თბილისი. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დისკუსია თემაზე - საქართველოს ბიომრავალფეროვნება გაიმართა.
„ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, მის წინაშე მდგარ პრობლემებსა და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, მონიტორინგის სისტემა, წითელი ნუსხის სახეობები, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები, ველური ფრინველების დაცვის შესახებ დირექტივა და ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში