თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარუდგინეს.
„ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციით სამხედრო მოსამსახურეებს არ ერთმევათ საარჩევნო უფლება: სამხედრო ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან იმ სამოქალაქო საარჩევნო უბნების მეშვეობით, რომელიც მათი დისლოკაციის ადგილებთან ახლოს მდებარეობს.[3] ამასთან, ამომწურავად და ნათლად არის განსაზღვრული იმ შემთხვევების ჩამონათვალი, თუ როდის და სად უნდა შეიქმნას სპეციალური უბანი. ჩვენ მიერ შემუშავებული ცვლილებებით, სპეციალური საარჩევნო უბნების მეშვეობით ამომრჩევლისთვის შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ამომრჩეველს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება სპეციალური უბნის საშუალებით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა, თუკი მისი რეგისტრაციის ადგილი სპეციალური უბნის საარჩევნო ტერიტორიას მიეკუთვნება", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge