ძალიან ხშირად იცვლება და შესაბამისად, ძალიან რთულია გათვალო,  რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. რამდენიმე წლით ადრე ეფექტური ადვოკარიტების კამპანიის გათვლაც არაა მარტივი ამოცანა.  თუმცა, ჩვენი ორგანიზაციისთვის  ეს არ არის პრობლემატური დაფინანსების  სტრუქტურისა და ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე. პროექტული აქტივობების გარდა, სხვა საქმეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენი საქმიანობის ზუსტად ნახევარი დაკავშირებულია ისეთ სამოქალაქო აქტივობებთან, რომელიც შეიძლება  არ იყოს  გათვალისწინებული არცერთ პროექტში.  ბევრ ახალ და  საინტერესო ინიციატივას მოხალისეობრივი საწყისებით ვახორციელებთ. შედარებით პატარა ორგანიზაციებისთვის პროექტებს მიღმა საქმიანობა სირთულეებთანაა დაკავშირებული.  
 
რა გამოსავალს ხედავთ? ყველამ ვიცით, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების თითქმის ერთადერთი წყარო საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციები არიან...  
 
ეკა გიგაური – გამოსავალი,  ჩემი აზრით, ის არის რომ ყველამ, თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს,  რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და სამოქალაქო საქმიანობაში მივიღოთ მონაწილეობა. ყველას – მეც, თქვენც, სხვებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის გარდა, უნდა გვაინტერესებდეს სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, მაგალითად, როგორიცაა გამწვანების, დასუფთავების თუ სხვა პრობლემები. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, ასეთი აქტივისტების ჯგუფების  გაძლიერებაზე.  ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან იშვიათია ბიზნესის ან მოქალაქის მიერ არასამთავრობოებისთვის დონაცია ან შემოწირულობა. 
 
არასამთავრობოების საქმიანობის ერთ–ერთ მინუსად სწორედ ბიზნესთან აუწყობელ თანამშრომლობას ასახელებენ, თუმცა დასძენენ, რომ ეს ორმხრივი პრობლემაა... 
 
ეკა გიგაური – ბიზნესმაც  ვერ ააწყო ასეთი ურთიერთობა სექტორთან. აქამდე ამას პოლიტიკური გარემოც განაპირობებდა, მაგალითად  ჩვენ კრიტიკული  არასამთავრობო ორგანიზაცია  ვართ  და შესაბამისად, არ მოისურვებდნენ ჩვენთან ურთიერთობას. ამის შესახებ  ვიღაცეებმა პირდაპირ  გვითხრეს კიდეც. ამას გარდა,  ვფიქრობ, რომ  მათ არ აქვთ გაცნობიერებული,  რომ  შეუძლიათ რაიმე გაუკეთონ იმ რაიონს და თემს, სადაც ისინი ცხოვრებენ . იქნება ეს  გარემოს დაცვა, თუ სხვა რამ, შესაძლოა  ეს მათი ინტერესი სულაც არ იყოს, მაგრამ ეს საკითხები გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე. მგონია, რომ გამოსავალი არის საინფორმაციო კამპანია, რომლითაც ყველას მივაწვდით ინფორმაციას, რომ ერთად უნდა ვიზრუნოთ ლოკალურ პრობლემებზე.  
 
ჩვენ გვქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, შევხვდით ასოციაციების წარმომადგენლებსაც და გვინდოდა გარკვეული თანამშრომლობა, იგივე ბიზნესის ანგარიშვალდებულების საკითხები წამოგვეწია, თუმცა მათ არანაირი ინტერესი არ გამოუხატავთ.  
 
საერთაშორისო  ორგანიზაციებსა და დაფინანსების წყაროებზე ვისაუბრეთ, მზად არის არასამთავრობო სექტორი, რომ თავად შესთავაზოს საერთაშორისო ორგანიზაციებს წინადადებები, თემატიკა, რათა პროექტულმა აქტივობებმა არ დაკარგოს აქტუალობა?  
 
ეკა გიგაური – ჩვენი დაფინანსება გვაძლევს, ასე ვთქვათ, „მოქნილობას", რადგან მენეჯმენტის და ფინანსური სტრუქტურა აწყობილი გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ ასე არ არის ყველა ორგანიზაციაში. შესაბამისად, მგონია, რომ დონორებმა  თავიანთ სტრატეგიას უნდა გადახედონ. თუ მათ უნდათ, რომ ძლიერი ორგანიზაციები კიდევ უფრო გაძლიერდნენ, კარგია, მაგრამ თუ უნდათ, რომ პატარა ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი თემის პრობლემებზე მუშაობენ, გაძლიერდნენ, უნდა იფიქრონ  პოლიტიკის გადახედვაზე. შეიძლება ეს, მათი მხრიდან მეტ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ გარკვეული შეკრული წრეა – იმისთვის რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა შემოწირულობები გაიღონ, არასამთავრობოებმა უნდა აჩვენონ, რომ მიზანს მიაღწიეს და ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომელთანაც ყოველდღიური შეხება აქვს მოსახლეობას. შეიძლება ეს იყოს წყალგაყვანილობის,  გზის მოწესრიგების, ან ნაგვის გატანის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადგილებზე იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ლოკალურ პრობლემებზე იმუშავებენ. ამისთვის მათ დაფინანსება სჭირდებათ. როცა ბიზნესი, ან მოქალაქე დაინახავს, რომ  მათ  რაღაც  საკითხი  მოაგვარეს,  მხარს დაუჭერენ და ხელს შეუწყობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დონორები შეცვლიან სტრატეგიას.  
 
ვფიქრობ, რომ რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებმა უკეთ იციან ადგილობრივი პრობლემები, ვიდრე მაგალითად მე. ეს მათი უპირატესობაა. შეიძლება მათ საგრანტო განაცხადი მოთხოვნების შესაბამისად ვერ დაწერონ და ამ მიმართულებით სამუშაო და ტრენინგებია ჩასატარებელი, მაგრამ მათ ლოკალური პრობლემები რომ უკეთ იციან ეს ფაქტია.  
 
თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორი საზოგადოებაზე? ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად სექტორის ცნობადობა მოკრძალებულია...  
ეკა გიგაური – თუკი  ვინმე  იტყვის, რომ წინასაარჩევნოდ  სამოქალაქო სექტორი სუსტი იყო, მას ნამდვილად არ დავეთანხმები, რადგან წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიეთ.  
 
მთელ სექტორზე საუბრობთ?
 
 
ეკა გიგაური – ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგრძნობდით რომ ვახდენდით გარკვეულ გადაწყვეტილებებზე და მიმდინარე პროცესებზე გავლენას, ამას ვხედავდით  ყველა,  ვისთანაც ერთად  ვთანამშრომლობდით. სექტორი გარკვეულწილად სუსტია, თუმცა მზაობა არის რომ ჩართონ ყველაფერში სამოქალაქო სექტორი.  
 
თუმცა სექტორის ჩართვის მცდელობები 2003 წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მოსვლი პირველ ეტაპზეც იყო... 
 
ეკა გიგაური – ეს ნამდვილად იყო. ახლა არ ვიცი და ვერ ვიტყვი, რომ სულ ასე იქნება, თუმცა გარკვეულ პროცესებზე გავლენას ახდენს ჩვენი საქმიანობა. რაც შეეხება ნდობას, ჩვენი ორგანიზაციის სამუშაოს დღის წესრიგსაც რომ შევხედოთ, არის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის  ყოველდღიურ  პრობლემას არ წარმოადგენს. ვცდილობთ ყოველთვის ისეთი  საქმე  ვაკეთოთ,  რაც  მოსახლეობას აწუხებს. თუ ავიღებთ საარჩევნო კანონმდებლობას ეს მნიშვნელოვანია,  მაგრამ მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი სადაზღვევო პოლიტიკაა, ამიტომ  გვაქვს  უფასო საკონსულტაციო ცენტრები და სადაზვევო საკითხებზეც ვმუშაობთ.  ჩემი აზრით,  სამოქალაქო სექტორის  მიმართ  ნდობა  ყოველ ჯერზე  მაშინ იზრდება, როცა ნდობა პოლიტიკური მხარეების მიმართ კლებულობს. ანუ, როდესაც მოსახლეობამ არ იცის ვის მოუსმინოს და სურს ექსპერტული მოსაზრება გაიგოს,.. საერთოდ ნდობაც სუბიექტურია. 
 
სამოქალაქო სექტორი საზოგადოების ყოველი წევრისთვის გარკვეული საშუალებაა, რომ თავისი ხმა, მოსაზრება მიიტანოს თუნდაც ხელისუფლებამდე. იყენებს ამ მექანიზმს მოსახლეობა და თუ არ იყენებს ხომ არ არის ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა? 
 
 
ეკა გიგაური – მოსახლეობა ამ  საშუალებას არ იყენებს , რადგან მათ ჰგონიათ რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც  რაღაც შედეგამდე  მივლენ. საეროდ,  ჩვენი მოქალაქეები პასიურები არიან. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სხვა საფიქრალი აქვთ – სოციალურს ფონს ვგულისხმობ.  მოქალაქეს რომ ჰკითხო  რა  შეიძლება  გააკეთოს  რომ დასაქმების დონემ  აიწიოს, გეტყვიან რომ ვერაფერს უშველიან.  ზოგადად  განწყობაა საზოგადოებაში,  რომ გარკვეული პოლიტიკური  ძალა მოვა და ის მოაგვარებს ყველაფერს. ასეთი მოლოდინი არ არის ჯანსაღი, მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩაერთონ ყველაფერში, არ შეიძლება ერთმა ადამიანმა შეცვალოს რამე.  
 
ამ ჭრილში როგორ ხედავთ არასამთავრობოების როლს?  
 
ეკა გიგაური –  ჩვენ წლების მანძილზე  ვცდილობთ აქტივისტების ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც ლოკალურ პრობლემებზე მოხალისეობრივ საწყისებზე იმუშავებენ. ვეხმარებით ინფორმაციის გავრცელებისა  და მათი  ხელისუფლებასთან მიტანის კუთხით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ ხალხის მობილიზება, რადგან უსასყიდლოდ რაღაცის გაკეთება მაინც პრობლემაა. ისინი ფიქრობენ, რომ ლოკალური პრობლემების მოგვარებაში საფასური უნდა მიიღონ. დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, არასამთავრობო სექტორს დონორები არ აფინანსებენ, ეს არის თვითორგანიზებადი ჯგუფები, რომლებიც რაღაცა მიზნისთვის იბრძვიან, რაც ძალიან კარგია.  
 
მართალია არჩევნებიდან ცოტა დრო გავიდა, სრულყოფილი ანალიზისთვის დრო საკმარისი არ არის, მაგრამ თქვენი აზრით, ერთი შეხედვით, სექტორში რა შეიცვალა?  
 
ეკა გიგაური – ბევრი რამ შეიცვალა. არჩევნებამდე იყო მიზანი, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულიყო, ადამიანებს ჰქონოდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ადამიანის უფლებების კუთხითაც  რთული ვითარება იყო.  არასამთავრობო სექტორში იყო განწყობა, რომ მათ აზრს არ იზიარებენ , მთავრობა დახურული იყო და ასე შემდეგ. ამის გამო მობილიზებული ვიყავით, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულიყო. ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ შეიცვალა სიტუაცია და ახლა ყველა სხვადასხვანაირად მოქმედებს და ფიქრობს. ზოგის აზრით, მეტი დრო უნდა მისცე მთავრობას, რომ რაღაც გააკეთოს და ასეთები თვლიან, რომ მიზანშეწონილი არ არის კრიტიკა. ნაწილი ფიქრობს, რომ სჯობს თავიდანვე იყოს ჯანსაღი კრიტიკა, რათა იგივე შეცდომები არ განმეორდეს. ასეთი დივერსიფიკაცია მოხდა სექტორში. თანაც სექტორიდან ნაწილი მთავრობაში გადავიდა სამუშაოდ. ვფიქრობ, რომ ნელ–ნელა დალაგდება სექტორი, რათა თავისი როლი ნახოს. ახლა ცოტა არეული სიტუაციაა.
 
თქვენ აღნიშნეთ, რომ სექტორმა თავისი როლი უნდა  იპოვოს, რას გულისხმობთ? რადგან აზრთა სხვადასხვაობაზე ისაუბრეთ, რას ფიქრობთ, სჯობს არ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება დღესვე თუ პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა უკეთესია?  
 
ეკა გიგაური –  ვფიქრობ, რომ კრიტიკა უმჯობესია და ეს ჩვენი საქმიანობიდანაც ჩანს. ზუსტად ახლა სჭირდებათ მათ კონსტრუქციული კრიტიკა. გვესმის, რომ ცოტა დრო გავიდა, რაც ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდა, მაგრამ ისეთი შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რომლის გამოსწორებაც მომავალში ძნელი იქნება. შესაბამისად,  ჩვენ ვფიქრობთ,  რომ არჩევნების შემდეგ ისევე უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა, როგორც არჩევნებამდე. რაც შეეხება როლს, სწორედ მონიტორინგს, პრობლემებზე მითითებას, კონსტრუქციულ კრიტიკას ვგულისხმობდი. აღმოჩნდა კიდევ ერთი დამატებითი საკითხი – მას შემდეგ რაც მთავრობამ გამოთქვა სამოქალაქო სექტორის ჩართვის სურვილი, აუცილებელია სამოქალაქო სექტორი დაჯდეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც რეკომენდაციებს ვაძლევდით მთავრობას და უნდა ჩამოაყალიბოს მისი განხორციელების გზებიც. ზოგ შემთხვევაში სექტორი პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.  
 
რატომ?  
 
ეკა გიგაური – იმიტომ, რომ როდესაც რეკომენდაციები კანონპროექტად უნდა ჩამოყალიბდეს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მართალი არ იყავი და შეიძლება არც იმუშაოს. აქ უფრო მეტი ექსპერტიზა გჭირდება კონკრეტულ საკითხებზე, პოლიტიკაზე, გეგმაზე უნდა იმუშაო, რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს.  
 
თუნდაც რეკომენდაციები ავიღოთ, მასზე ხომ ყოველთვის  პასუხისმგებელი იყო არასამთავრობო სექტორი? 
 
ეკა გიგაური – რა თქმა უნდა, ჩვენ ორგანიზაციას თავის დროზეც და ახლაც ამის პრობლემა არ აქვს, არც ექსპერტიზა გვაკლია და ნამდვილად ვცდილობდით და ვცდილობთ კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა და ვისაუბროთ.  
 
2003 წლის შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლება შესთავაზა არასამთავრობო სექტორს თანამშრომლობა და სხვადასხვა საბჭოებშიც მიიწვია. რა განსხვავებას ან მსგავსებას ხედავთ? 
 
ეკა გიგაური –  სხვებზე ვერ ვისაუბრებ და ჩვენი ორგანიზაციის მაგალითზე ვიტყვი. ყოველთვის – მაშინაც და ახლაც ვიყავით და ვართ ანტიკორუფციულ საბჭოში. ადრე ჩვენი ყოფნა ნომინალური იყო, ეტყობა, იმისთვის რომ ვიღაცისთვის ეთქვათ, რომ საბჭოში ვიყავით – არ გვქონდა საშუალება პოზიცია გაგვეტანა, არც იმის საშუალება იყო, რომ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ჩავრთულიყავით. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გვიგზავნიდნენ სტრატეგიის დოკუმენტს, რომლის განხილვას კი არა, წაკითხვასაც ვერ ვასწრებდით. ფაქტია რომ ეს ნომინალური ჩართვაა. ეხლა სხვა სიტუაციია – თავიდან ბოლომდე ჩართულნი ვართ პროცესში და თანამონაწილეები ვართ. არ ვიცი მომავალში როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ახლა ფორმალური ხასიათი არ აქვს თანამშრომლობას.  
 
წინა ხელისუფლებასთან გარკვეული არასამთავრობოების აფილირება მოხდა, ეხლა ამის საშიშროებას ხედავთ თუ არა?  
 
ეკა გიგაური – ასეთი საშიშროება ყოველთვის არის.  დასაწყისში რომ  ვახსენე – სექტორი უნდა გაერკვეს თავის  თავში–თქო, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ამ გამოწვევის წინაშე დგას სამოქალაქო სექტორი – შეიძლება გუშინდელი თანამებრძოლი მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდეს. უკვე  ვახსენე, ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს კრიტიკის დრო არ არის – ყველას თავისი არჩევანი აქვს.  
 
ის არასამთავრობოები, რომლებიც მოცდას ამჯობინებენ, ძლიერი ორგანიზაციები არიან? დიდია მათი გავლენა საზოგადოებაზე?  
 
ეკა გიგაური – ჩვენთან  უფრო მეტად ორგანიზაციები კი არა, ორგანიზაციების თანამშრომლები არიან პიროვნულად ცნობილი. როცა ლოიალობაზე ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი პიროვნებებს, ვინც სექტორიდან ახლა  გადავიდნენ  მთავრობაში. არამგონია ცნობილ ორგანიზაციებს ასეთი საკითხი დაუდგეთ.  
 
პოლიტიკური მოვლენები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე, თქვენი აზრით,  რა მიმართულებით შეიძლება შეცვალონ ან გადახედონ მათ არასამთავრობოების მიმართ პოლიტიკა?  
 
ეკა გიგაური – შეიძლება გადახედონ  მიმართულებებს. ერთი ტენდენცია, რაც არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა ის არის, რომ ყოფილმა სახელმწიფო მოხელეებმა, მინისტრის მოადგილეებმა, თუ სხვა თანამდებობის პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს და ნელ–ნელა გარკვეულ ნიშას იკავებენ. მართალი გითხრათ, მათ შორის ბევრი პატივსაცემი პიროვნებაა, რომლებიც  კანონდარღვევებში არ იყვნენ გარეულნი და ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკათებდნენ, თუმცა არიან ისეთი უწყებების ყოფილი თანამშრომლები, რომელთა მიმართაც ბევრი კითხვა არსებობს. ერთი მხრივ, ზოგადად, მათი გამოცდილება და ცოდნა კარგია –  თუნდაც რეფორმები ავიღოთ, ჩვენ იმდენი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, რაც მათ აქვთ. მეორე მხრივ, საუბარია ღირებულებებზე, ყველაზე ბუნებრივია არ ვსაუბრობ, მხედველობაში მყავს ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანის უფლებების საკითხებთან, მათ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ გარკვეულ საკითხებზე და არ აკეთებდნრენ ამას, ახლა კი არასამთავრობო სექტორიდან გეგმავენ ამის გაკეთებას, ამის გაგება ძნელია. შეიძლება კარგადაც გამოუვიდეთ, მაგრამ ვფიქრობ, გაუძნელდებათ ამის კეთება.  
 
როცა ასეთი კითხვები ჩნდება, შეძლებთ მათთან, თუნდაც კონკრეტულ საკითხზე თანამშროლობას?
 
ეკა გიგაური – როგორ არა. თუ შემოუერთდებიან ჩვენს განცხადებას, რომელიც მაგალითად სამსახურიდან უკანონოდ ვინმეს გათავისუფლებას, ან სხვა უფლებების დარღვევას ეხება, რატომაც არა. ადრეც ვამბოდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენს ინიციატივებსა თუ განცხადებებს რაც უფრო ბევრი შემოუერთდება,  მით უკეეთესი იქნება.  
 
დავუბრუნდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს მათი პროგრამები?  
 
ეკა გიგაური – ჩემი აზრით, სოციალურ პრობლემატიკაზე უფრო მეტს იმუშავებენ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებაზე მეტი აქცენტები უნდა გაკეთდეს. არ ვამბობ, რომ მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმა არ არის მნიშვნელოვანი – ამ მიმართულებით წინ სწრაფად მივდივართ – ეს დიდწილად დონორების დამსახურებაა და ასეთი საკითხებიც მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ სოციალური ფონი უნდა შეიცვალოს.  
 
ათბალიანი შკალით რა ნიშნით შეაფასებდით არასამთავრობოების საქმიანობას? 
 
ეკა გიგაური  – ჯამურად ხუთბალს დავუწერდი, დიდ ქალაქებში უფრო ძლიერი ორგანიზაციები არიან და მათ ცალკე 7 ბალს მივანიჭებდი, დაბებში და სოფლებში ალბათ 2–3 ბალს.  
 
შეგიძლიათ დაგვისახელოთ სამი ღირებულება, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს სამოქალაქო სექტორი... 
 
ეკა გიგაური – მიუკერძოებლობა, სამოქალაქო აქტიურობა, ანუ მოხალისეობრივი სულისკვეთება და სახელმწიფოებრივი აზროვნება და ეროვნული ინტერესების დაცვა.  
 
სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, ზოგ შემთხვევაში, გარკვეული ინფორმაციის გაუხმაურებლობასაც გულისხმობენ, თქვენ რას მოაზრებთ მასში?  
 
ეკა გიგაური – სახელმწიფოებრივი ინტერესი არის დემოკრატია, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ასე შემდეგ. სიმართლე და დემოკრატიული პრინციპები ეს სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესია.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org