თბილისი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მოხალისეობის შესახებ" კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტმა კანონის პროექტი 10 ნოემბერს განიხილა, რომლის ინიციატორიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, ხოლო ავტორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისის, მასპინძელი ორგანიზაციისა და მათ მესამე პირებთან ურთიერთობებს. მოხალისეობად განისაზღვრება ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებულ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.
კანონპროექტის მიხედვით, მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობაში მონაწილეობს მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალიესეობითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის ინტერესს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებით და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
პროექტით გათვალისწინებულია მასპინძელი ორგანიზაციის ცნება, განისაზღვრება მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები. კანონპროექტით რეგულირდება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მოხალისეობით ურთიერთობებს, კერძოდ, მოხალისეობის განხორციელებისას დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, უსაფრთხოების გარემოს, მოხალისის პასუხისმგებლობას და ა.შ.
წყარო: parliament.ge