თბილისი. ყაზბეგში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG Kazbegi) ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება „ჩვენებური ხელნაკვეთი".
მოხალისეთა ჯგუფის ძალისხმევით, ყაზბეგის ცენტრალურ პარკში ორგანიზებული იქნა გამოფენა-გაყიდვა, მუსიკის თანხლებით. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელოვანები რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ თავისუფალ სივრცეში წარმოეჩინათ ნაკეთობები, ნახატები, ნაქარგები, თექით შესრულებული ნამუშევრები. ასევე, წარმოდგენილი იყო მოხალისეთა მიერ მომზადებული საკვები, ტკბილეული.
საღამოს ორგანიზება გათვლილი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო ღონისძიებაში ჩართულობაზე ასევე ვიზიტორთათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის უკეთ გაცნობაზე. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივა მსგავსი ღონისძიებების ტრადიციად ქცევას ითვალისწინებს და ყაზბეგის მცხოვრებლებს მათში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
წყარო: „ყაზბეგის განვითარების ჯგუფის" გვერდი სოციალურ ქსელში