თბილისი. „უსაფრთხო სათამაშოს" კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი საცალო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა და კამპანიის მიზნები გააცნო.
სახალხო დამცველის განცხადებით, ბაზრის ზედამხედველობის ორგანო კანონით არ არის განსაზღვრული და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება – მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არ არსებობს ხარისხს მაკონტროლებელი რეგულაცია, არც მონიტორინგის სისტემა და შესაბამისად არც კონკრეტული სანქციები.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სათამაშოების ხარისხის რეგულაციების შემუშავების კუთხით საქართველოს მთავრობის მზაობას, თუმცა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა 2019 წლისთვის იგეგმება და მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები, რათა წარმოებასა და იმპორტში ჩართული მხარეები მზად იყვნენ ცვლილებისთვის.
უსაფრთხო სათამაშოების კამპანიის ფარგლებში უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშოს" ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდი