თბილისი. 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. მსოფლიო მხარს უჭერს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას და ხმას იმაღლებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
„საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და მომსახურებების ნაკლებობა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდული რაოდენობა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა. გაწეული მომსახურების ხარისხი, პერსონალის სიმწირე და კვალიფიკაცია.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ყველა პირს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებაში. უზრუნველყოს მათი სათანადო მხარდაჭერა, რათა სხვა პირთა თანაბრად შეძლონ სრული მონაწილეობა საზოგადოებაში", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge