en
ge

სახელწიფო გრანტები - მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები

სახელწიფო გრანტები - მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები

სახელმწიფო საგრანტო დაფინანასების არსებული პრაქტიკა კითხვის ნიშნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამჭვირვალობის თვალსაზრისით უჩენს. ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ, დღეისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ამ რესურსს ხელისუფლება, ძირითადად. მის მიმართ ლოიალურად განწყობილი სსო-ების დასაფინანსებლად იყენებს. დასტურად, მათ სახელმწიფო გრანტის როგორც გაცემის, ისე - მონიტორინგის დაუხვეწავი მექანიზმები მოჰყავთ. პირველის თაობაზე, ჩვენი პუბლიკაციების ციკლში, ნაწილობრივ, უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად, სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების შედეგების მონიტორინგის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ. 

მიმოხილვა ეყრდნობა 4 კვლევას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში გაცემული მცირე გრანტებით ჩატარდა. 2019 და 2020 წლებში გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულმა სსო-ებმა - „მწვანე კავკასიამ“, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ - სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ 2016-2017-2018-2019 წლებში სახელმწიფო გრანტების გაცემის არსებული პრაქტიკა შეისწავლეს. კვლევის საგანს წარმოადგენდა როგორც გრანტის გაცემის დაგეგმვა, ისე - მისი გაცემის პროცესი, გაცემული გრანტის მონიტორინგი და შეფასება. 

კვლევების შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთო, თუნდაც, მინიმალური სტანდარტები ამ მიმართულებით არ არსებობს, სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ განხორციელებული პროგრამების პროცედურები ერთმანეთისაგან განსხვავდება, ვინაიდან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაა შემუშავებული, თუმცა, ძირითადი პრინციპები ყველგან ერთნაირია. გამოიკვეთა, რომ: 

  • საგრანტო პროგრამის ეფექტურობა არ მოწმდება გაცემული გრანტებით შესრულებული პროექტების შედეგების ანალიზის საფუძველზე; 
  • საკმაოდ დაბალია როგორც პროგრამების მიმდინარეობის, ისე - ცალკეული გრანტების ფარგლებში მიღწეულ შედეგების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების ხარისხი. მართალია, ამ ინფორმაციის ნაწილის მოპოვება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვავაში შესაძლებელია, მაგრამ პროაქტიულად მისი დიდი ნაწილი არ ქვეყნდება; 
  • საგრანტო პროგრამების განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუციები, მცირე გამონაკლისის გარდა, არ შეისწავლიან უშუალოდ ბენეფიციართა (მოქალაქეთა) კმაყოფილების ხარისხს; 
  • არ ხდება პროგრამების განხორციელების პროცესში მიღებული შედეგების ანალიზის გათვალისწინება შემდეგი წლის საგრანტო პროგრამების დაგეგმვისას; 
  • საგრანტო პროგრამების ეფექტურობის მონიტორინგის ვალდებულება, გრანტის გაცემის წესის მიხედვით, არც ერთ საჯარო უწყებას არ აქვს. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო საგრანტო პროგრამების ეფექტურობის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც განამტკიცებს ინტერვენციის საჭიროებას და განსაზღვრავს მიღწეულ შედეგებს. 

ორწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი, ძირითადად, ფინანსურ მონიტორინგს გულისხმობს და სახელმწიფო უწყებები, ამ მხრივ, მომთხოვნები არიან. ასე, მაგალითად: 

  • რიგ შემთხვევებში ზედმეტად გართულებულია ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება ის მოთხოვნები, რაც საჯარო სტრუქტურების ფინანსური ანგარიშგებისთვისაა გათვალისწინებული. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, რიგი მოთხოვნებს გრანტის მიმღებებს პოსტ-ფაქტუმ, პროექტების დასრულების შემდეგ უყენებენ რაც ანგარიშგების პროცესში გაურკვევლობას იწვევს; 
  • გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, გრანტის მიმღებისაგან მოთხოვნილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, რომელშიც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი შესრულებული სამუშაო და თან ერთვოდეს შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა, მონაწილეთა დასწრების ფორმა, სამართლებრივი დოკუმენტები, ხელშეკრულებები, გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები და ა.შ.; 
  • მონიტორინგის მექანიზმი მოიცავს სატელეფონო კომუნიკაციას, საველე ვიზიტებსა და ღონისძიებებზე დასწრებას. საველე ვიზიტები, ჩვეულებრივ, ხორციელდება გრანტის მიმღებ ორგანიზაციასთან შეთანხმების საფუძველზე და წინასწარ შედგენილი გრაფიკით; 
  • სახელმწიფო უწყებების ნაწილს აქვთ პროექტის მონიტორინგის დოკუმენტურად დადასტურებული ანგარიშები. სხვა უწყებების შემთხვევაში გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის, რაც ადასტურებს შესრულებულ სამუშაოს; 
  • ანგარიშგების ვადები განსხვავდება უწყებების მიხედვით. უმეტეს შემთხვევაში გვხვდება კვარტალური, ყოველთვიური და საბოლოო ანგარიშგება, თუმცა, არსებობს ყოველკვირეული ანგარიშგების პრაქტიკაც; 
  • იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფინანსური ანგარიშების შესწავლას საჯარო უწყებები საკუთარი შიდა რესურსებით ართმევენ თავს, რაც შეეხება საგრანტო პროექტების აუდიტს, ასეთი მიდგომა არც ერთი საჯარო უწყების შემთხვევაში არ გვხვდება. გრანტის გამცემები აღნიშნავენ, რომ საგრანტო კომპონენტი არის უწყების წლიური აუდიტის ნაწილი და განცალკევებულად მისი შეფასება არ ხდება.

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საგრანტო პროგრამის ეფექტურობის შეფასება. მათი აზრით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარებისა და ამ პროცესში საგრანტო პროგრამის როლის განსაზღვრის კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს მუდმივმოქმედი საგრანტო პროგრამის შემთხვევაშია, რადგან სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შედეგი მოიტანა კონკრეტული საგრანტო პროგრამის განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში. 

მოამზადა მაკა ჯაიანმა

მსგავსი პოსტები