ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს ტრენინგ-პროგრამას ახალგაზრდული და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის.
ტრენინგები ტარდება პროექტის - "ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება" - ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდული და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანებია:
- ცნობიერების გაზრდა წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ისეთი ძირითადი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სამართლიანი მმართველობა, მრავალფეროვნების პატივისცემა და ტოლერანტობის კულტურა;
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება პროექტების მართვის, თანხების მოძიების და მხარდამჭერთა მოზიდვის საკითხებში;
- ცოდნის ამაღლება ადვოკატირების ახალი სტრატეგიებისა და ახალი მედია საშუალებების გამოყენების თაობაზე.
ტრენინგები ჩატარდება 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში.
თითოეულ ტრენინგზე მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას საკითხის შესაბამისი ექსპერტებისა (როგორც უცხოელი, ისე ქართველი) და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მხრიდან.
ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დანერგვას.
ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნონ მისამართზე: tsereteli@osgf.ge არაუგვიანეს 2013 წლის 6 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: "OSGF Training Program".
მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კარგად დაასაბუთებენ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საჭიროებას; ასევე, მიღებული ცოდნის და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანის შესაძლებლობას. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტში უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების და დევნილთა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობას.
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების ჩატარდების ადგილის შესახებ.
შეკითხვებისთვის მიმართეთ:თამარ წერეთელი, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ასისტენტი
ტელეფონი: 225 0463
ელ.ფოსტა: tsereteli@osgf.ge