საზოგადოებასთან ურთიერთობა–სექტორის მთავარი სისუსტე და უპირატესობაა
სამოქალაქო სექტორში არსებულ გარემოებებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალი ესაუბრა იურისტ თამარ გურჩიანს.
ესაუბრა ლალი შალვაშვილი
მაისი, 2013
 
ქალბატონო თამარ თქვენ მუშაობდით როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებში, ანუ თქვენ გქონდათ საშუალება გარედანაც დაგენახათ სექტორის პლუსები და მინუსები და შიგნიდაც...  
 
თამარ გურჩიანი – ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი სუსტია საქართველოში. „სისუსტეში" არ ვგულისხმობ არც ორგანიზაციულ განვითარებს, არც ხელისუფლებაზე გავლენას, მასში მოვიაზრებ საზოგადოებაზე სექტორის გავლენას. საზოგადოებასთან ურთიერთობა და გავლენა ერთის მხრივ, სექტორის მთავარ სისუსტესაც წარმოადგენს, მეორე მხრივ, მათთან კავშირი მთავარი უპირატესობაა. რაც შეეხება ხელისუფლებას, სექტორს მეტ–ნაკლები ზემოქმედება შეუძლია. 
 
თქვენ ახსენეთ ხელისუფლებაზე სექტორის მეტ–ნაკლები ზემოქმედება, რომელ წლებს გულისხმობთ? სექტორის მოღვაწეობა პირობითად სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს...
 
თამარ გურჩიანი – უფრო სტატუსკვოს შეფასება შემიძლია, ისტორია ჩემი კვლევის საგანი არასდროს ყოფილა. ხელისუფლებაზე ზეგავლენა შეგვიძლია მარტივად შევაფასოთ იმის მიხედვით, თუ რომელ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ. ეს უფრო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ვიდრე არასამთავრობო სექტორზე – ხელისუფლება თუ ღიაა არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ზეგავლენა აქვთ და პირიქით, როცა ხელისუფლება ძლიერი და ბიუროკრატიულია, ნაკლები ზეგავლენა. სამწუხაროა, რომ ყოველივე ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და არა სექტორზე.
პირველ კითხვას დავუბრუნდები, არასამთავრობოების ნაკლია, რომ მათ საზოგადოებასთან კავშირი გაწყვიტეს.
 
ჰქონდათ კი კავშირი?
 
თამარ გურჩიანი – ლეგიტიმური კითხვაა და ალბათ, იგი მთავარი ღერძია ჩვენი საუბრის, კავშირი არ ჰქონიათ. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მთავარი ნაკლია არასამთავრობო სექტორის. კამპანია „ეს შენ გეხებას" მაგალითზე ვისაუბრებ, არასამთავრობოების ძალა მაშინ გამოჩნდა, როცა კამპანიის ორგანიზატორებმა ხალხს მიმართეს და უთხრეს რომ ეს მათ ეხებოდათ, ამას დაერთო ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის სოციალური მედია, ტრადიციული მედია, რომელმაც კარი გაუღო და ესეც დაეხმარათ კამპანიის წარმართვაში. მაგრამ რეალური ძალა არასამთავრობო სექტორმა მაშინ აჩვენა, როცა მათ აღმოაჩინეს ხალხი, როგორც მის უკან მდგომი სუბიექტი. მართლა პარადოქსულია, რომ ხალხთან ურთიერთობა მათი სისუსტეც არის და სიძლიერეც, სწორედ ამას უკავშირდება სექტორის ლეგიტიმაციის, ცნობადობის და სხვა საკითხები.
 
კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეთ, თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდებოდა და ხერხდება ყოველთვის ასეთი ურთიერთობა?  
 
თამარ გურჩიანი – სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდეთ უნდა აღვნიშნო, რომ პლუსია ის, რომ ნორმალური ლიბერალური არასამეწარმეო კანონმდებლობა გვაქვს და არა ისეთი სამართლებრივი გარემო როგორიც მაგალითად რუსეთშია. ასევე პლუსი არის ის, რომ მრავალფეროვნებაა, რაც იმას უნდა მოასწავლებდეს, რომ სხვადასხვა სოციალური ფენა უნდა იყოს წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნება ადვილია და რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რაოდენობაც ამაზე მიუთითებს. მაგრამ საოცარია ის, რომ სინამდვილეში მრავალფეროვანი ჯგუფების რეპრეზენტაცია რეალურად არ ხდება, ფორმალურად კი, მაგრამ ფაქტობრივად არა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სექტორის დაფინანსების წყარო, იგი არ მოდის ხალხისგან, მათი კონსტრიბუციის წილი იქ არ არის. ის მოდის საერთაშორისო დონორებისგან, არასამთავრობო სექტორმა დახმარებაზე დამოკიდებულება გამოიმუშავა, შესაბამისად, ვინც გვაფინანსებს, ის გვინდგენს დღის წესრიგს და პასუხისმგებლობას მათ მიმართ ვგრძნობთ. ხოლო, სადაც ანგარიშვალდებულების გრძნობა არ არის, იქ ელემენტარული კავშირიც ქრება.
 
დღეს ერთადერთი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ხალხს შორის მაშინ მყარდება, როცა არასამთავრობო სექტორი კონკრეტულ სერვისს სთავაზობს. მაგალითად იურისტთა ასოციაციას აქვს უფასო იურიდიული სერვისი, ასეთ შემთხვევებში ხალხი კი არ არის წარმოდგენილი და მონაწილე პროექტისა, არამედ სერვისს იღებს.
 
მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ გულისხმობთ მხოლოდ პროექტულ აქტივობებში მოსახლეობის რაღაც ნაწილის ჩართვას?
 
თამარ გურჩიანი – ვგულისხმობ ისეთ მდგომარეობას, როცა ერთადერთი კავშირი, რომელიც ზევით ვახსენე, ამ ხალხის რეპრეზენტაციას კი არ მოიაზრებს, არამედ ხალხი წარმოდგენილია როგორც ბენეფიციარი და ხალხი ამ პროექტების მონაწილე არ არის, არადა მონაწილე უნდა იყოს. სწორედ ხალხის მონაწილეობით განსხვავდება არასამთავრობო სექტორი ბიუროკრატიისგან, ან ბიზნესისგან. მისი ინტერესი არ არის მოგება, მართვა, მისი ინტერესია კონკრეტული საზოგადოებისგან წამოსული და საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნელი საქმიანობა.
 
რა არის მიზეზი? რატომ ვერ ახერხებს სექტორი დონორების დონაციის ალტერნატიული ფინანსების მოძიებას? საზოგადოების დამოკიდებულებაც ხომ არ არის გადამწვეტი? ხშირად ისმის რომ არასამთავრობო სექტორი ერთგვარად ჩაკეტილი წრეა და ა.შ.
 
თამარ გურჩიანი – ჩვენი საზოგადოება არ არის ქსენოფობიური, რომ ყველანაირი დახმარება გრანტის ჭამად მონათლოს და მოსთხოვოს ხელისუფლებას მისი აკრძალვა. თუმცა საერთაშორისო დონაცია არის ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ამ გაუცხოებას. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა დავაბრალებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენ მათი მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ მხარს გვიჭერენ. ეს არის არასამთავრობოების პრობლემა და მათი დანაშაული – ვგულისხმობ იმას, რომ ხალხისგან გაუცხოებას ახერხებენ. გაუცხოება სერიოზული რისკი, საფრთხეა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამ გაუცხოებას შეიძლება მიყვეს ის ღირებულებები, რომლებსაც ვდარაჯობთ და რომლის უზრუნველყოფასაც საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რომ დახმარება არის უცხოური, შესაძლოა, მოსახლეობას აფიქრებინებდეს, რომ მათი მხარდაჭერილი ინიციატივები თავსმოხვეულია და ეროვნულ დონეზე ლეგიტიმური არ არის. იმისთვის რომ ყოველივემ ეროვნულ დონეზე შეიძინოს ლეგიტიმურობა, არასამთავრობოებმა მაქსიმალურად უნდა მოახერხონ და ამ ადამიანებს საკუთრების გრძნობა გაუჩინონ და აუხსნან, რომ თავს მოხვეული არაფერია.
 
თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი საშიშროება და ასეთი განწყობები არის მოსახლეობაში?
 
თამარ გურჩიანი – არის, ამას კვლევებიც ადასტურებს. არასამთავრობოების პასუხისმგებლობაა, რომ ადგილობრივსა და გლობალურს შორის მცირე ზღვარი ხალხს დაანახონ, რათა საერთაშორისო დახმარების მიმართ ხალხს სკეპტიციზმი გაუქრეს. სკეპტიციზმი არის მოსახლეობაში. საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ცნობადობა დაბალია, სექტორის გავლენაზე მას მერე უნდა ვისაუბროთ, როცა შევთანხმდებით, რომ ხალხმა იცის ბოლოს და ბოლოს რა არის არასამთავრობო სექტორი. თუკი ხალხი ფიქრობს, რომ ლეიბორისტული პარტია არასამთავრობო სექტორია, აღნიშნულმა კვლევამ ეს აჩვენა, მაშინ სიღრმისეულ დისკუსიაზე პრეტენზიაც აღარ უნდა გვქონდეს. ყველაფერი მთლიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ – ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ღიაა, საგანგაშო არაფერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს თუ არ არის საგანგაშო, ხვალაც ასე იქნება. საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, საეჭვო განათლებისა და რეპუტაციის მქონე ადამიანები კარგად ახარხებენ მოსახლეობის მანიპულირებას და ქსენოფობიური გრძნობების გაღრმავებას. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, საერთაშორისო დახმარებები კი არ უნდა ჩავაცვლოთ მთლიანად, რაღაცნაირად მათ მხარდაჭერას უნდა შევუერთოთ მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერაც.
 
არასამთავრობო ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ ფინანსების მოძიების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება კონკრეტული ადამიანის შემოწირულობას. შესაძლოა ყოველი ადამიანისგან შემოწირული 2 ან 5 ლარი არასამთავრობოების ბიუჯეტს არც დაეტყოს, მაგრამ თუ ერთი ორგანიზაცია 1000 ადამიანს შეკრებს და მათგან შემოწირულობას მიიღებს კონკრეტული აქტივობისთვის – ეს მას ლეგიტიმაციას და თავდაჯერებულობას შესძენს. თუ ამაზე არ გადავიდა არასამთავრობო სექტორი, დახმარებაზე დამოკიდებულების მენტალობა უფრო გაღრმავდება და ასე ვთქვათ, ინერტული და უმოქმედო გახდება, შესაბამისად, მისი ეფექტიც ნაკლები იქნება. ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო დახმარებაც არ არის ამოუწურავი რესურსი, დროთა განმავლობაში ისიც ისე შეწყდება, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა.
 
თქვენი აზრით, მზად არის არასამთავრობო სექტორი იმისათვის, რომ საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებს  ის საკითხები შესთავაზოს , რომელიც ხალხს აწუხებს და აინტერესებს... ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხანდახან საუბრობენ, რომ ორგანიზაციები ვერ ახერხებენ თანაბარ საუბარს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროექტების საგრანტო განაცხადებზე მორგება უწევთ....
 
თამარ გურჩიანი – დონორები საჭიროებების კვლევის საფუძველზე აცხადებენ პრიორიტეტებს და ისინი აგებენ პასუხს რომ რელევანტური იყოს იგი. არასამთავრობოები არ არიან პროაქტიულები, რომ გამოიკვლიონ რეალური საჭირობები და რიგ შემთხვევაში ურჩევნიათ მოერგონ საკონკურსო განაცხადს.
 
მეორე საკითხია,  თვითონ მოსახლეობამ იცის რა საჭირობები აქვს? ან არასამთავრობო სექტორმა იცის რა სჭირდება მოსახლეობას? სწორედ აქ გვჭირდება სექტორის პროაქტიულობა, პრიორიტეტიზაციის უნარი. საწუხაროდ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მედია თუ რა გვინდა, ამიტომ არის შესაძლებელი, რომ ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია ტაივანში ან სხვაგან დახარჯოს ფული, მაშინ როცა გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით ყოველი მეოთხე ბავშვი სიღატაკეში ცხოვრობს. მაგალითად, სახელმწიფო სახსრების გადანაწილება, განკარგვა სახელმწიფოს პრეროგატივაა, ჩვენ გვაქვს მონაწილეობის მიღების უფლება, მაგრამ მონაწილეობს ხალხი ამ საქმეში, ან მათი ინტერესი არის ასახული? მოსახლეობა თვითონ გაურკვევლობაშია.
 
გაურკვევლობაში რას გულისხმობთ?
 
თამარ გურჩიანი –  მაგალითად ყველამ იცოდა როგორ იხარჯებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები. რეალურად ხალხს არ ჰქონია პროტესტი, რა გააკეთა არასამთავარობო ორგანიზაციებმა ინფორმაციის მიწოდების გარდა, დაარწმუნა თუ არა მოსახლეობა რომ ეს არ იყო სწორი? რადგან ორგანიზაციებსა და ხალხს შორის  იტერაქცია არ არის ღრმა, თან ბევრი ადამიანი ისეთი ეპოქიდან მოდის, სადაც ინდივიდს არაფერს ეკითხებოდნენ, ამიტომ პრიორიტეტებისა და საჭირობების გადამუშავებაც არასამთავრობოების პასუხისმგებლობაა, რეალური სამუშაო ეს არის.
 
რა საკითხიც წამოჭერით, ეს უფრო ფართო პრობლემაა და მხოლოდ ერთი სექტორის, ასე ვთქვათ „საზღვრებს" სცილდება...
 
თამარ გურჩიანი – რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორიც მოსახლეობის ნაწილს წარმოადგენს. მას აქვს პრიორიტეტების პრობლემა, ხალხს აქვს იდენტიფიცირების პრობლემა. რასაც მე ვამბობ შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტება, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს მოსაზრება, რომ თავდაცვის სეფროს დაფინანსება უფრო პრიორიტეტულია, მე მიმაჩნია, რომ  უფრო მნიშვნელოვანია ბავშვთა განათლება, მათი სოციალური დაცვა და ასე შემდეგ. ვიღაცა ხომ უნდა დაფიქრდეს ამ საკითხებზე,? ჩვენ ძირითადი საჭიროებების ეტაპზე ვართ.
 
თქვენ ისაუბრეთ არასამთავრობო სექტორზე, რომელსაც ნაკლები იტერაქცია აქვს საზოგადოებასთან, თვითონ ხალხი რატომ არ იყენებს საშუალებას და არ ქმნის ორგანიზაციებს, რომლის მეშვეობითაც თავის საჭირობებს, მოსაზრებებს გააცნობს თუნდაც ხელისუფლებას. სექტორი ხომ, ასე ვთქვათ, გარკვეული გზაა, საშუალებაა თუნდაც ამისთვის, რატომ ვერ ხერხდება ეს?
 
თამარ გურჩიანი – ხალხი არასამთავრობო ორგანიზაცია აღიქვამს მხოლოდ როგორც სერვისის მიმწოდებელს და ელის რომ კონკრეტულ რაღაცას გაუკეთებს. ეს თავშივე მცდარი აღქმაა. მენეჯმენტში არის ასეთი თეზა, რომ ლიდერი ქმნის ლიდერებს. კარგი მენეჯერი ის არის, ვინც დაქვემდებარებული ადამიანისგან ლიდერს ქმნის და არა სულითმორჩილ ადამინებს. ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციებშიც, კარგი არასამთავრობო ორგანიზაცია ის არის, რომელიც სხვა ძლიერ მოთამაშეებს ქმნის სექტორში, რომელიც ასწავლის როგორ მოაგვარონ პრობლემები. რა თქმა უნდა, ხალხმაც უნდა შეიცვალოს ეს პოზიცია, უნდა  გააქტიურდეს და თავდაჯერებული გახდეს.
 
ქალბატონო თამარ, თქვენ ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ძლიერი საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი არც ერთ ხელისუფლებას არ სჭირდება. რას გულისხმობდით?
 
თამარ გურჩიანი – ხშირად მოგვისმენია სხვადასხვა თანამდებობის პირების რიტორიკა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელიო, უნდა დავაფინანსოთო და ა.შ. არასამთავრობოების საქმეებში ჩაურევლობა და ხელის არშეშლა – ეს არის ერთადერთი ხელშეწყობა, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს. ხელის არშეშლაში ვგულისხმობ კანონმდებლობას, რაც შეეხება არასამთავრობოების განვითარებას, ეს სახელმწიფოს მოვალეობა არ არის. რეალურად თუ ვიმსჯელებთ და ხელისუფლების ინტერესებიდან გამოვალთ, მას არ აწყობს აქტიური მოქალაქე. სახელმწიფოს კი პირიქით, ძლიერი ინდივიდი სჭირდება, არცერთ ხელისუფალს არ აწყობს რომ მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ უფლებები, ინტერესების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ და მუდმივად მათი  კონტროლქვეშ იყოს.
 
თქვენი აზრით ეს ყველა ქვეყანაში ასეა, თუ – მხოლოდ განვითარებად ქვეყნებშია, სადაც დემოკრატია საკმაოდ მყიფეა?
 
თამარ გურჩიანი – რაც უნდა კარგი ხელისუფლება იყოს თავისი ნებით არ დაუშვებს ალტერნატიული კონტროლის მექანიზმებს. კარგი ხელისუფალი რუსეთის მსგავსად რეპრესიულ მექანიზმებს არ შემოიღებს, მაგრამ არც იმით იქნება კმაყოფილი, რომ ყოველდღე საზოგადოების წნეხის ქვეშ იყოს. დავუბრუნდები  წინა კითხვას და იმას თუ რას გულისხმობდი ხელის არშეშლაში  – ­­ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. მათ შორის ქველმოქმედებასთან დაკავშირებული რეგულაციები დახვეწას საჭიროებს და შეღავათები რომ შემოვიდეს ქველმოქმედების კულტურასაც შექმნიდა და განავითარებდა. მაგალითად კიდევ ერთი საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციას დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დამხარე საქმიანობაა და მოგებას არ ღებულობენ, მაინც ჩვეულებრივი რეჟიმით იბეგრებიან. ესეც გადასახედია.
 
ბევრი ისეთი რუტინული საგადასახადო საკითხია მოსაგვარებელი, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მუშაობა უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ საკითხებში ვხედავ სახელმწიფოს როლს, რასაც განვიხილავ როგორც ხელის არშეშლას.
 
არჩევნების შემდეგ შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, სავარაუდოდ საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეცვლიან თავიანთ მიმართულებებს, თქვენი აზრით როგორი იქნება ეს ცვლილება?
 
თამარ გურჩიანი – უშუალოდ რაიმე ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ლოგიკურია რომ ეს ასე მოხდეს. მაგალითად საარჩევნო ინფრასტრუქტურა ჩვენთან მეტნაკლებად გამართულია, ამ დროს პაკისტანში, სადაც სულ ახლახანს ჩატარდა არჩევნები და 40 პოლიტიკური სუბიექტი მოკლეს და არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი ძალადობაა, უფრო მეტი პრობლემები და ბუნებრივია, რომ ისინი უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ. სწორედ საჭიროების მიხედვით განსაზღვრავენ საერთაშორისო ორგანიზაციები პრიორიტეტებს – სადაც უფრო სჭირდებათ მათი დახმარება – იქ მიდიან. თუკი ჩვენ ქვეყანაში საარჩევნო მონიტორინგის წარმათვა უპრობლემოდ მოხდება, საერთაშორისო დახმარება წავა სხვა ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით უფრო მეტი დახმარებაა საჭირო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სულ დატოვებენ ქვეყანას, მაგრამ დაფინანსება აუცილებლად დაიკლებს. ჩვენ ამ დაფინანსების კლებას უნდა შევხვდეთ ფონდების მოძიების რაღაც მექანიზმით. ორგანიზაციებს მოუწევთ მიმართონ მოსახლეობას და აუხსნან თუ რა მნიშვნელობა აქვს არასამთავრობოების დაფინანსებას, თუნდაც აუხსნან, რომ სექტორი აქტიურად იმუშავებს, რათა მაგალითად პარლამენტმა უფრო კარგი კანონები და გადაწყვეტილებები მიიღოს და ასე შემდეგ.
 
დაფინანსების კიდევ ერთი რესურსი – ბიზნესი, თქვენი აზრით, რატომ არ აეწყო ბიზნესის და არასამთავრობოების თანამშრომლობა?
 
თამარ გურჩიანი –  იმის თქმა რომ რაღაც ურთიერთობა არ არსებობს სწორი არ იქნება, ბიზნესი ჩართულია ქველმოქმედებაში, გააზრებული აქვს სოციალური პასუხისმგებლობა. აქ დგას რამდენიმე საკითხი – თავისუფალია ბიზნესი? ან წესები, რომელიც ბიზნესისთვის არის დადგენილი არის საზოგადოებაზე ორიენტირებული? – მე არ ვამბობ, რომ ეს წესები მთლიანად უგულებელყოფს საზოგადოების ინტერესებს, მაგრამ ბიზნესსაც თავისი განვითარების ეტაპები აქვს და საკითხავია არის თუ არა იგი იმ საფეხურზე, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს გულისხმობს,  მეორე – ბიზნესი სახელმწიფოს წნეხისგან თუ არ გათავისუფლდა , ის ვერ მიიღებს თავისუფალ გადაწყვეტილებას.
 
თქვენ როგორ თვლით, არის წნეხის ქვეშ ბიზნესი?
 
თამარ გურჩიანი – რასაც ვხედავ იმაზე დაყრდნობით  ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბიზნესი ახალ მფარველს ეძებს. ვიცი რომ ეს მკაცრი შეფასებაა.  
 
ხელისუფლებლებასა და არასამთავრობოებს შორის თანამშრომლობამზე ვისაუბროთ, წინა ხელისუფლებამაც მოღვაწეობის დასაწყისში და ახალმა ხელისუფლებამაც გარკვეულ საბჭოებში მიიწვია სექტორის წარმომადგენლები, წინა ხელისუფლების დროს გარკვეული ორგანიზაციების აფილირება მოხდა ხელისუფლებასთან, ახლა ხედავთ ასეთ საშიშროებას?
 
თამარ გურჩიანი – ჩემდა გასაკვირად ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხის მიმართ არ არის მგორძნობიარე. თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობ, ბუნებრივია იმ საკითხის მიუკერძოებელი დამკვირვებელი ვეღარ იქნები. თუმცა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ახერხებენ ბალანსის დაცვას – ერთის მხრივ, ისინი ინფორმაციას იღებენ და ჩართულნი არიან მუშაობაში, მეორეს მხრივ, ისინი არ იღებენ მონაწილეობისთვის დაფინანსებას. ამიტომაც ინარჩუნებენ მიუკერძოებლობას.
 
დაგვისახელეთ სამი ღირებულება, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს არასამთავრობო სექტორი...
 
თამარ გურჩიანი – კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება – ეთიკური სტანდარტების დაცვა.  
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org