თბილისი. „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ევროპის დღეებს უერთდება.
„10-დან 20 მაისის ჩათვლით ქსელის წევრი ორგანიზაციები რეგიონებში შეხვედრებს ჩაატარებენ, რომელზეც ისაუბრებენ დასავლური ღირებულებების შესახებ და იმ ანტიდასავლურ გზავნილებზე, რომელიც ხშირად ვრცელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებით.
სემინარზე დამსწრე საზოგადოება მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ანტიდასავლურ კამპანიას. შეხვედრებზე განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები, რომელთა საფუძველზე მონაწილეები მიიღებენ კონკრეტულ წარმოდგენას როგორც ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ასევე მისი გამოვლენისა და მასთან ბრძოლის ტექნიკებზე. ქსელის წევრი ორგანიზაციები დამსწრე საზოგადოებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემებზე საკუთარ მოსაზრებებსაც გაუზიარებენ და სემინარის მონაწილეებთან დისკუსიას გამართავენ.
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", ნათქვამია პორტალზე cso.ge.
წყარო: www.cso.ge