იმერეთი. „ბიზნესმენები პოლიტიკაში და პოლიტიკოსები ბიზნესში", „გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები" - ამ საკითხებზე, 12 თებერვალს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. შეხვედრის მიზანს საზოგადოებისთვის კვლევების პრეზენტაციის გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო კომპანიების კავშირებს ეხებოდა. „განვიხილეთ კერძო კომპანიები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ამა თუ იმ თანამდებობის პირთან, ასევე ის კომპანიები, რომლებიც სარგებელს იღებდნენ სახელმწიფოსგან. მაგალითად, სახელწიფოს შესყიდვების გზით მიღებული თანხები, ასევე ექსკლუზიური ლიცენზიები, საგადასახადო შეღავათები, პრივატიზაციის გზით მიღებული ქონება და ა.შ. ანუ ის შემთხვევები, სადაც კორუფციის ეჭვი არსებობს", - აღნიშნა ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა, ერეკლე ურუშაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
მონაწილეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების თემამ და 2012-2013 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების კვლევის საფუძველზე გამოკვეთილმა ტენდენციებმა.