ავტორები: თეკლე ქაროსანიძე, ლალი შალვაშვილი
კოვიდ–19–ის კონტექსტში რუსეთი და ჩინეთი აქტიურად მონაწილეობენ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ამის შესახებ არაერთი განცხადება და ანგარიში გაავრცელეს აშშ–სა და ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე კვლევითმა ორგანიზაციებმა. პანდემიის თემატიკას რუსეთი და ჩინეთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ. მიზანი უნდობლობისა და ეჭვის გაღვივებაა, სადაც კი ეს შესაძლებელია.
მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთმა და ჩინეთმა კოვიდ–19–ის პანდემიაც კი ანტიდასავლური განწყობების ფორმირებისთვის გამოიყენეს.
ტაქტიკა ასეთია: დეზინფორმაცია ან ყალბი ინფორმაცია, რაც შეიძლება ხშირად უნდა განმეორდეს, მშობლიურ ენაზე უნდა მოაწოდონ მომხმარებელს, თან ილუზია უნდა შეიქნას, რომ აღნიშნული ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი...
ამის ერთ–ერთი კლასიკური მაგალითია პოლონეთის მიმართ ცრუ ბრალდება, რომლის თანახმად პოლონეთმა იტალიის დასახმარებლად განკუთვნილი საშუალებებით დატვირთულ რუსეთის თვითმფრინავს პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. პოლონეთის ხელისუფლებამ სწრაფად გამოაქვეყნა პასუხი და ტყუილი უწოდა რუსი დეპუტატის ალექსეი პუშკოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. „პუშკოვმა ტვიტი წაშალა, თუმცა გავრცელების არეალი ფართო იყო“. რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ატლანტიკური საბჭოს ლაბორატორიის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულ განცხადებას 3,000,000 მილიონი ნახვა (Twitter impressions) ჰქონდა.
ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის (EUvsDisinfo) მონიტორინგის შედეგების მიხედვით 19 მაისის მდგომარეობით იტალიურ სპუტნიკზე გამოჩენილი დეზინფორმაციის შემცველი ეს მასალა იყო ყველაზე პოპულარული (იხილეთ სრულად...). ყალბი ინფორმაციით ზიანი დადგა, რადგან „დეპუტატის ეს განცხადება არაერთმა რუსულმა პროკრემლისტურმა გამოცემამ გამოაქვეყნა და პოლონეთის განცხადების შემდეგაც არ დააკორექტირა“, აღნიშნული მედიაჩეკერის ინფორმაციაში.
მაგალითისთვის, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ მოიძებნება ქართულ ენაზეც – მყვირალა და ყვითელი შინაარსის სათაურით (იხილეთ ...).
ყალბი ამბების შემოქმედნი
პროკრემლისტური ყალბი ამბების გამავრცელებლები 5 ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს. ამის შესახებ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის ანგარიშებშია ნათქვამი, ისინი 2015 წლიდან ადევნებენ თვალყურს დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას (სრულად...).
მარტი–აპრილში აქტიური დეზინფორმაციის წყაროები
პირველი ჯგუფი – დეზინფორმაციის გამავრცელებლები
რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაში არსებული ან მათთან აფილირებული ვებ–გვერდები. მაგალითად, RT (link is external), Sputnik (link is external), Pervy Kanal (link is external), rubaltic.ru (link is external);
რუსეთში რეგისტრირებული ვებ–გვერდები, რომლებიც ღიად არიან დაკავშირებული პროკრემლისტურ წრეებთან. როგორებიცა geopolitica.ru (link is external) და News Front (link is external);
რუსეთში რეგისტრირებული ვებ–გვერდები, რომლებსაც არ აქვთ აშკარა კავშირები კრემლთან. მაგალითად: Strategic Culture Foundation (link is external), South Front (link is external) და One World (link is external);
დანარჩენი ორი ჯგუფი ყალბი ინფორმაციის წყარო და გამავრცელებელი:
რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ვებ–გვერდები, რომელთაც არ აქვთ აშკარა კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან, თუმცა ძირითადად განიხილავენ რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს და ღიად ემსახურებიან კრემლის დღის წესრიგს. მაგალითად: Russia-Insider, Russian-Faith, The Duran, The Saker.
რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ვებ–გვერდები, რომელთაც არ აქვთ აშკარა კავშირები რუსეთთან და განხილული საკითხების სპექტრი საკმაოდ ფართოა, თუმცა გამოირჩევიან პროკრემლისტური ნარატივით. მაგალითად: Global Research, Unz Review, Veterans Today, The Alt World ...
რუსეთის აღნიშნული ვებგვერდები ყალბი ინფორმაციების სივრცეს ქმნიან. იზიარებენ ერთსა და იმავე შინაარსს, შეხედულებას, ნარატივს და ავრცელებენ სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებულ ერთი და იმავე დეზინფორმაციას.
რა ხდებოდა და ხდება ამ მხრივ საქართველოში
ონლაინ სივრცელში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საკითხებზე ვესაუბრეთ მითების დეტექტორის წარმომადგენელს სოფო გელავას
„მითების დეტექტორი“ – ფაქტების გადამოწმების პლატფორმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მედიის განვითარების ფონდის მიერ არის შექმნილი.
რამდენი ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია გავრცელდა კოვიდის ირგვლივ საქართველოში? და რას ისახავდა მიზნად?
სოფო გელავა – რაოდენობრივი მონაცემები არ დაგვითვლია, თუმცა ყალბი ინფორმაციის მასშტაბი საკმაოდ გაიზარდა. კოვიდზე დეზინფორმაციას როგორც პროკრემლიტური მედია საშუალებები, ასევე ახლად შექმნილი კლიკბაიტ საიტები ავრცელებდნენ, რომლებიც კოვიდის თემაზე კაპიტალიზებას ეკონომიკური მიზნისთვის ახდენდნენ.
ღიად პრორუსული მედიები და ფეისბუქ გვერდები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას პოლიტიკური მიზნით ავრცელებდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ დაეკნინებინათ ლუგარის ლაბორატორიის როლი კორონავირუსის დიაგნოსტირებაში, ასევე გაევრცელებინათ შეთქმულების თეორიები და კონსპირაციები. ეს კონსპირაციებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც იყო. ერთი მხრივ, ეს წყაროები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გამოყვანილი ვირუსი იყო და ის ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა განზრახ შეიტანეს, მეორე მხრივ კი, ამბობდნენ, რომ ვირუსი არსებობს, თუმცა არ არის იმდენად საშიში და ძლიერი, რამდენადაც ამას „ლიბერალური“ მედია აშუქებდა.
გამოიკვეთა ასევე ეკონომიკური მიზნის მქონე საიტები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას. ერთი მხრივ თავად საიტები ცდილობდნენ მყვირალა, ყვითელი სათაურებით მკითხველის ყურადღების მიქცევას და კლიკების რაოდენობით თანხის გამომუშავებას, მეორე მხრივ კი ტრადიციული მედია უთმობდა სივრცეს ე.წ. ექიმებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები ჰქონდათ გამოგონებული. აქაც კონკრეტულად ამ „ექიმების“ კომერციული მიზანი იკვეთებოდა, რომ საზოგადოებაში გაევრცელებინათ ე.წ. წამლები, არადა წამლის რის შექმნაზე ახლაც მთელი მსოფლიოს სამედიცინო წრეები მუშაობენ.
უმეტესობის პირველწყარო საქართველოში იყო?
სოფო გელავა – უმეტესობის პირველწყარო საქართველოში იყო, თუმცა იკვეთებოდა ღიად პრორუსული მედია დეზინფორმაციის გამავრცელებლად. კლიკბაიტები საიტების ნაწილი საქართველოდან იმართებოდა, ასევე შეგხვდა ქართულენოვანი კლიკბაიტ საიტი, რომელიც იმართებოდა რუსეთიდან, ასევე ქართულენოვანი საიტი, რომელთა IP მისამართები ევროპაში იყო რეგისტრირებული.
როგორ ვრცელდება? და ვინ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას?
სოფო გელავა – როგორც კლიკბაიტ, ასევე პრორუსულ მედიას აქვს ინფორმაციის გავრცელების სქემა. საიტები და მასთან დაკავშირებული ადმინისტრატორები (როგორც წესი, ყალბი ანგარიშები) ქმნიან სხვადასხვა თემატურ ჯგუფებს, რომლებშიც ათასობით ადამიანია გაწევრიანებული. ჯგუფების თავდაპირველი თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და საზოგადოების ნებისმიერ ინტერესს შეიძლება მოერგოს, იქნება ეს სპორტი თუ ხელოვნება. ეს ჯგუფები გამზადებული აუდიტორიაა, სადაც შემდეგ დეზინფორმაციული საიტებიდან ხდება ინფორმაციის გადაზიარება.
პანდემიის გეოპოლიტიკურ ჭრილზე ვესაუბრეთ რონდელის ფონდის მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი), რომელიც 1998 წელს დაარსდა, არის პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ცენტრი.
პანდემია, გეოპოლიტიკა და დეზინფორმაცია – რომელმა ქვეყნებმა გამოიყენა, რატომ და მიაღწიეს თუ არა მიზანს?
გიორგი ბილანიშვილი – პანდემიაზე დეზინფორმაციის კონტექსტში ყველაზე ხშირად რუსეთის ფედერაციას, ჩინეთს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას ახსენებენ. განსაკუთრებით ევროპაში პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, ამ ქვეყნების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების აქტიურ მცდელობას ჰქონდა ადგილი.
თუ დავკონკრეტდებით რუსეთზე, უნდა ითქვას, რომ COVID 19-ის გავრცელების ფონზე, მოსკოვის დეზინფორმაციის მოკლევადიანი მიზანი საკუთარი სიძლიერის წარმოჩენა იყო, დასავლეთის ქვეყნებში პანდემიის გავრცელებით გამოწვეული სერიოზული პრობლემების ფონზე. ეს მოკლევადიანი მიზანი ვერ შესრულდა, რადგან რუსეთი სულ მალე თავად აღმოჩნდა პანდემიის ფართოდ გავრცელების მსხვერპლი.
რაც შეეხება გრძელვადიან მიზანს, ეს არის დასავლეთის დისკრედიტაცია, რისთვისაც რუსეთი, როგორც COVID 19-ის გავრცელების, ისე სხვა ტიპის საბაბის გამოყენებას ცდილობს ხოლმე პერმანენტულად. ზოგადად მიზნების მიღწევაზე საუბარი მაინც ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან პანდემია არ დასრულებულა და როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების მხრიდან ისევ არის მოსალოდნელი, რომ შექმნილი ფონის გამოყენება მოხდეს დეზინფორმაციის მიზნით.
რა ტენდენციები გამოიკვეთა საქართველოს მიმართ?
გიორგი ბილანიშვილი – საქართველოშიც, პრინციპში იგივე თემები გამოიკვეთა რაც ბევრ სხვა ქვეყანაში. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ:
COVID 19-ის ხელოვნურად გავრცელება ვაქცინაციის ჩატარების მიზნით, რომელსაც ადამიანების ე.წ. დაჩიპვასთან და „მართვასთან“ აკავშირებენ;
ახალ ტექნოლოგიებთან, კერძოდ G5-თან COVID 19-ის გავრცელების დაკავშირება;
დედამიწის მოსახლეობის შემცირების მიზნით COVID 19-ის გავრცელება, რასაც უფრო ხშირად ბილ გეიტსთან აკავშირებენ.
თუ შევაჯამებთ, გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივი სამივე შემთხვევაში პროგრესის და თუ პირდაპირ არა ირიბად მაინც დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
ასევე, შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც იყო გარკვეული მცდელობა COVID 19-ის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიასთან და შესაბამისად აშშ-სთან დაეკავშირებინათ. თუმცა, ამან გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე ნაკლებად იმუშავა.
თქვენი აზრით, რატომ წამოწიეს ახლაც ლუგარის ლაბორატორიის თემა? მით უმეტეს, რომ კოვიდმა ქვეყანაში ამ ლაბორატორიის არსებობის საჭიროება კარგად გამოკვეთა?
გიორგი ბილანიშვილი – რუსეთმა, როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მაინც, COVID 19-ის გავრცელება ხელსაყრელ გარემოებად ჩათვალა ლუგარის ლაბორატორიის თემის წამოსაწევად, რათა მასთან ინფექციის გავრცელება დაეკავშირებინა, მსგავსი რამის მცდელობაც მას წარსულშიც არაერთხელ ჰქონია და მომავალშიც ექნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთივე მცდელობას ქონდა ადგილი რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, სადაც მსგავსი ლაბორატორიები მოქმედებს. მაგალითად, დეზინფორმაციის ფართო კამპანია იყო გაშლილი ყაზახეთში, კერძოდ ალმა-ათში არსებული რეფერალური ლაბორატორიის წინააღმდეგ, რომელსაც პირდაპირ უკავშირებდნენ COVID 19-ის გავრცელებას ჩინეთში. ანალოგიურად, უკრაინაშიც გაიშალა დეზინფორმაციის კამპანია ე.წ. აშშ-ის ლაბორატორიების წინააღმდეგ (ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატია).
ამ თემას თუ შევაჯამებთ, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უფრო ფართოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ამით რუსეთი ასევე შეეცადა მიენიშნებინა, რომ მას შეუძლია აშშ-ის კონკრეტული პრობლემები შეუქმნას, რათა ეს თემა ორმხრივ ურთიერთობებში ვაჭრობის საგნად ექცია.