თბილისი. ორგანიზაცია„ახალგაზრდა ადვოკატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგის დადგენის მიზნით, სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებენ. ორგანიზაცია გამოკითხვას თბილისის მასშტაბით აწარმოებს და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 1 000 მოქალაქეს გამოკითხავს.
კითხვარი ექვს შეკითხვას აერთიანებს. მოქალაქეებს პასუხის გაცემა მოუწევთ შემდეგ კითხვებზე: მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, იცნობენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, თბილისის მერის თანამდებობაზე რომელი კანდიდატი მოსწონთ, ახალმა გამგებლებმა და საკრებულოს წევრებმა , რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად, რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და რა განაპირობებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას.
„ახალგაზრდა ადვოკატები" კვლევის შედეგებს 8 ივნისს წარმოადგენენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში