თბილისი. 12 თებერვალს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2015 წელს განხორციელებული საგრანტო პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
„მომხსენებელთა შორის იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში" პროექტის კოორდინატორი ელენე ბერიაშვილი, რომელმაც დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები, ამოცანები, განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
ექვსთვიანი პროექტი მიზნად ისახავდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რეალიზებისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის შესახებ შიდა ქართლის რეგიონში. ყველა პროექტის შესახებ ელექტრონული პრეზენტაცია განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე (www.electionreforms.ge) და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში