თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „გრაფიკას“ სოციალური მედიის მკვლევრებმა გამოააშკარავეს და დეტალურად აღწერეს 6 წლის განმავლობაში ფარულად მიმდინარე რუსული საინფორმაციო ოპერაცია.
„Secondary Infektion ოპერაცია ძირითადად უკრაინას, აშშ-სა და თურქეთს ეხებოდა, თუმცა მათ გარდა დეზინფორმაციის სამიზნედ ბევრი სხვა სახელმწიფოც იყო შერჩეული. „გრაფიკას“ მიერ მომზადებულ ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიები.
აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საქართველო წარმოჩენილი იყო, როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არ არის ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისათვის. ამის მიზეზად სახელდებოდა საქართველოს რბილი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და დასავლურ ფასეულობებთან შეუსაბამობა. რუსული საინფორმაციო ოპერაცია ასევე მოიცავდა გზავნილებს, თითქოს საქართველო არ არის სანდო ქვეყანა კორუფციის მაღალი რისკის გამო; რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და შესაბამისად, არაპროგნოზირებადია“, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)