en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია

თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზზაციებმა დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარადგინეს ღია წერილი, რომელიც გაეგზავნება საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ევროპის პარლამენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარ იოჰანეს ჰანსს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. წერილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადებას შეეხება.
„გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს", - ნათქვამია წერილში.
„„ქართული ოცნება" საზოგადოებას დაპირდა, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა და გახდებოდა უფრო სამართლიანი. ზუსტად ამ მოლოდინით ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დავთანხმდით საკონსტიტუციო კომისიის წევრობას. კომისიის მუშაობის განმავლობაში, ღიად დავაფიქსირეთ ყველა ჩვენი რეკომენდაცია და წუხილი როგორც საკონსტიტუციო კომისიის წინაშე, ისე ეროვნული მედიის საშუალებით და საჯარო შეხვედრებზე. ასევე, ჩვენი მოსაზრებები მივაწოდეთ ვენეციის კომისიას და არ დავიშურეთ ძალისხმევა, რათა ხელი შეგვეწყო კონსტრუქციული, ყოვლისმომცველი და კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის" - აცხადებენ წერილის ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
„მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უგულებელყო არამარტო ვენეციის კომისიისგან მიღებული პასუხი, არამედ ასევე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი პროცესი, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებები; და არსებული ყველა მოლოდინის და პროექტის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგოდ, ცვლილებების დანერგვა საარჩევნო სისტემაში გადადო 2024 წლამდე (მომდევნო არჩევნების შემდგომ მორიგ ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნებამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქართულმა ოცნებამ" თავიდან კი განაცხადა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა რეფორმირებულ უნდა იქნეს, რათა უფრო სამართლიანი გახდეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა იგი მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული დაპირებების, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; და ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს" - ვკითხულობთ წერილში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ არ დაამტკიცოს ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციაში.
სრულად
წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023