ვისკონსინის შტატის გამოცდილება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალი ვისკონსინის შტატის სენატორ ლინა ტეილორს ესაუბრა
ესაუბრა მარიამ პატატიშვილი

საქართველოში დღეისათვის 16000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. რეალურად კი მხოლოდ 2000 მათგანი ფუნქციონირებს. რას გვეტყვით ვისკონსინის შტატში ამ კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ?

ლინა ტეილორი - ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ჩვენთან, მაგრამ არასამთავრობო სექტორი არის ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ისინი ეხმარებიან სახელმწიფოს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ზოგჯერ მთავრობას არ შეუძლია: შესთავაზოს სხვადასხვა სახის მომსახურება, აწარმოოს საგანმანათლებლო საქმიანობა და ა.შ.

როგორ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოსთან? 

ლინა ტეილორი - არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას იღებენ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში და ხდებიან სახელმწიფოს კონტრაქტორები. მაგალითად, ჩვენთან ფუნქციონირებს სოციალური განვითარების კომისია, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ტრენინგების ჩატარების შესახებ,აწვდიან მოქალაქეებს ინფორმაციას, თუ რა სახის სერვისები ეკუთვნით, მუშაობენ ბავშვთა მოვლის სფეროში.ჩვენ ვუხდით არასამთავარობო ორგანიზაციებს ამ სერვისების მიწოდებისთვის. არასამთავრობოები, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იღებენ ასეულობით, ათასეულობით და ზოგჯერ მილიონობით დოლარიან გრანტებს. 

რამდენად ახლოსაა არასამთავრობო სექტორი საზოგადოებასთან? აქტიურად არიან თუ არა რიგითი ადამიანები ჩართული მის საქმიანობაში?

ლინა ტეილორი - დიახ.არასამთავრობოები მჭიდრო კონტაქტში არიან საზოგადოებასთან,ხშირად უფრო მეტადაც ვიდრემთავრობა; აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა ხალხთან, რათა დარწმუნდნენ, რომ პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს, არ რჩება რეაგირების გარეშე.  

თქვენ შეხვედრა გქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიიღეთ ინფორმაცია სექტორის საქმიანობის შესახებ. რა რჩევებს მისცემდით მათ და რა გამოცდილება შეიძლება გაიზიაროთ მათგან?

ლინა ტეილორი – მე ვურჩევდი მათ ყოფილიყვნენ უფრო მეტად ჩართულები პარლამენტის საქმიანობაში, იყვნენ უფრო მეტად სასარგებლო. აჩვენონ, რომ შეუძლიათ კარგი სერვისების შეთავაზება, რაც დაეხმარება პარლამენტს ხალხთან ურთიერთობაში. და რაც მთავარია, არასამთავრობოებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, რადგანაც ერთი ორგანიზაცია ვერასოდეს იქნება ისე ძლიერი, როგორც ჯგუფი ორგანიზაციებისა. 

ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდულ პარლამენტთან შეხვედრა. ვისკონსინში არ გვაქვს ახალგაზრდული პარლამენტი. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, ამდენი ახალგაზრდა ქალის ნახვა მათ რიგებში. აღვფრთოვანდი მათი მუშაობით, იმ შედეგებით, რასაც მიაღწიეს. ვურჩევდი მათ ემუშავათ პარლამენტში მოხალისეობრივ საწყისებზე. ამით ისინი გახდებიან მაკავშირებელი რგოლი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, უფრო გამჭვირვალე და ღია გახდება მთავრობის საქმიანობა. ადამიანებს ექნებათ მეტი საშუალება მიაწვდინონ ხმა თავისი პრობლემების შესახებ და მიიღონ პასუხიც. ვურჩევდი, ჩემს მსგავსად ქართველი პარლამენტარებიც მოეწვიათ და ესაუბრათ მათთან. 


გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ თანამშრომლობს თქვენი ოფისი არასამთავრობო სექტორთან? რამდენად მაღალია ნდობის ხარისხი?


ლინა ტეილორი  - ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და შესაბამისად ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია. მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობოს მიმართ ის ნაკლებია, რადგან საზოგადოებას არ სთავაზობენ სათანადო სერვისებს ან არ აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი მათი არაკეთილსინდისიერების შესახებ. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს სწორედ ამის შესახებ ვესაუბრე: იმისათვის, რომ მოიპოვონ ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შეასრულონ თავისი სამუშაო და აჩვენონ, რა შედეგი მიიღეს. 

როგორ იყენებთ ელექტრონულ მედიას საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის? 

ლინა ტეილორი – ელექტრონულ მედიას აქვს განუზომლად დიდი როლი ჩემს საქმიანობაში: ელ–ფოსტა, ფეისბუქი, ტვიტერი.. მე ვერ შევძლებდი ჩემი საქმიანობის წარმართვას, რომ არა ტექნოლოგიები. მე მყავს 116000  ამომრჩეველი. მათთან ინდივიდუალური შეხვედრა რომ მიწევდეს, რასაკვირველია, ეს წაიღებდა ძალიან დიდ დროს და მაინც ვერ შევხვდებოდი ყველა მათგანს. მაგრამ ტვიტერის, ფეისბუქის ან ელ–ფოსტის საშუალებით მე შემიძლია დავუკავშირდე ბევრ ადამიანს და მივაწოდო ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე. მოვუწოდებ თქვენი პარლამენტის წევრებს იმოქმედონ იგივენაირად. შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაც. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც უშუალო კონტაქტი დაგჭირდებათ, მაგრამ გაცილებით მეტს დაუკავშირდებით ტექნოლოგიების გამოყენებით.




 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org