რატომ არის მნიშვნელოვანი მოხალისეობა?...
მოამზადა ლალი შალვაშვილმა

რა არის მოხალისეობა? ზოგადი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის უანგარო, ნებაყოფლობითი საქმიანობა საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ორიოდე წლის წინათ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „მარიანმა" მხედველობადაქვეითებულთათვის აუდიო წიგნების ჩაწერისთვის მოხალისეები მიიწვია, მას ბევრმა ადამიანმა მიაკითხა, რათა უანგაროდ დახმარებოდა. თანდათან სულ უფრო ხშირად ვხვდებით განცხადებებს, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია იწვევს მოხალისეებს ბავშვთა სახლებსა თუ მოხუცებულთა თავშესაფრებში, საზაფხულო ბანაკებსა თუ ოფისებში, ცხოველების თუ გარემოს მოსავლელად და ა.შ. იქმნება მოხალისეთა კლუბები, პროგრამები, ერთვებიან საერთაშორისო მოხალისეთა ქსელში და ა.შ.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოხალისეობა კარგად განვითარებულია საქართველოში და ამ კუთხით პრობლემები არ არის. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ჯამპსტარტის" ერთ–ერთი ვიზუალიზაციის მიხედვით (17.02.14 წ.) იმ 135 ქვეყანას შორის, სადაც ბოლო თვეში მოსახლეობამ მოხალისეობრივი საქმიანობა გასწია რომელიმე ორგანიზაციისთვის, საქართველო 68 ადგილზეა. ამავე ვიზუალიზაციის მიხედვით, აშშ–ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ნორვეგიაში საშუალოდ მოსახლეობის 36 პროცენტი მოხალისეობს ყოველთვიურად. მათი საქმიანობა ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლეობით 4 პროცენტს შეადგენს. საქართველოში 36 პროცენტიანი მოხალისეობის შემთხვევაში, „ჯამპსტარტის" ვიზუალიზაციით, მოხალისეები ყოველწლიურად 581 344 000 ლარის საქმეს შეასრულებდნენ. ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 81% არ ყოფილა მოხალისე (2013 წლის მონაცემი).

მოხალისეობის კულტურა ძალიან აქტიურად არის განვითარებული დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. „სკოლის, კოლეჯის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს ევალებათ მოხალისეობა და ეს კრედიტებად ეთვლებათ, ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე. უფრო მეტიც, მოხალისეობრივი გამოცდილება თუ არ აქვთ, ზოგან შეიძლება უნივერსიტეტშიც არ მიიღონ, ან კრედიტები დააკლდეს და დიპლომი ვერ აიღოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მოხალისეობის კულტურის განვითარება? მის განვითარებას რამდენიმე მიზანი აქვს. „პირველ რიგში ადამიანებს უვითარებს სხვების დახმარების უნარს, ანუ ხელს უწყობს უფრო ჰუმანურები გახდნენ, მეორე ის არის, რომ ახალგაზრდები სწავლობენ შრომის კულტურას, თუმცა მოხალისეობა არაანაზღაურებადი შრომაა. გარდა ამისა ყოველივე მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის უანგარო, უფასო შრომა", დასძენს ვაჟა სალამაძე.

გარდა ამისა, ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, მოხალისეები არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ–ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა – პოლონური ორგანიზაციების სამ მეოთხედს არ ჰყავს ხელფასიანი თანამშრომლები, დაახლოებით ასეთივე სურათია ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში.

როგორც წესი მოხალისეები ძირითადად ახალგაზრდები და პენსიაში გასული ადამიანები არიან. ახალგაზრდები თუ ცოდნას, გამოცდილებას, დახმარების უნარ–ჩვევებს, ახალ კონტაქტებს იღებენ ყოველივედან, პენსიაში გასული ადამიანები თავად გადასცემენ სხვებს გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს. „ასეთი ორმხრივი სარგებელი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვისაც და პენსიაში გასული ადამიანებისთვისაც. ზრდასრულთათვის მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსის შენარჩუნება და სახლში მხოლოდ ტელევიზორს კი არ უყურებს, არამედ სოციალურად აქტიურია, ასწავლის, ეხმარება...", ამბობს ვაჟა სალამაძე. ამერიკაში ბევრი ხანშიშესული ადამიანი წევრიანდება სხვადასხვა ორგანიზაციაში, ზოგიერთი მონაწილეობას იღებს მოხალისეობრივად ააშენოს უსახლკაროებისთვის სახლები, დასძენს იგი.

ამის ყველაზე კარგი მაგალითია „მშვიდობის კორპუსი", 50 წელზე მეტია, მსოფლიოს 139 ქვეყანაში, მათ შორის 2001 წლიდან საქართველოშიც, ამერიკელი მოხალისეები – ახალგაზრდები თუ ასაკოვნები ასწავლიან სკოლებში, უწევენ ბიზნეს–კონსულტაციას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ.

რა უშლის მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას ხელს საქართველოში? რამდენიმე კვლევამ გამოკვეთა ხელისშემშლელი ფაქტორები. მათ შორის ერთ–ერთია არასათანადოდ ინფორმირება (ორგანიზაცია „ჰელფინ ჰენდის" მიერ ჩატარებული კვლევა), მოხალისეობის ტრადიციის ნაკლებობა და სოციალური პრობლემები (ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა) და რაც მთავარია შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობა (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კვლევა).

არ არსებობს „მოხალისის" და „მოხალისეობის" სამართლებრივი განმარტება, შესაბამისად არ არის განსაზღვრული მოხალისის, ასევე მიმღები ორგანიზაციის უფლება–მოვალეობები, ყოველივე სამივე ზემოხსენებულ კვლევაში ერთ–ერთ მთავარ პრობლემად არის დასახელებული. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში ძალიან ჭირს მოხალისისა და სტაჟიორის ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა მათ შესახებ „დუმს". ასეთი ჩანაწერი მხოლოდ საერთაშორისო აქტებსა და კონვენციებში გვხვდება. მაგალითად გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეკომენდაცია, რომლითაც გაერომ მის წევრებს მისცა რეკომენდაცია, რომ მოხალისეობის საკითხი კანონმდებლობით დაერეგულირებინა. თუმცა მას, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

„შესაბამისი კანონმდებლობის მიღება ავტომატურად ვერ დაამკვიდრებს მოხალისეობის კულტურას, თუკი ის არ არის, ვერ უზრუნველყოფს ნებას, რომ მოხალისეობა დამკვიდრდეს და განვითარდეს საქართველოში. მაგრამ კანონი არის ინსტრუმენტი, რომ მოიხსნას ბარიერები, რომელსაც მოხალისეობის პრინციპზე მომუშავე ორგანიზაციები აწყდებიან, ან აფერხებს ამ ინსტიტუტის განვითარებას", ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის იურისტი არჩილ ცერცვაძე.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მოხალისეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტის პროექტი მოამზადა, რომელიც უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ორგანოში. იგი განმარტავს არამარტო მოხალისეობას, არამედ იმ უფლება–მოვალეობებს, რომელიც მოხალისესა და მიმღებ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს, ანუ სამართლებრივ ურთიერთობებს და ასევე სთავაზობს საგადასახადო ცვლილებებს და ა.შ.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტის პროექტის კონკრეტული დებულებები იცავს მოხალისის უფლებებს. მაგალითად, მოხალისეს სჭირდება დაცვის მექანიზმები სამუშაოს დროს დაზიანების თავიდან ასაცილებლად ან ასეთის შემთხვევაში მისი შემდგომი დაცვისთვის. „სამუშაოს შესრულებისთვის თუკი მოხალისეს ჯანმრთელობა დაუზიანდა, ორგანიზაციამ მკურნალობის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს. მაგრამ ვინაიდან იგი არ არის ორგანიზაციის თანამშრომელი, დღეს არსებული საგადასახადო ნორმით, ასეთი ანაზღაურება სხვა რეჟიმით იბეგრება, ვიდრე თანამშრომლის შემთხვევაში. ასევეა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გაწეული ხარჯები და სამივლინებო ხარჯები", ამბობს არჩილ ცერცვაძე.

როცა ერთი ან ორი მოხალისე ჰყავს ორგანიზაციას, თუნდაც სამივლინებო ხარჯი, მაინცდამაინც მძიმე ტვირთად არ დააწვება მას, მაგრამ საქართველოში არის ორგანიზაციები, სადაც 50, 60 ან უფრო მეტი მოხალისეა. 50 მოხალისის მივლინება კი სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს, აღნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის იურისტი.

თუმცა ასეთი ხარჯების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი უფრო „რბილ" მიდგომას ითვალისწინებს. თუკი მოხალისე მზად არის დრო, ენერგია დახარჯოს და არ მოითხოვს სამივლინებო თანხის ანაზღაურებას, ორგანიზაცია არ იქნება ვალდებული აუნაზღაუროს, მაგრამ თუ მოხალისე მოითხოვს, ორგანიზაცია ვალდებული იქნება აუნაზღაუროს. თუკი ორგანიზაციას ასეთი სურვილი ან ფინანსები არ ექნება, მაშინ სამართლებრივი ურთიერთობა ვერ შედგება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა საქართველოში მყოფ უცხოელ მოხალისეებს ეხება. ყველამ კარგად ვიცით, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი შეზღუდულია – ამისთვის საჭიროა ლეგალური ყოფნის უფლება, ანუ ვიზა. კანონპროექტის ავტორები „მოხალისეობის" ვიზის გაცემის ინიციატივით გამოდიან, რომელიც თავისი კლასიკური გაგებით არ არის სამუშაო ვიზა.

ევროპის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება პირდაპირ კავშირშია მის სამართლებრივ რეგულირებასთან. ასევე პროგრამებით უზრუნველყოფასა და წახალისებასთან. დასავლეთის ქვეყნებში მოხალისეობის წახალისების მიზნით სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მაგალითად, როგორც „ჰელფინ ჰენდი" იუწყება , ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხალისეებს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო გადაეცემა.

მოხალისეობის შესახებ დამატებითი რესურსები:
 

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org