თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნათია ზოიძის განცხადებას ეხმიანება.
„ნათია ზოიძე აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე, ამბობს, რომ საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას.
ამავდროულად, საბჭოს წევრი - ბეჟან გობაძე საუბრობს, რომ ორი წევრი, რომელმაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ისევ ერთობლივად ცდილობენ სამთავრობო კანდიდატის ლობირებას.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესებში ჩართულმა ყველა პირმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რათა შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge