საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობით შეიქმნა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა", რომლის მიზანია უზრუნველყოს „ღია მმართველობის პარტნიორობის" და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა" ითვალისწინებს 18 ვალდებულებას, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფისა და „საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის" მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის" ვალდებულებები ჩამოყალიბებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ოთხი ძირითადი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ, ეს პრინციპებია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგიები და ინოვაცია.
2015
2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მას 145–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეუერთდა. მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს. მემორანდუმი პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის ახალ სტანდარტებს აწესებს.
როგორც აღვნიშნეთ მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს. მიერეთება შესაძლებელია ელ–ფოსტის საშუალებით (eka@civilin.org), ან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში მისვლით და დოკუმენტზე ხელმოწერით (მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 2. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი).
2013
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის დოკუმენტის პირველად ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. კონცეფცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების პოლიტიკის უმთავრეს საპროგრამო დოკუმენტს, რომლის მიზანია წაახალისოს სამოქალაქო ინიციატივები, შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის საჭირო გარემო და უზრუნველყოს მათი რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით, საქართველოს პარლამენტმა აიღო ვალდებულება, რომ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად შეემუშავებინა და მიეღო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა კონცეფციის პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა აქტიურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა (მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს), საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაისახა მონაწილეობითი პროცესის წარმართვა. ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა დოკუმენტის საჯარო განხილვა საქართველოს 8 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ახალციხე, გორი და თელავი) მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. რეგიონებიდან მიღებული უკუკავშირისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოხდა კონცეფციის დოკუმენტის რევიზია და სრულყოფა. ასევე აღსანიშნავია, რომ კონცეფციის აქტიური განხილვა მიმდინარეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის" ქვე-ჯგუფში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის სამუშაო ვერსია უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-პორტალზე და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება გაეცნოს კონცეფციის პირველად დოკუმენტს. თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: eka@civilin.org
2013