სამოქალაქო სექტორის პლიუსები და მინუსები

სამოქალაქო სექტორის პლიუსები და მინუსები

რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ სამოქალაქო სექტორში, შეცვლიან თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკას საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ – ამ საკითხებზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების მენეჯერს ზაალ ანჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

ესაუბრა ლალი შალვაშვილი

ბატონო ზაალ თქვენი აზრით, როგორი იყო არჩევნებამდე და როგორია არჩევნების შემდეგ სამოქალაქო სექტორი? რა შეიცვალა? მართალია ცოტა  დრო გავიდა და შესაბამისად,  ამომწურავი პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ გარკვეული მოსაზრება გექნებათ... 

ზაალ ანჯაფარიძე  – რაიმე ძირფესვიან და დრამატულ ცვლილებას ვერ ვატყობ, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო სექტორი არ შეცვლილა არჩევნების შემდეგ, ისე, როგორც ის 2003 წლის არჩევნების შემდეგ  შეიცვალა. მაშინ სამოქალაქო სექტორი დასუსტდა, რადგან ახალმა ხელისუფლებამ მის მიმართ მიდგომები შეცვალადა მისი იგნორირება დაიწყო. მსგავსება ისაა, რომ როგორც მაშინ, ისე ახლაც, არჩევნების შემდეგ, სამოქალაქო სექტორის არაერთი წარმომადგენელი გადავიდა ხელისუფლებაში სამუშაოდ. ეს, გარკვეულ წილად იმ ტენდენციაზე მიუთითებს, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი კვალიფიციურ ადამიანებს სწორედ სამოქალაქო სექტორში ეძებს, რაც ერთგვარი ინდიკატორია, რომ სექტორში თავი მოიყარა კვალიფიციურმა და მომზადებულმა პერსონალმა და იგი გარკვეულ საკადრო რესურსს წარმოადგენს. იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე სიტუაციასთან შეჯახება არ მოგვიწევს, რაც მანამდე მოხდა – ხელისუფლებაში გადასულმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გვერდზე გადადეს ის ღირებულებები და ფასეულობები, რასაც ადრე ემსახურებოდნენ და უჩვეულო ამპლუაში მოგვევლინენ.

არჩევნების შემდეგ ერთი ტენდენცია შეიმჩნევა, სამოქალაქო სექტორი, ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, აქტიურად და მყისიერად რეაგირებს იმ შეცდომებზე, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ მოსდის ახალ ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიურია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებიდან ცოტა დრო გავიდა და დაკვირვება სჭირდება, თუ რას გააკეთებს სამოქალაქო სექტორი, იქნება თუ არა იგი იმ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში აქტიური, რომელსაც გეგმავს ახალი ხელისუფლება სხვადასხვა სფეროში. ფაქტია, რომ ბევრ სფეროში უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიდგომები გადასახედია. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში არაერთი პროექტის განხილვა მიხდება, რომელთა ავტორებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. შემიძლია გითხრათ, რომ არის აქტიური მცდელობები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, რომ ისინი ამ ეტაპზევე ჩაებან იმ განხილვების პროცესში, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით იწყებს.

ვმონაწილეობდი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაში, სადაც მიღწეულ იქნა სიტყვიერი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, თანამშრომლობის პირობები დახვეწის პროცესშია და იმედი მაქვს, რომ ეს არ დარჩება სიტყვიერ მზაობად და იგი შეიძენს კონკრეტულ ფორმებს. მსგავსი მზაობა ადრეც იყო გამოთქმული, მაგრამ ცოტა ხანში წინა ხელისუფლებამ დაივიწყა ყველაფერი და გამოვიდა სამოქალაქო სექტორის კონტროლიდან. ახლა მე ვხედავ ხელისუფლების მზაობას, რომ სამოქალაქო სექტორთან სერიოზული ურთიერთობები ააწყოს, გამოიყენოს მისი პოტენციალი და ამასთანავე სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც არის ჯანსაღი კრიტიციზმი ხელისუფლების მიმართ.

ცნობილი მოვლენების პარალელურად, დაკავებებს ვგულისხმობ, გამოჩნდნენ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო სექტორის სახელით იაქტიურონ და დაკავებები გააპროტესტონ. იქმნება ახალი ორგანიზაციები, რომლის წევრებიც საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან როგორც, წინა ხელისუფლების მხარდამჭერები. ყოველივე ეს ჩემში კითხვებს ბადებს, კერძოდ – ამ ადამიანებისგან, რომლებიც ეხლა აპროტესტებენ დაკავებებეს, ბოლო 8–9 წლის განმავლობაში არანაირი კრიტიკული გამოსვლა არ გაგვიგია, მაშინ, როდესაც საქართველოში მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და მთელ რიგ არადემოკრატიულ პროცესებს ჰქონდა ადგილი, მათი ორმაგი სტანდარტი ჩემთვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება გამოთქვან საკუთარი აზრი. ეს ესეც უნდა იყოს და რაიმე შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. სხვა საქმეა, თუ რამდენად ენდობა მათ საზოგადოება, სჯერა თუ არა მათი განცხადებებისა, და როგორ აღიქვამს მათ გამოსვლებს. 

საზოგადოებას, რა თქმა უნდა,  ექნება თავისი შეხედულება და ნდობა თუ უნდობლობა ამა თუ იმ ორგანიზაციის მიმართ... 

ზაალ ანჯაფარიძე – რა თქმა უნდა. ზოგადად როგორც კვლევები აჩვენებს საზოგადოების ნდობა არასამთავრობოების მიმართ მწირია. 

თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? ხშირად, როცა სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრობენ, გულისხმობენ საზოგადოებას, აქვს თუ არა სექტორს ასეთი მანდატი და ახდენს თუ არა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენას? 

ზაალა ანჯაფარიძე – ჩვენ შეიძლება კვლევების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვქონდეს – რაღაც ნაწილში ვენდოთ, რაღაც ნაწილში არა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორის მიმართ საზოგადოების ნდობის, მათი ცნობადობის მაჩვენებლები თითქმის არ იცვლება. მცირე მატება შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა, რომ სამოქალაქო სექტორმა განაცხადოს რომ მას აქვს საზოგადოების სრული ნდობა და მის ზურგს უკან დგას საზოგადოების დიდი ნაწილი, და რომ ისინი საზოგადოების პოზიციას ახმოვანებენ. საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს შორის ვერ დამყარდა ისეთი ურთიერთობა, რომ სექტორმა წარმოადგინოს ფართო ფენები –  ისინი უფრო აღიქმებიან, როგორც ელიტარული, საკუთარ წრეში ჩაკეტილი და მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, გარკვეული კამპანიის ჩატარების მიზნით გადიან საზოგადოებაში. ამ მიმართულებით სურათი პოზიტივისკენ იცვლება, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა.

სამოქალაქო სექტორი საზოგადოებისთვის გარკვეული „გზაა", საშუალებაა რომ თავისი ხმა, მოსაზრება მიიტანოს ხელისუფლებამდე, რატომ ვერ ხერხდება ეს? რა არის ამის მიზეზი?

ზაალ ანჯაფარიძე –  ერთ–ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, ვერ ახერხებს საკუთარი თავის პრეზენტირებას ფართო საზოგადოების წინაშე, ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. კომუნიკაცია მყარდება იმ შემთხვევაში თუ იგი რომელიმე დონორის მიერ დაფინანსებული პროექტით არის განსაზღვრული და მოითხოვს მაგალითად თემის მობილიზაციას და ა.შ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ აქვს საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარ–ჩვევები, ამის საშუალებას მათ არ აძლევთ სუსტი ფინანსური და ინსტიტუციონალური მდგრადობა. იმისათვის, რომ საზოგადოებასთან დაამყარო აქტიური კომუნიკაცია უნდა გქონდეს ინსტრუმენტები, საშუალებები, იცოდე  როგორ გამოიყენო ისინი. მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფლობს ამ უნარ–ჩვევებს, აქვს ამის რესურსები, აქვს განვითარების დონე, სარგებლობენ საზოგადოების ნდობით, იციან თავიანთი ბენეფიციარების წუხილები, მოთხოვნები და ამაზე სისტემატურად ზრუნავენ. 

ალბათ, ასე ვთქვათ „ვოჩდოგებს" გულისხმობთ, ასეთ ორგანიზაციებს ყველაზე მაღალი რეიტინგები აქვთ... 

ზაალ ანჯაფარიძე – არამარტო მათ, ასევე ადამიანის უფლებების დამცველ, სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფასო კონსულტაციებს სთავაზობს საზოგადოებას, სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები სხვადასხვა საქმიანობას ასწავლიან და ა.შ. თუმცა ასეთი ორგანიზაციები ცოტაა, მაგრამ ტენდენცია იზრდება, ამას დონორმა ორგანიზაცირებმა ხელი უნდა შევუწყოთ. მუდმივად კონტაქტი გვაქვს ორგანიზაციებთან – ვხვდებით და ვისმენთ მათ პრობელმებს, მიღწევებს. მაგალითად კახეთში მუშაობენ ორგანიზაციები, რომლებიც სოციალურ მეწარმეობაში არიან ჩართულნი, რეგიონის მოსახლეობის ინტერესი ამ მიმართულებით არის და თუ მას ხელს შევუწყობთ, უფრო მეტი მოსახლე ჩაერთვება ამ საქმიანობაში, რაც მათ თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს.  

პროცესი ნელა მიდის, თუმცა სურვილი არის რომ უფრო სწრაფად წავიდეს, მაგრამ ამას ბევრი ხელის შემშლელი გარე ფაქტორიც აქვს – მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ფონი, რომელიც მაინცდამაინც არ უწყობს ხელს სამოქალაქო აქტივობას. ადამიანების უმეტესობა ფოკუსირებულია ყოველდღიურ პრობლემებზე. როდესაც ასეთი ფონია, ცოტა რთულია ადამიანს მოსთხოვო სამოქალაქო აქტივობა, თუმცა თუ მას პირადად რაიმე ეხება ის აქტიურია, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარება, რომ მან მისი ენერგია საჭირო მიმართულებით წარმართოს, გარკვეულ შედეგებსაც აღწევენ. ასე რომ მთლად პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. 

სამოქალაქო სექტორისთვის ერთ–ერთი მთავარი პარტნიორი  საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, მათ გარეშე პრაქტიკულად სექტორის საქმიანობა შეუძლებელია. კარგია,  თუ – ცუდი,  ამაზე არ ვსაუბრობთ, რეალობაა ასეთი. სწორედ ამიტომ საზოგადოებრივ სექტორს დონორების შემოთავაზებულ საგრანტო კონკურსებზე მორგება უწევთ, რამდენად ძლიერია სექტორი, საიმისოდ რომ თავად შესთავაზოს თემატიკა საერთაშორისო ორგანიზაციებს? 

ზაალ ანჯაფარიძე – არასამთავრობო სექტორის დაფინანსების დაახლოებით 90 პროცენტი დონორებიდან მოდის. დაფინანსება თუ შემცირდება ეს დარტყმა იქნება სექტორისთვის. უმეტესობას სხვა სფეროში მოუწევს საკუთარი თავის ძიება, რადგან დაფინანსების გარეშე თავიანთ იდეებს ვერ განახორციელებენ. 

რაც შეეხება პროგრამების დაგეგმვის პრაქტიკას, დონორი პროგრამის დაგეგმვას და დიზაინს წინასწარი კონსულტაციებისა და შესწავლის შემდეგ იწყებს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ არასამთავრობოებთან, ექსპერტებთან, სათემო ჯგუფებთან, აქტიურ მოქალაქეებთან და ვცდილობთ, რომ მათგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე დავგეგმოთ პროგრამები. შეიძლება ორგანიზაციების ნაწილმა დაიწყოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც არ შედის მის ტრადიციულ საქმიანობაში, მაგრამ უმეტესწილად დონორების პროგრამები წინასწარი შესწავლის საფუძველზეა შედგენილი. მაგალითად ჩავატარეთ კვლევა საქართველოში მოხალისეობის კულტურისა და მოხალისეობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ, კვლევის შედეგების მიხედვით შედგა მოხალისეობის პროგრამა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროგრამებზეც. ასე მუშაობენ სხვა დონორებიც. შეიძლება რომელიმე პროგრამა ბოლომდე არ მიესადგებოდეს ადგილობრივ მოთხოვნებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს პროგრამები შექმნილია კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე.  

თუმცა ზოგჯერ გამოითქმის მოსაზრებები, რომ პროგრამული და პროექტული გადაფარვებიც ხდება... 

ზაალ ანჯაფარიძე – გადაფარვები არის, მაგრამ ამასაც პოზიტიური კუთხით ვუყურებ, თუკი ერთი პროგრამის ფარგლებში შექმნილ რესურსს მეორე პროგრამა გამოიყენებს, ეს ნიშნავს, რომ რესურსი ძლიერდება და ფართოვდება. მთავარია არ მოხდეს დუბლირება – ეს უკვე ნეგატიურია. ჩვენი ფონდი ცდილობს თავი დაიზღვიოს, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ აპლიკანტებს, რომ კარგად შეისწავლონ სიტუაცია -  ხომ არ არის სხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მსგავსი პროექტი. ჩვენ თვითონაც ვცდილობთ ვიყოთ კონტაქტში სხვა დონორებთან და ორგანიზაციებთან, რათა  მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. 

თქვენი აზრით პოლიტიკური პროცესების ცვლილება, ახალი რეალობის შექმნა რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე? მოსალოდნელია თუ არა საქმიანობის ცვლილება?

ზაალ ანჯაფარიძე – ამის ალბათობა არის, რადგან როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, შეიცვალა დონორების პრიორიტეტებიც. უფრო მეტი ფულადი სახსრები მიემართა ახალი ხელისუფლების დასახმარებლად. შესაბამისად შემცირდა მათი ყურადღება და დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ამანაც შეუწყო ხელი არასამთავრობო ორგანიზაციების დასუსტებას. საერთოდ, დონორების პოლიტიკის ნიშანთვისებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უპასუხონ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მოქნილნი იყვნენ ცვლილებების მიმართ. როგორ შეიცვლება დონორთა პოლიტიკა უახლოეს მომავალში ეს, ალბათ, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც თვალნათელი გახდება ახალი ხელისუფლების პრიორიტეტები და  როდესაც იგი მათ განხორციელებას დაიწყებს.  

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დონორები მეტ ყურადღებას მიმართავენ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისკენ, რათა ახალი ხელისუფლების საქმიანობის პროფესიული და ზედმიწევნითი მონიტორინგი განხორციელდეს, რადგან გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ წინა ხელისუფლება გამოვიდა სამოქალაქო სექტორის კონტროლიდან და, ამან კი დემოკრატიის კუთხით კარგი შედეგები არ მოიტანა. მე რომ ვიყო დონორის პოლიტიკის განმსაზღვრელი, უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი, რომ სამოქალაქო სექტორის კონტროლი ახალი ხელისუფლების საქმიანობის ყველა სფეროზე გაძლიერდეს და ამის ახალი ფორმები მოიძებნოს. მაგალითად, საქართველო შეუერთდა ღია მთავრობის პლატფორმას, რაც გულისხმობს ელექტრონული მთავრობის შექმნას და აქტიურ კომუნიკაციას მთავარობასა და მოქალაქეებს, მთავრობის წევრებს შორის ელექტრონული ფორმით. აქ დიდი საშუალებები და პერსპექტივებია, რომ სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება ახალ ურთიერთობებზე გადავიდნენ და შეიქმნას ის ინსტრუმენტები, რაც დასავლეთში აპრობირებულია. ჩვენთან ამ კუთხით პირველი ნაბიჯები იდგმება, რამდენიმე ორგანიზაცია ფლობს ამ ინსტრუმენტებს და თვალყურს ადევნებენ თუ როგორ ხდება სამინისტროების ვებგვერდების განახლება, კითხვებზე რეაგირება. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს. 

ზოგადად ვისაუბროთ სამოქალაქო სექტორის პლუსებზე და მინუსებზე... 

ზაალ ანჯაფარიძე – არჩევნებამდე სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ აქტიური იყო, სწორედ მათი აქტიურობის შედეგია საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, არასამთავრობოებმა  დაანახეს საერთაშორისო საზოგადოებას, ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ქმედითი და მათი მეშვეობით საზოგადოება საუბრობს. „მასთ ქერი" – ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, საზოგადოებას გაუჩნდა სურვილი მიეღო ალტერნატიული ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებასთან საუბრობდნენ ამ საკითხზე, ფაქტიურად საზოგადოებას წარმოადგენდნენ. ხელისუფლებამ ეს იცოდა და სწორედ ამიტომ დაჯდა მათთან სასაუბროდ. ეს საზოგადოებრივ მოთხოვნებზე გამოხმაურების კარგი მაგალითია. გამოხმაურება ოპერატიული იყო.  შეიმუშავეს სათანადო ინიციტივები, რომელიც ხელისუფლებას წარუდგინეს, მისი იგნორირება ხელისუფლებას აღარ შეეძლო. ასე რომ სამოქალაქო სექტორს უფრო პლუს დავუწერდი, თუმცა ვისურვებდი რომ ეს პროცესები შენარჩუნდეს და განვრცობილ იქნას ადგილობრივ დონეზე. დედაქალაქისა და რეგიონის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინსტიტუციურ, პროფესიულ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დონეზე, დიდი სხვაობაა. მინუსად საზოგადოებასთან ნაკლებ კომუნიკაციას დავასახელებდი. საზოგადოების დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აღიქვამენ უცხო ღირებულებების მატარებელ ორგანიზაციებად, უშუალო სიახლოვე საზოგადოებასთან ვერ დამყარდა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ სამოქალაქო სექტორმა ვერ მოიძია ალტერნატიული დაფინანსების წყაროები. სუსტია ბიზნესსა და მათ შორის კავშირი. თუმცა ეს ორმხრივი პრობლემაა. ბიზნესი მათ მიმართ არ არის ნდობით განსჭვალული. მეორე მხრივ, სექტორი ვერ ახერხებს თავის სათანადოდ პრეზენტირებას. 

დაგვისახელეთ ის სამი ღირებულება, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს სამოქალაქო საზოგადოება. 

ზაალ ანჯაფარიძე – ჩემი გადმოსახედიდან ეს არის პატიოსნება, პროფესიონალიზმი, პრინციპულობა.


მსგავსი პოსტები