en
ge

საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელის მოწვეული ექსპერტი

პროექტის შესახებ

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან. 

პროექტის ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით; 
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები; 
  • სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში; 
  • სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაძლიერება პოლიტიკის დიალოგის პროცესში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების/საგრანტო დაფინანსების მოდელის ჩამოყალიბება და მისი დანერგვის ხელშეწყობა. 

სამუშაოს ზოგადი აღწერა

მოწვეული ექსპერტის ძირითადი ფუნქციაა საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების/სახელწმიფო საგრანტო დაფინანსების მოდელის შესახებ დოკუმენტის შემუშავება. დაფინანსების მოდელის შესახებ დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები და საუკეთესო უცხოურ გამოცდილება. გარდა ამისა, მოდელის შესახებ დოკუმენტი უნდა შემუშავდეს, ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

ექსპერტმა დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უნდა შეიმუშავოს, ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში. 

ძირითადი მოვალეობები

  • დაფინანსების მოდელის შესახებ ძირითადი მონახაზის/ხედვის დოკუმენტის შემუშავება; 
  • დაფინანსების მოდელის შესახებ დოკუმენტის პირველადი ვარიანტის შემუშავება; 
  • დაფინანსების მოდელის შემუშავება/განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; 
  • დაფინანსების მოდელის სხვადასხვა ფორმატებში განხილვაში და ლობირების პროცესში მონაწილეობა; 
  • დაფინანსების მოდელის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ჯგუფის წინადადებების შესაბამისად დაკორექტირება; 
  • დაფინანსების შემუშავებული მოდელის დანერგვის ხელშეწყობის პროცესში კონსულტირება. 

კვალიფიკაცია და უნარები

  • უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, ფინანსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); 
  • პოლიტიკის დოკუმენტების, კონცეფციების ან/და სამართლებრივი აქტების შემუშავების გამოცდილება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და გამოცდილება; 
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. 

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს

  • ინტერესის განაცხადი (სასურველი ანაზღაურების მითითებით); 
  • რეზიუმე/CV. 

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. სასურველი ანაზღაურება აუცილებლად მიუთითეთ ინტერესის განაცხადში. 

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების მოდელის მოწვეული ექსპერტი". მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: levani@civilin.org 

გაითვალისწინეთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.