თბილისი. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტები, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს. ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას უფლებათა შეზღუდვის „ლეგიტიმურობის ტესტთან“ დაკავშირებით.
„...როცა ქვეყენაში უამრავი გამოწვევაა და საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გაუგებარია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის რომელი პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, მით უფრო, რომ განმარტებით ბარათებში ამის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა და საქართველოს პარლამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამავდროულად, მოსახლეობის პრიორიტეტი, არაერთი სოციალური გამოკითხვის თანახმად, მწვავე შრომითი და სოციალური პრობლემების გადაჭრაა, რაც, ასევე, არის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.
პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს და გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად“.
წყარო: gtuc.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)