საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე პარლამენტში
12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა და მას 150–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეუერთდა. დოკუმენტის შექმნის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორს, ვაჟა სალამაძეს ვესაუბრეთ. 
ესაუბრა მარიამ პატატიშვილი

რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რატომ არის მნიშვნელოვანი?

ვაჟა სალამაძე
- საქართველოს პარლამენტში ხელმოწერილი დოკუმენტი 10 პუნქტისგან შედგება, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის პოლიტიკური - ამ თვალსაზრისით მემორანდუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პარლამენტი ფორმალურად საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აღიარებს დამოუკიდებელ აქტორებად და თანასწორუფლებიან პარტნიორებად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი პარლამენტის მხრიდან.

მეორე ასპექტი რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო არის სექტორის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა. მემორანდუმის პირველივე პარაგრაფი ითვალისწინებს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებას პარლამეტის მიერ ჩვენთან ერთად, რომელიც შემდეგ უკვე პარლამენტის კონცეფციის სახით იქნება მიღებული. თუ დავუმატებთ ამას იმასაც, რომ მემორანდუმის მეორე მუხლში ჩვენ ვთანხმდებით, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას, ეს ერთიან კონტექსტში უკვე ქმნის იმ პოლიტიკურ და საკანონმდებლო გარემოს, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ოპერირება და ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტურები. 

მნიშვნელოვანი ასპექტია კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვის საკითხი. მემორანდუმის რამოდენიმე პუნქტი ეძღვნება კონკრეტულად პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობას, მათ შორის არის ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებით და საზედამხედველო პროცესებში ჩართულობის პოლიტიკური ინსტრუმენტები.  

და ბოლო, რაც მინდა ავღნიშნო, არის პარლამენტის მიერ ჩვენთან დიალოგის ბაზისად საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის სტამბოლის პრინციპების აღიარება. საქართველო მესამე ქვეყანაა რომელმა ინდივიადულაურად აღიარა სტამბოლის პრინციპები სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.

ბატონო ვაჟა, გვიამბეთ მემორანდუმის შექმნის პროცესზე

ვაჟა სალამაძე - რაც შეეხება მემორანდუმის შექმნის პროცესს, გასულ წელს პარლამენტთან შეხვედრაზე მე დავაყენე საკითხი და ვთხოვე პარლამენტის თავმჯდომარეს გაფორმებულიყო დოკუმენტი და შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი.  პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან აქტიურად გამოეხმაურა ამ საკითხს და იყო თხოვნა, რომ ჩვენ შეგვექმნა ეს დოკუმენტი  და დაგვეწყო კონსულტაციები პარლამენტთან. CSI - ს ინიციატივით შეიქმნა დოკუმენტის პირველი დრაფტი, პირველი პროექტი. შემდგომში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და დოკუმენტმა გადაინაცვლა ეროვნული პლატფორმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების  ეფექტურობის ჯგუფთაშორის ქვეჯგუფში. გაზაფხულზე მიღებული დოკუმენტი გაეგზავნა პლატფორმის წევრ და არაწევრ ორგანიზაციებს, მიღებული შენიშვნებისა და პარლამენტთან კონსულტაციების საფუძველზე დოკუმენტმა საბოლოო სახე მიიღო. პროცესი, ჩემი აზრით, იყო ღია, გახსნილი და გამჭვირვალე.

12 დეკემბერს საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციასაც...

ვაჟა სალამაძე - საქართველოს პარლამენტში გარდა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან შეხვედრაც გაიმართა. სამოქალაქო სექტორის 22 წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით და კონკრეტული საკითხი წამოწია, დაგვანახა პრობლემა და ასევე პრობლემის გადაჭრის ის გზები, რომლებსაც ესა თუ ის ორგანიზაცია გვათავაზობს. 

მემორანდუმით ოფიაციალურად დაწესდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე საქართველოს პარლამენტში. 12 დეკემბრის მსგავსად, ჩვენ ყოველ წელს შევხვდებით პარლამენტს და გავუზიარებთ იმ წუხილებს და ხედვებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ცერემონიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტით საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის პარტნიორები გახდნენ. როგორ გააგრძელებს პარტნიორობას სამოქალაქო სექტორი საქართველოს პარლამენტთან?

ვაჟა სალამაძე - მე ცოტა გამიჭირდება ვილაპარაკო სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მე შემიძლია ვილაპარაკო ჩვენი ორგანიზაციის სახელით. CSI-ს გარკვეულწილად ჰქონდა ლიდერის ფუნქცია ამ პროცესში და ჩვენ ალბათ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს კოლეგებთან, პარტნიორებთან იმისათვის რომ ზოგადად ჩამოყალიბდეს ურთიერთობა პარლამენტსა და ორგანიზაციებს შორის. ერთის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ კარები ღიაა, მაგრამ ამ ღია კარში საჭიროა შესვლა. შესვლა ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარეს, ჩვენ უნდა გვქონდეს საკმარისი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი იმისათვის რომ დავინახოთ პრობლემები, ჩამოვაყალიბოთ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები, ანუ შევქმნათ საჯარო პოლიტიკის ალტერნატივები, გარდავსახოთ ეს დოკუმენტები თუ საჭიროა პროგრამებში, თუ საჭიროა საკანონმდებლო დოკუმენტებში, წარვუდგინოთ პარლამენტს და გვქონდეს უნარები იმისა რომ დავიწყოთ ადვოკატირება და ლობირება პრობლემის გადასაწყვეტად, აი ეს არის მომავლის ამოცანა. მე ასე მესმის ეს თანამშრომლობა და ასეც იყო გაგებული პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა. 

და ბოლოს, არის თუ არა დოკუმენტი ღია, არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი და შესაძლებელია თუ არა დღეს, რომ ორგანიზაცია მემორანდუმს მიუერთდეს?

ვაჟა სალამაძე - მემორანდუმი არ არის დახურული დოკუმენტი, მასთან მიერთება შეუძლია ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ნებისმიერ დროს. მემორანდუმის სრული ტექსტი განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ვებ-გვერზდე - civilin.org, აქვე, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია დოკუმენტზე ონლაინ მიერთება. გასვლა შეუძლია ორივე მხარეს, როგორც პარლამენტს ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციას. თუმცა დოკუმენტი უვადოდ არის დადებული და მისი შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ნებით.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org