თათია ქინქლაძე: „წარმომადგენლობით დემოკრატიაში ყველა პროცესი ხმის მიცემით იწყება“
რატომ უნდა ვისარგებლოთ აქტიურად საარჩევნო უფლებით? რა სარგებელი მოაქვს არჩევნების თავისუფლებას ქვეყნისთვის? როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომ არჩევნების სისტემა უფრო გაძლიერდეს და გაიზარდოს მოქალაქეების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში? ამ საკითხების ირგვლივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალს - csogeorgia.org, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი, თათია ქინქლაძე ესაუბრა.

ესაუბრა თეკლე ქაროსანიძე

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევანის თავისუფლება და რა სარგებლობა მოაქვს მას საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის?

თათია ქინქლაძე: საარჩევნო უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების საფუძველია. ის სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება და არ დაადგინოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლება უსაფუძვლოდ შეიზღუდება.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ,,სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით". არჩევნები წარმოადგენს პროცესს რომლითაც მოქალაქეებს პირდაპირი გავლენა აქვთ ხელისუფლების ნების ფორმირებაზე. არჩევნების გზით, მოქალაქეები, საკუთარ ძალაუფლებას გადასცემენ მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს, რითაც მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციის ხარისხი, როგორც ცენტრალურ, ისე - ადგილობრივი დონეზე. არჩევნების მიზანი მოქალაქეთა ნების თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა, აღნიშნულის მიღწევა კი, შეუძლებელი იქნება, თუ კანონმდებლობით არ შეიქმნება გარანტიები, რომელიც განამტკიცებს მოქალაქეების შესაძლებლობას, თანასწორი გავლენა იქონიონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ზოგადად, რამდენად დაცულია არჩევანის თავისუფლება საქართველოში?

თათია ქინქლაძე: ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა ფუნდამენტური პრინციპია, რაც კრძალავს ამომრჩევლის ნებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებასა თუ მის კონტროლს. აღნიშნული პრინციპის დასაცავად, საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს შესაბამისი გარანტიები, რაც იცავს ამომრჩეველს და მის უფლებებს, ასევე, ადგენს ვალდებულებებს სახელმწიფოსთვის - აღიაროს და დაიცვას აღნიშნული პრინციპები.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაცულია როგორც აქტიური საარჩევნო უფლება - მოქალაქეთა უფლება, აირჩიონ კონკრეტული თანამდებობის პირები, ასევე, პასიური საარჩევნო უფლება - მოქალაქეთა უფლება, თავად იქნენ არჩეული არჩევით თანამდებობებზე.

მაგალითისთვის, ავიღოთ ქალების საარჩევნო უფლება. ისტორიული თვალსაზრისით, ამ უფლების რეალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალებმა ბრძოლა საარჩევნო უფლებისთვის მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან დაიწყეს. ფემინიზმის „პირველ ტალღაც", ძირითადად, ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი იურიდიული და პოლიტიკური უფლებების მიღების მოთხოვნით ხასიათდებოდა. ეს პროცესი ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებით დასრულდა.

მიუხედავად ამისა, დღემდე პრობლემურია ქალთა საარჩევნო უფლებების სრულყოფილი რეალიზაციის საკითხი. როგორც არაერთმა ადგილობრივმა თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოავლინა, ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში საკმაოდ დაბალია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 37% იყო ქალი, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილ ქალთა რაოდენობა 17.69%-ს შეადგენდა. არჩევნების შედეგად, 150 მანდატიდან, ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს. საქართველოს პარლამენტის მსგავსად, გენდერული დისბალანსია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებშიც.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, სახელმწიფომ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლების დაცვის, როგორც პრობლემის საკითხი არ იდგეს სახელმწიფოში?

თათია ქინქლაძე: ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების დაცვა და გაატაროს ეფექტური პოლიტიკა, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით, მოქალაქეთა ნებაზე გავლენის მოხდენა. თავისუფალი საარჩევნო გარემოს არსებობა მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და გააკეთონ სწორი, ინფორმირებული არჩევანი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ამომრჩეველზე ზეწოლა და მის ნებაზე გავლენის მოხდენა, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, რითაც საზოგადოება გაიაზრებს არჩევნების პრინციპების მნიშვნელობას და დაიცავს საკუთარ ინტერესებს, იმ შემთხვევაში თუკი მისი ამ უფლების ხელყოფის მსხვერპლი გახდება.

არსებული სურათი როგორია, აქვს ქართველ ამომრჩეველს ბოლომდე გააზრებული ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მისი მონაწილეობა?

თათია ქინქლაძე: მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა, ძირითადად, 50%-ს არ აღემატება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა და 60% შეადგინა. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა.

აქტივობის არსებული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ნაკლებად აქტიურია, რაც დადებითად არ უნდა შევაფასოთ. სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები არჩევნების, მოქალაქეთა პირდაპირი საარჩევნო უფლების განხორციელების გარეშე ვერ მოხდება. სწორედ კენჭისყრის დღე წარმოადგენს მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისს. წარმომადგენლობით დემოკრატიაში ყველა პროცესი ხმის მიცემით იწყება.

საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს მოქალაქეებს ისარგებლონ აქტიური საარჩევნო უფლებით. ხშირად, მოქალაქეები თავს იკავებენ და არ მონაწილეობენ არჩევნებში, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ხმას საარჩევნო პროცესზე არანაირი გავლენა არ ექნება. ისტორიაში კი, არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა თუნდაც, ერთ ხმამ გადაწყვიტა კონკრეტულ უბანში არჩევნების ბედი. ამიტომ, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც მსგავსი აზრის მატარებელია მცდარია, საარჩევნო პროცესში ნებისმიერი ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია.

რა განაპირობებს არჩევნების სისტემისადმი პესიმისტურ განწყობას?

თათია ქინქლაძე: არჩევნების მიმართ პესიმისტურ განწყობას მეტწილად განაპირობებს, არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, მათივე საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების შეუსრულებლობა. არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები კვლავ დღის წესრიგში რჩება, რაც მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის განწყობებზე და უკარგავს მათ სურვილს, არჩევნების გზით ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

უნდა გვესმოდეს, რომ სოციალური გარემოს ცვლილება შეუქცევადია. იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვანია გავაკეთოთ არჩევანი. თუ არ ვისარგებლებთ საარჩევნო უფლებით კიდევ უფრო შემცირდება ჩვენი გავლენა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე.

რა უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში აქტიური და დაცული პროცესი გახდეს? როგორია, მაგალითად, თქვენი ორგანიზაციის როლი დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის საქმეში?

თათია ქინქლაძე: საარჩევნო პროცესი ჩვენთვის მხოლოდ არჩევნების დღეზე დაკვირვებას არ გულისხმობს. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიანი წინასაარჩევნო დაკვირვება 1 აგვისტოდან დავიწყეთ. მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 69 გრძელვადიანი დამკვირვებელი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მონიტორინგის პროცესში ორგანიზაცია აკვირდება არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად არის არჩევნებისას დაცული საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესები, არამედ, სხვა საკითხებს, რომელიც, შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში, დარღვევად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

არჩევნების დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც 1000-მდე დამკვირვებლისგან შედგება. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრი. სამართლიანი არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებს, ტრადიციულად, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დააკვირდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან" ერთად. პორტალის მიზანია, დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, როგორც წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. მსურველს შეუძლია, ეწვიოს ამ პორტალს და სარჩევნო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ, მოგვაწოდოს ინფორმაცია , რომელიც ჩვენ საარჩევნო რუკაზე განთავსდება.


 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org