კოალიციური მუშაობით მეტის მიღწევაა შესაძლებელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალი ესაუბრა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის მენეჯერს თინიკო ბოლქვაძეს.
ესაუბრა ლალი შალვაშვილი, ივნისი 2014

როგორ შეაფასებდით იმ გარემოს, რომელშიც უწევთ მუშაობა არასამთავრობო ანუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს? რა მსგავსებას ან განსხვავებას ხედავთ ხუთი, ან რვა წლის წინანდელ ვითარებასა და ახლანდელს შორის?

თინიკო ბოლქვაძე – ისევე როგორც წინა ხელისუფლების მოსვლის დროს, ახლაც არასამთავრობო სექტორს დიდი იმედები გაუჩნდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაახლოებით ერთი წელი, ხელისუფლება ღია იყო არასამთავრობოებთან თანამშრომლობისთვის. შემდეგ ეს გზები, ასე ვთქვათ, ჩაიკეტა და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში იყო არასამთავრობოებსა და სახელმწიფო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. როცა თანამშრომლობის გზები გადაიკეტა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ, ძირითადად, „ვოჩდოგური" საქმიანობა გაეწიათ.

დღეს, არსებულ ვითარებაზე, შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ხელისუფლება არ არის ისეთივე ღია, როგორიც იყოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირველ თვეებში თანამშრომლობა გაცილებით ინტენსიური და წარმატებული იყო და ნელ–ნელა იკვეთება ტენდენცია – თანამშრომლობის მზაობის შემცირებისა. ჩემი აზრით, ეს არ ეხება ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებას. არის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ჩვენ მაგალითზე შემიძლია გამოვყო იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროები, რომლებთანაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთ სხვა სამინისტროზე, მაგალითად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროზე. იქ გაცილებით მეტი ბარიერია არასამთავრობო სექტორისთვის. მაგრამ მთლიანობაში თუ შევადარებთ და შევაფასებთ წინა და ახლანდელი ხელისუფლების პირობებში არასამთავრობოების სამუშაო გარემოს, ალბათ, მაინც უკეთესი პირობებია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლება დასაწყისში უფრო ღია და გახსნილი იყო თანამშრომლობისთვის, თქვენი აზრით, რა მოხდა? რატომ კლებულობს თანამშრომლობის სურვილი?

თინიკო ბოლქვაძე – ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალიც იყოს, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი არ იყოს კონსტრუქციული, ან არ ჰყოფნიდეს კვალიფიკაცია, რომ აკეთოს ისეთი რამ, რომლითაც დაეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს. თუმცა სხვა მიზეზებიც არის. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამინისტროებთან შეიქმნა გარკვეული საბჭოები, სხვადასხვა საკონსულტაციო ორგანოები და შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ამოწურა ფუნქცია. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭო, რომელიც მუშაობდა თვითმმართველობის კანონპროექტზე, დღეს კოდექსი მიღებულია და შესაძლოა, აღარ არის საჭიროება, რომ საბჭომ ისეთივე ინტენსივობით იმუშაოს, როგორც მანამდე.

ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის თანამშრომლობის კლების ერთ–ერთ სავარაუდო მიზეზად დაასახელეთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვალიფიკაცია. შეიძლება ეს სურათი განზოგადდეს მთლიანად ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე?

თინიკო ბოლქვაძე – არა, რა თქმა უნდა. თუ არასამთავრობოს სათანადო კვალიფიკაცია აქვს და და მათი ინტერესი ემთხვევა, რომ ერთად აკეთონ საქმე და კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ – თანამშრომლობა წარმატებულია.

უკვე წლებია, რაც არასამთავრობო სექტორში მუშაობთ და თვალყურს ადევნებთ მათ საქმიანობას, თქვენი აზრით, რას მიაღწია და რას ვერ მიაღწია სექტორმა?

თინიკო ბოლქვაძე – 2003 წლის არჩევნების შემდგომ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ სექტორიდან დაიწყო კადრების სახელმწიფო სტრუქტურებში გადასვლა. ამას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგაც სექტორიდან გადავიდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა, ეს არ იყო ისეთი დანაკლისი, როგორც 2003–2004 წლებში. ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორი მეტნაკლებად მოძლიერდა, დაიწყო განახლება, რამდენიმე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომლებიც წარმატებულად მუშაობენ. მაგალითად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა და ეხლა ერთ–ერთი წარმატებული ორგანიზაციაა. მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ჩემი აზრით, არასამთავრობო სექტორი ნელ–ნელა ძლიერდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა – არასამთავრობო სექტორმა დაინახა კოალიციური მუშაობის მნიშვნელობა და ის, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ ერთად, ვიდრე ცალ–ცალკე. მსგავსი თანამშრომლობა დაიწყო 2011 წლის ბოლოდან, შეგვიძლია გავიხსენოთ კამპანია „ეს შენ გეხება", მედიაკოალიცია. მათ გაცილებით მეტი მოახერხეს, ვიდრე ცალკეულმა ორგანიზაციებმა, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდათ ადვოკატირების კამპანიების წარმოება.

რას იტყვით მოსახლეობისა და არასამთავრობოების ურთიერთობაზე? ექსპერტები საუბრობენ, რომ სექტორმა ვერ მოახერხა მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება მოსახლეობასთან... და ეს სექტორის მინუსად აღიქმება...

თინიკო ბოლქვაძე – სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობასთან მუშაობა არასაკმარისი ინტენსივობით მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევებში ამას დიდი ორგანიზაციები უფრო ახარხებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ხელშეწყობით მინიმუმ 150 შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანონპროექტის – თვითმმართველობის კოდექსის განხილვის მიზნით. თუმცა ურთიერთობის დეფიციტი მაინც შეინიშნება და თუ არასამთავრობო სექტორს ამაზე საყვედურობენ, ნამდვილად ეკუთვნით საყვედური. ალბათ, მეტი მუშაობაა ადგილობრივ დონეზე საჭირო. მეორე მხრივ, ხშირად დიდი დონორები წამყვან ორგანიზაციებს აფინანსებენ, რომ ხელშესახები შედეგები დაინახონ. შესაბამისად, ყურადღების მიღმა რჩებიან ადგილობრივი, რეგიონული ორგანიზაციები, რომლებსაც ადგილებზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე თბილისში მომუშავე ორგანიზაციებს.

თქვენ ახსენეთ კოალიციური მუშაობის პლუსები, რატომ ვერ ხერხდება მოსახლეობის პრობლემების წარმოსაჩენად სწორედ კოალიციური საქმიანობა?

თინიკო ბოლქვაძე – დავიწყეთ მუშაობა, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობას ეხება. მან, ვფიქრობ, ბევრი პრობლემა უნდა მოაგვაროს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მას პარლამენტი მიიღებს და ჩვენს იდეებს გაიზიარებს. ამ შემთხვევაში თბილისში მდებარე თუ რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის მეტი საშუალება გვექნება. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი აზრი ადგილობრივ ხელისუფლებაზე და ადგილობრივ დონეზე მათი ჩართულობის შესახებ, ანუ ჩვენ უნდა მივიღოთ მათგან რჩევები, შესაბამისად უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით წარიმართება მუშაობა და შევეცდებით ბევრი ხარვეზი გამოვასწოროთ, როგორც არასამთავრობოების მოსახლეობასთან ურთიერთობის მიმართულებით, ასევე კანონმდებლობის მოგვარების გზით.

შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ რა მექანიზმებს მოიცავს ინიციატივა?

თინიკო ბოლქვაძე – საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, უფრო სწორად პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მოამზადა ერთი კანონის პროექტი, რომელიც მოგვიანებით კომიტეტმა გამოიწვია. შემდეგ მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმები გაერთიანდა თვითმმართველობის კოდექსის პროექტში, თუმცა განხილვების პროცესში პარლამენტმა უარი თქვა ამ ნაწილზე. მიზეზად დასახელდა ის, რომ არ იყო კარგად ჩამოყალიბებული კოდექსის ეს მუხლები. ის ითვალისწინებდა საბჭოების ჩამოყალიბებას სოფლების, თბილისში უბნების დონეზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაც იდო კანონპროექტში არ იყო საკმარისი, რომ ნამდვილ მონაწილეობაზე გვესაუბრა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ ალტერნატიულ მექანიზმებზე, ან რა შეიძლება დაემატოს კანონპროექტის ამ ნაწილს და როგორ გახდეს სრულყოფილი, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საბჭოების შექმნის გარეშე.

თქვენ ახსენეთ, რომ „ინიციატივას თუ გაიზიარებს პარლამენტიო"... შეიძლება ცალსახად არ გაიზიაროს საკითხი, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებს ეხება?

თინიკო ბოლქვაძე – არ ვიცი პარლამენტი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. უახლოეს მომავალში პარლამენტის წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვექნება შეხვედრა, სადაც იდეების დონეზე მომზადებულ შეთავაზებებს წარვადგენთ. გვაინტერესებს რა შეიძლება იყოს მისაღები პარლამენტისთვის, რომელმაც უნდა განიხილოს იგი და ასევე მთავრობისთვის, რომელმაც კანონის პროექტის ინიცირება უნდა მოახდინოს. ამიტომ შევეცდებით გავიზიაროთ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციები, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის პოზიცია და, მოსაზრებები.

ბოლო დროს ისმის არასამთავრობოების მიმართ კრიტიკა, თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? რამდენად სწორია იგი და როგორ აღიქვამს სექტორი მას?

თინიკო ბოლქვაძე – გააჩნია კრიტიკას. არასამთავრობოები სრულიად ნორმალურად აღიქვამდნენ კრიტიკას თუ მაგალითად პრემიერი არ გამოიყენებდა ისეთ სიტყვებს როგორიცაა: „ძირგამომთხრელი საქმიანობა", „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა", ეს პრინციპში ბრალდება იყო არასამთავრობო სექტორის მიმართ. ბუნებრივია, ყოველივე არასამთავრობოებმა მტკივნეულად აღიქვეს. სხვა შემთხვევებში, მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა, ასე მტკივნეულად არ ყოფილა აღქმული. ანუ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ შემთხვევებში კრიტიკა დამსახურებულიც იყოს, მაგრამ კარგი იქნება შეფასებამდე, კარგად ავწონ–დავწონოთ და შევაფასოთ ამ ორგანიზაციების საქმიანობა. ამას წინათ წავიკითხე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მისამართით გამოთქმული კრიტიკა 26 მაისის მოვლენების შესახებ. საიას მოუხდა თავისმართლება, რომ ის ნამდვილად მუშაობდა ამ საკითხზე, მათ გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე ერთი ანგარიში – ხვდებოდნენ არასამთავრობოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ვთხოვ ხელისუფლების წარმომადგენლებს გადახედონ რას აკეთებენ არასამთავრობოები არა მარტო დღეს, არამედ რას აკეთებდნენ წინა წლებში და მხოლოდ ამის შემდეგ გააჟღერონ მძიმე ბრალდებები.

ერთ–ერთი ტელევიზიის პოლიტიკურ თოქშოუში პრემიერმა განმარტა თავისი კომენტარი არასამთავრობოების მიმართ და გარკვეული შერბილება სცადა...

თინიკო ბოლქვაძე – ნამდვილად მისასალმებელი იყო მისი ეს ნაბიჯი და კამპანიამ „ეს შენ გეხება" აღნიშნა არაერთხელ. თუმცა აქ არის სხვა გარემოება, როცა პრემიერის მხრიდან ისმის ასეთი ბრალდებები, მერე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და დეპუტატები იგივეს იმეორებენ, ანუ პრემიერის გამოსვლა მისაბაძი ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა. არადა, ბევრმა მათგანმა კარგად იცის რას აკეთებდნენ ეს ორგანიზაციები წლების განმავლობაში. კიდევ ერთი ფრაზა უნდა გავიხსენო: „სად იყვნენ ისინი წინა წლებში, რატომ არ ამოუღიათ ხმა ამაზე?" – ალბათ, საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხშირად შეახსენონ რა გააკეთეს ბოლო წლების განმავლობაში და როგორ რეაგირებდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს იყო ურთულესი პერიოდი, როცა დავიწყეთ კამპანია „ეს შენ გეხება". ყველას ახსოვს როგორი მძიმე საარჩევნო გარემო, როგორი წინააღმდეგობა იყო ხელისუფლების მხრიდან. გავიხსენოთ კონტროლის პალატის მიერ დაბარებული ხალხი, ასე ვთქვათ ტერორი და ასე შემდეგ. თუ გადახედავთ ჩვენს საქმიანობას 2012 წლის არჩევნების წინ, მგონი ნაკლები სასაყვედურო უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს.

რადგან კამპანიის „ეს შენ გეხებას" შესახებ ვსაუბრობთ, როგორც გამოჩნდა პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა ფრაზას „ისევ გვისმენენ", რადგან იგი აღქმული იყო მტკიცებით ფორმად...

თინიკო ბოლქვაძე – ზოგი ამას მტკიცებით ფორმად აღიქვამს, ზოგი არა. პოლიტიკოსებს შორისაც არის აზრთა სხვადასხვაობა ამაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს დაახლოებით 20 ათას აბონენტს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები სხედან და უსმენენ 20 ათას აბონენტს. ვთვლით, რომ ხელისუფლების ეს შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს სწორი კანონმდებლობის მიღებით და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებით – ეს არის მიზანი. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუმცა შემდეგ ხდება ამ სიტყვების სხვანაირი ინტერპრეტაცია.

აღნიშნული ინიციატივა მიიღო პარლამენტმა და თანამშრომლობა შედგა, რასაც წინ უსწრებდა „ხმაური" ამ საკითხის შესახებ, შესაბამისად, ცოტა არ იყოს დამაბნეველია... თქვენი აზრით, რა იყო ამ კრიტიკის მიზეზი?

თინიკო ბოლქვაძე – ვინც ხმა მისცა ამ კანონპროექტის მიღებას თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. ზოგი ამას საჯაროდ აფიქსირებდა, ზოგიც კულუარებში. მიზეზად სახელდებოდა ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა არსებობდეს ბალანსი ქვეყნის უსარფხოებასა და ადამიანის უფლებების სტანდარტებს შორის. ეს სტანდარტები სახიფათო არ უნდა იყოს ქვეყნისთვის. დეპუტატთა ნაწილი, ვინც კრიტიკით გამოდიოდა, ვფიქრობ, აყვნენ პრემიერის განცხადებას, ნაწილმა ბოლომდე ვერ გააცნობიერა რა პრობლემასთან გვქონდა საქმე. მოდით რუსთავი–2–ის საკითხზე ნუ ვისაუბრებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა დაინახა ის შესაძლებლობა, რომ ვიღაცამ შეიძლება მოუსმინოს დღეს ან მომავალში.

მოდით დავუბრუნდეთ ზოგადად სექტორს, თქვენ დასაწყისში ახსენეთ რომ არასამთავრობოების რიცხვი იზრდება, ამის პარალელურად ხომ არ ქრებიან უფრო ძველი ორგანიზაციები...

თინიკო ბოლქვაძე – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტიურად გამოჩნდნენ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ორი წლის განმავლობაში დაარსებულ ორგანიზაციებს შორის ჭარბობს ის ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი ნაწილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ყოფილი საჯარო მოხელეები გადმოვიდნენ არასამთავრობო სექტორში, თუმცა გამონაკლისებიც არის.

2003 წლის შემდეგ დონორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეცვალეს პოლიტიკა და ფინანსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიმართულებით წავიდა, თქვენი დაკვირვებით ახლა როგორია მათი პოლიტიკა?

თინიკო ბოლქვაძე – დასაწყისში ვისაუბრეთ არასამთავრობო სექტორის შესუსტების მიზეზებზე, ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, 2003 წლის არჩევნების შემდეგ სექტორის შესუსტებისა, სწორედ დაფინანსების მკვეთრი შემცირება იყო. ახლა გარკვეული პოლიტიკა შეიცვალა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მკვეთრად და სექტორი დაფინანსების გარეშე დარჩა. დღეს მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე 2004, 2005 წლებში. დაფინანსების პრიორიტეტები ყოველთვის იცვლება, ის დამოკიდებულია საითკენ მიდის ქვეყანა, ზოგ შემთხვევაში რისკების გათვლა ხდება და პრევენციისთვის იცვლება პრიორიტეტი. ამ საკითხზე ყველა დონორს აქვს თავისი მიდგომა.

დაგვისახელეთ სამი ძირითადი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აგებული არასამთავრობოების მუშაობა...

თინიკო ბოლქვაძე – იდეისა და საქმისადმი ერთგულება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.


 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org