თბილისი. "არა-ფობიას!”-ში შემავალი ორგანიზაციები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმას თან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 17 აპრილს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ გეგმის შემუშავება არ მომხდარა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მეორე მხრივ კი გეგმაში არ ასახულა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების (მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების, შშმ ქალების) სპეციფიკური საჭიროებები.
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების პრობლემებს და იზრუნოს მათი გადაჭრის გზების მოძიებაზე. ორი ან მეტი ნიშნით დისკრიმინირებული ქალების ინტერესების გაუთვალისწინებლობა ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს მათ საჭიროებებს, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანების მძიმე სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობას გენდერული თანასწორობის ჭრილში და ტოვებს ამ კუთხით დაგეგმილი სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: http://www.gdi.ge