საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედიიის თვალით
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალი ესაუბრა გაზეთ „ბათუმელების" რედაქტორს ეთერ თურაძეს.
ესაუბრა ლალი შალვაშვილი
ნოემბერი, 2013

როგორ შეაფასებდით საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას? მედიას გარკვეული სიახლოვე აქვს სექტორთან, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მედიის წარმომადგენლის შეფასება.... როგორ მოჩანს სექტორი გარედან?

ეთერ თურაძე – კონკრეტული მაგალითით ვიმჯელებ, თუ როგორ ხედავს კონკრეტული მედია ორგანიზაცია და მე, როგორც ერთი ჟურნალისტი, ამ სექტორის როლს და როგორია ჩვენი დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენთვის – ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით ჩვენი საქმიანობის იმ ნაწილში, როდესაც გვჭირდება კომპეტენტური ადამიანების მოსაზრებები. ისინი არიან მიუკერძოებლები სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, ეს ადამიანები ინფორმირებულნი არიან და მათთან არ არის საჭირო იმის განმარტება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ საკითხის შეფასებას, კომენტარს.

რაც შეეხება კონკრეტულ ჩვენ მედია საშუალებას, უფრო ღრმა მხარდაჭერაც გვაქვს, მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლების განმავლობაში გვიწევდა სამართლებრივ დახმარებას, კონსულტაციას, წარმოგვადგენდა სასამართლოებში, მაშინ როცა მოსაკრებლის თანხაც არ გვქონდა და არ გვქონდა შესაძლებლობა რომ ადვოკატი დაგვექირავებინა. თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. აქედან გამომდინარე ჩემთვის, როგორც მედიის წარმომადგენლისთვის, ჟურნალისტისთვის ეს სექტორი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სხვა მხრიდანაც ვხედავ მის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარების მიმართულებით, ამ კუთხით სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც, ჩემი აზრით, ასევე სჭირდება განვითარება.

თქვენ ახსენეთ, რომ სექტორსაც სჭირდება განვითარება, რას გულისხმობთ? თქვენ ისაუბრეთ კონკრეტულ მედიასაშუალებასა და სექტორს შორის არსებულ დამოკიდებულებაზე, ძირითადად დადებით კონტექსტში, მოდით ვისაუბროთ რა პრობლემებს ხედავთ სექტორის საქმიანობაში და როგორ უნდა განვითარდეს...

ეთერ თურაძე –ერთ–ერთი გამოწვევა, რომელიც საზოგადოებრივი სექტორის წინაშე დადგება ესაა საზოგადოების მხრიდან გარკვეული ტენდენციაა, მე ვხედავ, რომ სექტორის მიმართულებით უფრო მეტი კრიტიკა წამოვიდა ბოლო პერიოდში, ვიდრე მანამდე იყო. უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ იგი პერიოდულად აქტიურდება. თუ ისევ რეგიონის მაგალითზე ვიმსჯელებთ ამის მაგალითი სულ ახლახანს გვქონდა ბათუმში – დიდი ტალღა იყო არასამთავრობო სექტორის კრიტიკის. ამ საკითხზე მედია აქტიურად მუშაობდა. მოხდა ჯგუფის გამოცხადება მოღალტეებად. ამაზე ლექსიც გამოქვეყნდა, სათაურით „გოგოებო და ბიჭებო არასამთავრობო სექტორიდან", რომელშიც უწოდებდნენ უცხო, ფულზე გაყიდულ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან ეროვნულ ინტერესებს, ტრადიციებს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, პრობლემაა ის, რომ სექტორმა ვერ მოახერხა თავისი ნამდვილი მიზნების და დანიშნულების არსის მიტანა საზოგადოებამდე, ის არ არის ბოლომდე ღია და გარკვეული ჩაკეტილი წრე არსებობს, ვინც იცის სექტორის შესახებ, მე ასე ვხედავ. ანუ კავშირი არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის არ არის ძლიერი, სუსტია. ამ რეგიონში არის შემთხვევები, როცა გამოკითხვისას შესაძლოა რომელიმე პოლიტიკოსზე თქვან, რომ იგი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. არიან სექტორიდან ადამიანები, ვისაც საზოგადოება იცნობს, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი ის ორგანიზაციები, რომელშიც ისინი მუშაობენ ან ხელმძღვანელობენ. მე მგონია რომ ეს სექტორის პრობლემაა და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათი მიზნები.

თქვენი აზრის რა არის მიზეზი, რომლის გამოც სექტორი ვერ ახარხებს თავისი მიზნის ხალხამდე მიტანას?

ეთერ თურაძე – ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად ადამიანური რესურსების ნაკლებობა. ისევ რეგიონის მაგალითით თუ ვისაუბრებთ, დიდი ორგანიზაციებისგან განსხვავებით რეგიონის ორგანიზაციებში რესურსების თვალსაზრისით სხვა მდგომარეობაა, აქ მცირეკონტიგენტიანი ორგანიზაციები.

თქვენ აჭარაში მომუშავე ორგანიზაციები გაქვთ მხედველობაში, თუ ბათუმის ორგანიზაციებს გულისხმობთ?

ეთერ თურაძე – ბათუმის იქით საკმაოდ მწირია არასამთავრობო სექტორი, აჭარას ვგულისხმობ როცა მწირ რესურსზე ვსაუბრობ. ალბათ მათ არ ჰყოფნით რესურსები – არც ფინანსური და არც ადამიანური, და ალბათ, მათ მიერ კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებული ვალდებულებები იმდენად მასშტაბურია და ძნელია, რომ ისინი ვეღარ ახერხებენ, რომ საზოგადოებას მიზნები გააცნონ. ჰყავთ კონკრეტული სამუშაო ჯგუფი, ვისთანაც მუშაობენ და სხვა ადამიანებთან, ჯგუფებთან მუშაობას ვერ ახერხებენ. ვიცი რომ ძალიან ბევრს მუშაობენ და დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ნაკლებად არიან ცნობილნი საზოგადოებაში. მეორე მხრივ, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და არასამთავრობო სექტორის არსი საზოგადოებისთვის ახალია. 20 წელი, ალბათ, არ არის საკმარისი, რომ ადამიანებმა გაიგონ კარგად ამა თუ იმ სექტორს რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, შესაძლოა ზოგადი განათლების პრობლემაც არის.

ანუ თვლით, რომ ეს ორმხრივი პრობლემა შეიძლება იყოს: საზოგადოებისაც და სექტორისაც?

ეთერ თურაძე – მე ესე ვხედავ, თუმცა მგონია, რომ პირველი ნაბიჯი არასამთავრობო სექტორმა უნდა გადადგას იმ ბარიერის მოსაშლელად, რომელიც საზოგადოებასა და სექტორს ჰყოფს.

რეგიონის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, თქვენი დაკვირვებით როგორია ტენდენცია – იკლო თუ იმატა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გააქტიურდნენ თუ პირიქით...

ეთერ თურაძე – სტატისტიკურად ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მაგრამ რეგიონში აქტიური, პროცესებში ჩართული 7–8 ორგანიზაციაა. ახლა რამდენიმე ორგანიზაცია გაჩნდა, რომელიც აქტიურობს, ერთი–ორი ახალგაზრდული ორგანიზაციაც შეიქმნა, მაგრამ მათი აქტივობა მხოლოდ ორგანიზაციის შექმნის განაცხადით შემოიფარგლა ჯერჯერობით. ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების წინ მუშაობდნენ, ისევ აგრძელებენ მუშაობას, ვერც იმას ვიტყვი, რომ მათი მუშაობის ხარისხი გაიზარდა ან შემცირდა, იგივე დონეზე არიან, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში. მაგრამ თუ გავიხსენებთ ასლან აბაშიძის პერიოდს, მასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ სექტორის წარმომადგენლობა რეგიონში.

თქვენ ახსენებთ, რომ 20 წელი საკმარისი არ არის, რომ მოსახლეობას კარგად გაეგო სექტორის არსი და სექტორი პროექტების ფარგლებში კონკრეტულ ჯგუფებთან მუშაობს, ვისთანაც მუშაობენ იმ ადამიანებს ხომ აქვთ ინფორმაცია სექტორის შესახებ, ისინი რატომ არ ქმნიან თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს... ეს ხომ არის ერთგვარი გზა, საშუალება რომ დაიწყო ადვოკატირების ან მონიტორინგის კამპანია და თანაც უფრო უკეთ გააკეთო, ვიდრე ერთმა ადამიანმა...

ეთერ თურაძე –ადამიანს, რომელმაც ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც არასამთავრობო სექტორი ჰქვია, შეიძლება გაუჩნდეს სურვილი დაეხმაროს სხვა ადამიანებს, მაგრამ ამას სჭირდება სათანადო ცოდნა, გამოცდილება, იგივე ფინანსების მოძიების უნარები.

სხვათა შორის, როცა ახლახანს არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ტალღა წამოვიდა, გვინდოდა რომ მიგვეწოდებინა მკითხველისთვის სექტორის შესახებ ინფორმაცია და ჩავწერეთ არასამთავრობო სექტორის ერთ–ერთი პირველი წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული უნარ–ჩვევები რომ მიიღოს არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში მონაწილეობა. ეს შეიძლება ისწავლო. მარტო სურვილი არ კმარა, ანუ ამას სჭირდება გარკვეული უნარ ჩვევები. ამას ან სწავლობ გარკვეულ ორგანიზაციებში რიგითი მოხალისის სტატუსით და იწყებ ჩამოყალიბება–განვითარებას, ან ძალიან ნიჭიერი ხარ და დამოუკიდებლად ახარხებ ყოველივეს.

ადამიანები, ვინც სექტორის სერვისით სარგებლობენ, რეგიონის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გარკვეულწილად სხვადასხვა მიმართულებით დათრგუნული ადამიანები არიან. ავიღოთ მაგალითად დემოკრატიის ინსტიტუტი, რომელიც არასრულწლოვანი პატიმრების უფლებებზე მუშაობს, ძალიან ძნელი იქნება, ალბათ, რომ ეს ბენეფიციარები ისე გათავისუფლდნენ თავისი პრობლემებით, რომ მერე შეძლონ სხვების დახმარებაზე ფიქრი ან დაეხმარონ სხვებს. საიას შემთხვევაშიც ასეა – როცა მიდიხარ სულ რიგი დგას ადამიამნების, მათ ფინანსები რომ ჰქონდეს კერძო ადვოკატს მიაკითხავდნენ. აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი პრობლემებით არის დატვირთული, მეორე ადამიანზე ფიქრის დაწყება უჭირს. თუმცა საზოგადოებრივი აქტივობის საკითხი შეიძლება ჩვენი ქვეყნის კულტურის ნაწილიც იყოს, ანუ გვაქვს თუ არა საზოგადოებრივი აქტივობის კულტურა, ჩემი აზრით, ამის დეფიციტი გვაქვს. გარდა ამისა, გადავხედოთ შემოწირულობებს, არასამთავრობო სექტორი ძირითდად ფინანსდება უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან. არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როცა ვინმემ შესწირა არასამთავრობო ორგანიზაციას თანხა, ან გარკვეული აქტივობებისას გვერდით დაუდგა, ეს ალბათ, კულტურის მაჩვენებელია, რომელიც ასევე საჭიროებს დახვეწას.

თქვენი აზრით, ახდენს გავლენას საზოგადოებაზე არასამთავრობო სექტორი? საზოგადოებასა და სექტორს შორის ურთიერთობა არც ისე მყარია, მეორე მხრივ, მედიის გავლით სექტორის მოსაზრებები, შეხედულებები მიდის საზოგადოებამდე, როგორ შეიძლება ყოველივე შეფასდეს?

ეთერ თურაძე – მგონია, რომ მაინც აქვს გავლენა საზოგადოებაზე, რადგან ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები მაინც ახერხებენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივ აზრს ჩვენ და სხვა ქვეყნებშიც, ალბათ კონკრეტული ადამიანები ქმნიან, მით უმეტეს, ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია განვითარებადია. ამიტომაც მგონია, რომ სექტორში მომუშავე ადამიანები საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, მათ მეტნაკლებად ანგარიშს უწევს ხელისუფლება, რომელიც, ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის ძირითადი გენერატორია, მაგრამ მას არ შეუძლიად სრულად იგნორირება გაუწიოს ამ სექტორის მოსაზრებებს. მაგალითად ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რეაქციები არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ მოსაზრებებზე. მეორე საკითხია ითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსები ან იზიარებენ მათ საქმიანობაში სექტორის მოსაზრებებს. მე მგონია, რომ სექტორის წარმომადგენლები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, ისინი ხშირად ჩანან მედიაში. ყველამ ვიცით, რომ მედია დიდწილად განაპირობებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მედიაში ხშირად გამოჩენა განაპირობებს პოპულარობას და ამდენად მათი აზრი მიდის საზოგადოებამდე, თუმცა მოსაზრებები შეიძლება გაიზიარონ ან არა. ჩვენი საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც აკონტროლებს ხელისუფლებას, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს, ის ძირითადად იმართება გარკვეული ჯგუფების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი აზრისგან ან იზიარებს მას. მგონია რომ ასეთი ერთ–ერთი სეგმენტი არასამთავრობო სექტორიც არის.

ახლა ახსენეთ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობა, თქვენი აზრით, რაიმე ცვლილებას ხედავთ ურთიერთობებში?

ეთერ თურაძე – კონკრეტული მაგალითებით შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. გვახსოვს სახალხო დამცველის არჩევნები, როცა არასამთავრობო სექტორს უთხრეს, რომ შეეძლოთ წამოეყენებინათ კანდიდატურა და ეს იყო პირველი ტესტი გაიზიარებდა ხელისუფლება სექტორის შეთავაზებას თუ არა, ეს შეთავაზება ჩავარდა. ამავე დროს გვახსოვს, რომ ცესკოს თავმჯდომარე სექტორიდან იქნა წარდგენილი და ის დამტკიცდა თანამდებობაზე. ასევე ორგანიზაცია „იდენტობას" ინციატივას თუ გავიხსენებთ თავშესაფრის შესახებ, როცა გარკვეული პრობლემები შეიქმნა, შემდეგ სექტორი გამოვიდა ინიციატივით და თბილისის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით დაუჭიროს მხარი. თითქმის არ მახსენდება წინა ხელისუფლების დროს რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როცა სექტორი ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მახსოვს კრიტიკულად გამოდიოდნენ მათ მიმართ. მგონია რომ ცვლილება არის პოზიტიური ამ მიმართულებით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სექტორი ამაზე უნდა შეჩერდეს.

თქვენი აზრით, რატომ მიდიან თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორში?

ეთერ თურაძე – წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ არასამთავრობო სექტორში მუშაობის, მათ ძალიან კარგად იციან ამ სექტორის ეფექტურობა, გავლენა, შესაძლებლობა, მგონია რომ სწორედ ამიტომ წავიდნენ ამ სექტორში, თან მათ აღარ სჭირდებათ ახალი უნარ–ჩვევების შეძენა. ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმიტომ დაბრუნდნენ ბიზნესში თუ არასამთავრობო სექტორში, რომ, ალბათ, ჩემი აზრით, მათ კარგად იციან ეს არის მოკლე გზა, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მის არსს ვერ ვხდები და მას, ალბათ მომავალი აჩვენებს.


 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org