აჭარა. 16 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „თხრობითი პერფორმანსების ფესტივალის" ბოლო საკონკურსო შეხვედრა გაიმართა. ფესტივალი 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოველკვირეულად, ,,დემოკრატიის მთხრობელთა დასის" წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (5 გუნდი, თითოეულ გუნდში 6 მთხრობელი), მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენდნენ თხრობით პერფომანსებს, რომლებსაც ჟიური აფასებდა. მიღებული ქულების საფუძველზე კი დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო გუნდი, მათ გადაეცემათ სიგელები და სხვადასხვა სახის პრიზები. ,,დემოკრატიის მთხრობელთა დასში'' გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდები, რომელთაც გაიარეს „დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის" ტრენინგ-კურსები. ფესტივალის დასასრულს, 18 ივლისს, გამოვლინდება - ყველაზე მაღალი საერთო ჯამური ქულის მქონე - საუკეთესო გუნდი და მთხრობელი.