en
ge

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ინფორმირებულობის გაზრდა ევროინტეგრაციის პროცესებზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG) და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”
  • დაწყების თარიღი: 31.03.2014
  • ბოლო ვადა: 17.04.2014
  • ბმული: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=3715
პროგრამის შესახებ:
„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს გაეროს ასოციაცია" ფონდ „ღია საზოგადეობა-საქართველო"-სთან პარტნიორობით. სამოქალაქო ინტეგრაციის მცირე გრანტების კომპონენტი, რომელიც ფონდის მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და სამოქალაქო აქტივობის წახალისებას. მცირე გრანტები საშუალებას აძლევს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ჩამოყალიბდნენ საქართველოს სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვან და ქმედითუნარიან ნაწილად.
პრობლემის აღწერა:
„აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სამ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მიუხედავად ზოგადად ევროკავშირის მიმართ პოზიტიური განწყობისა, ბოლო წლებში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ (CRRC, 2011). პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სარგებლისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ინფორმაციის დროულად მიწოდება ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესებში მოქალაქეების ჩართულობისა და მხარდაჭერის გაზრდა/გაძლიერებას.
მიზანი:
კონკურსის მიზანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობისათვის ევროპული სტრუქტურების, ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის პროცესისა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის დადებითი მხარეებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება უმცირესობების ლინგვისტური, ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების შესახებ; ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ჩარჩო კონვენციის, რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ მომართული კონვენციებისა და სხვა ინსტრუმენტების შესახებ; ასევე ეთნიკური უმცირესობების აქტიური ჩართვა საქართველოს ევროპული მომავლის განხილვისა და შემდგომი ვალდებულებების გააზრების პროცესში.
შესაძლო ღონისძიებების ჩამონათვალი:
საპროექტო განაცხადები მხარს უნდა უჭერდნენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფონდი მხარს დაუჭერს ქვემოთ ჩამოთვლილი სახის საქმიანობას, თუმცა აპლიკანტები არ იზღუდებიან მხოლოდ ამ ჩამონათვალით:
საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები, საჯარო დისკუსიები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში;
ტრენინგები და სემინარები რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის;
სამუშაო შეხვედრები სტუდენტებთან თუ ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან;
რეგიონულ ორგანიზაციებსა და თბილისში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაიზიარება;
სადისკუსიო შეხვედრები ეთნიკურ უმცირესობათა თემებსა და ევრო-ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის; შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა თუ ექსპერტებთან;
ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საქმიანობაში აქტიურად ჩართვა და მათი ინტერესების გათვალისწინება სამუშაო ჯგუფების თემატური საკითხების განხილვის დროს;
მედია პროდუქტები, როგორიცაა რეგიონალურ სატელევიზიო არხებზე სოციალური რეკლამების დამზადება/გაშვება, ბეჭდვით მედიაში შესაბამისი სტატიების მომზადება, მიმდინარე ტელე ან რადიო თოქ-შოუებში ამ თემების განხილვა, და ა.შ.;
საინფორმაციო პროდუქტები, როგორიცაა ბროშურა, ყოველთვიური ბიულეტენი და ა.შ. (ვებ-გვერდების გარდა), რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოიცავენ ევრო-ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
საინფორმაციო კამპანია, რომელიც სამიზნე ინფორმაციასა და მესიჯებს ეფექტურად მიაწვდის ადგილობრივ საზოგადოებას/თემს;
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. პრიორიტეტი მიენიჭება საპროექტი განაცხადებს, რომელიც პროექტით შემოთავაზებულ საქმიანობას მეტწილად ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში განახორციელებს.
პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვეზე (დასრულდეს 31 ოქტომბრამდე). საგრანტო თანხა: 30 000 აშშ დოლარი. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ეროვნული პროგრამების სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით, ქართულენოვანი ფორმა, ინგლისურენოვანი ფორმა;
პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.
განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა, ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის შემთხვევაში განაცხადი ასევე მიიღება რუსულ ან ინგლისურ ენებზეც.
ფონდში საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 16:00 საათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. განაცხადის და დოკუმენტაციის შემოტანა უნდა მოხდეს როგორც ფონდის ოფისში ჭოველიძის (ყოფილის ბელინსკის) 10, ისე ელექტრონულად ელ.ფოსტის მისამართზე khatuna@osgf.ge .
კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ყოველ სამუშაო დღეს, 15:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.
საკონტაქტო პირი: ხათუნა იოსელიანი,
პროგრამის მენეჯერი.
ელ.ფოსტა: khatuna@osgf.ge
წყარო: osgf.ge