თუ არ იქნება თანასწორობა, არ იქნება თავისუფლება
„ადამიანი მთავარი ღირებულებაა" - ეს ფრაზა, ალბათ, ბევრჯერ გაგიგონიათ. რა დგას ამ სიტყვების უკან? რატომ უნდა იყოს ადამიანი მთავარი ღირებულება? რა უნდა აკეთოს სახელმწიფომ ადამიანის, მისი უფლებების დასაცავად? რა როლი აქვთ ამ პროცესების სწორად წარმართვაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს? ეს ის საკითხებია, რომელთა ირგვლივ კონსტიტუციონალისტი, სამართალმცოდნე ვახუშტი მენაბდე გვესაუბრება.
ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე

ვახუშტი მენაბდე – სახელმწიფო - ეს არის პოლიტიკური წესრიგი, სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს მოქალაქეებს - პოლიტიკურ სუბიექტებს. თავის მხრივ, მოქალაქეები - ადამიანები არიან სუბიექტები, რომლებიც ამ პოლიტიკურ ერთიანობას, ამ პოლიტიკურ სხეულს ქმნიან. პოლიტიკურ საზოგადოებაში არსებობს წესები, რომლითაც მისი წევრები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ადამიანის უფლებები, თავისი შინაარსით, პოლიტიკური უფლებებია და სწორედ ამ ურთიერთობის საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს განსაზღვრავს. ეს არის წესები, რომლის თაობაზეც მსოფლიო შეთანხმდა და რომელიც გადახედვას აღარ ექვემდებარება, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, ვიდრე ეს პოლიტიკური წესრიგი არსებობს.
 
ადამიანის უფლებები არის მოქმედებების ჩარჩო სახელმწიფოსთვის და მას ყოველდღიური პოლიტიკა ვერ შეცვლის. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გატანილია პოლიტიკის მიღმა, სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი, მისი უფლებები ამოსავალი წერტილია. შესაბამისად, პოლიტიკა, როგორც ასეთი, ამ უფლებების დაცვის გარანტი უნდა იყოს.   
 
როგორ უნდა ადასტურებდეს სახელმწიფო, რომ იცავს ადამიანის უფლებებს, რომ ადამიანი მისთვის მთავარი ღირებულებაა?

ვახუშტი მენაბდე – ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრავს სწორედ ამ პოლიტიკურ სისტემას, ამ პოლიტიკურ ჩარჩოს რომლის შიგნითაც ჩვენ ვმოძრაობთ. ეს უფლებების კატალოგი, რომელიც განსაზღვრულია უზენაესი კანონით, სახელმწიფოს ავალებს კონკრეტული მოქმედებები განახორციელოს. ერთი მხრივ, ეს არის პოზიტიური მოქმედებები, მეორე მხრივ კი ნეგატიური. ერთი მხრივ, სახელმწიფო არ ერევა ჩემ თავისუფლებაში და უზრუნველყოფს ამ თავისუფლებას, ეს არის არა მხოლოდ ჩაურევლობა, არამედ, ჩემი მხარდაჭერა. თუმცა, მხარდაჭერასთან ან ჩაურევლობასთან ერთად, სახელმწიფომ, ასევე, უნდა დაიცვას ჩემი თავისუფლება მესამე პირთა უხეში ჩარევისგან.
 
დემოკრატიულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებები  უმთავრესი ღირებულებაა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვართ იმ რეგიონის წევრები, სადაც ადამიანის უფლებები მხარდაჭერილია და არსებობს დაცვის მექანიზმები, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი, ისე - საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უფრო და უფრო ძლიერდება. მაგრამ, ამავდროულად, არსებობს მთელი ანკლავები, სადაც, უბრალოდ, არ მოქმედებს ეს წესრიგი, ეს შეთანხმებები.
 
უნდა გვახსოვდეს ძველი თეზა, რომლის მიხედვით არავინ არის თავისუფალი, სანამ ყველა არ იქნება თავისუფალი. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ არ იქნება თანასწორობა, არ იქნება თავისუფლება. თუ ჩემი თანამოქალაქე შებოჭილია, მას სოციალური პრობლემების ხუნდები ადევს, ის ვერ ისარგებლებს თავისუფლებით ისე, როგორც მე ვსარგებლობ, რომელსაც, მაგალითად, ეს ხუნდები არ მადევს. მეორე მხრივ, პოლიტიკური წესრიგი ვერ იქნება სრულად თავისუფალი თუ საზოგადოების ნაწილი ამ ხუნდებით არის შებოჭილი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ, არამარტო ჩვენი ინდივიდუალური თავისუფლება, არამედ, სხვების თავისუფლება თანასწორ გარემოში არის მნიშვნელოვანი. თავისუფლებას, ცხადია, აქვს ინდივიდუალური განზომილება, მაგრამ მას აქვს სოციალური განზომილებაც, პოლიტიკური სისტემა უნდა იძლეოდეს თავისუფლების შესაძლებლობებს, და, თუ საზოგადოების ნაწილი არ არის თავისუფალი, მაშინ პოლიტიკური სივრცეც ვერ არის თავისუფალი და ეს თავისუფლება დამოკიდებული ხდება ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა ფაქტორებზე.

ამ კონტექსტში, როგორ აფასებთ 12 მაისის სპეცოპერაციას, აქციებსა და კონტრაქციებს?

ვახუშტი მენაბდე – ხანდახან ცდილობენ ეს მოვლენები მარტივ სქემებში ჩაატიონ. ერთი მხრივ, ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაგვიცვას ან დაიცვას ერთი ჯგუფი მეორეს თავდასხმისგან, რაც, წმინდა სამართლებრივად, აბსოლუტურად მართალია. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ სახელმწიფო თვითონ იყო განვითარებული მოვლენების ინსპირატორი, რაც ნამდვილად არ საუბრობს ხელისუფლების სასარგებლოდ. ამასთან, არსებობს შეკითხვა: როგორი უნდა იყოს სამოქალაქო ჯგუფების რეაქცია რადიკალური, არადემოკრატიული ძალების ქმედებებზე? და მასზე პასუხი გაცილებით უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს.
 
თუ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია არადემოკრატიულ ძალებს პასუხი გასცეს, ან გარკვეულ სიტუაციებში ვერ აკონტროლებს ან ვერ გააკონტროლებს მოვლენებს, რაც კრიზისულ პროცესებს უფრო და უფრო აღრმავებს და გააღრმავებს, სწორი გადაწყვეტილებაა – არ დატოვო სიტუაცია უუნარო სახელმწიფოს იმედად და კონკრეტულ სიტუაციაში მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს გააკეთა კიდეც იმ ჯგუფმა. ოღონდ, აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: ხშირად ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ლიდერებმა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ, როდესაც ლიდერებმა ხალხს დაშლა შესთავაზეს, მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს და ეს უარი იყო ძალიან მკაფიო. ამის შემდეგ, მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, მოიხადა ბოდიში, რომელიც ხალხმა მიიღო, თუმცა, შემდეგ მან ხალხს მოსთხოვა ბოდიშის მოხდა, გაუგებარია - რისთვის და ხალხმა ამაზე  უარი თქვა. შემდეგ უკვე მინისტრი დათანხმდა ამ უარს და ხალხს მოლაპარაკების პირობები შესთავაზა. ხალხი დათანხმდა.
 
ჩვენ ვიყავით ცოცხალი პოლიტიკური პროცესების მომსწრენი. იქ, ლიდერები არ მართავდნენ პროცესებს და, ცალსახად, ხალხი მათ არ ემორჩილებოდა. არც მინისტრის გამოსვლის შემდეგ მიუღია საზოგადოებას მთლიანად მისი ყველა მოსაზრება. ეს იყო დიალოგი, მსჯელობა და ხალხი რაციონალურად სცემდა პროცესებს პასუხებს - უარყოფით თუ თანხმობით. ამ შემთხვევაში, რაც ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვიყავით მომსწრე იმისა, თუ როგორ ხორციელდებოდა პოლიტიკა, როგორ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ხალხმა და არა ლიდერებმა.

ზოგადად, როგორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში?  

ვახუშტი მენაბდე – რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. 20-25 წელია, ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუშაობენ. ეს წლები, შეიძლება, რამდენიმე ეტაპად დაიყოს. დღეს, ჩვენ მათგან ყველაზე განსხვავებულ - სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს არის გადალაგების, პოლიტიკური იდეოლოგიებში შეღწევის პროცესი და, ცხადია, თავად ორგანიზაციებში გარკვეულ კრიზისებს იწვევს.
 
აქამდე, განიხილებოდა რომ საზოგადოებრივი ორგანიზიციები პოლიტიკური იდეოლოგიების მიღმა იყვნენ. დღეს უკვე პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ბარიერი, თანდათან, ირღვევა. ეს რღვევა აჩენს უფსკრულებს, მაგრამ, ამავდროულად, აჩენს ახალ სიმაღლეებსაც. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი ლანდშაფტის ფორმირების მომსწრენი ვართ და ამ პროცესს მე ვუყურებ, როგორც საინტერესო და, ყველა თვალსაზრისით, სასარგებლო მოვლენას.

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]