აჭარა. 25 მაისს, გურიასა და აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაიმართა ევროკავშირის ახალი მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. ღონისძიებას ესწრებოდნენ გურიასა და აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკითხით დაინტერესებული პირები.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – CSI, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი - CTC, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - CSRDG, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - KEDEC) კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
პრეზენტაციის შემდგომ დამსწრე საზოგადოების კითხვებს კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" – მენეჯერმა დავით აფრასიძემ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში: ქუთაისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ზუგდიდში და 25 მაისს უკვე ბათუმში.
ასევე გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია. დოკუმენტი 200–მდე არასამთავრობო, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შექმნილი დოკუმენტია. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელთა ეკა დანელიამ აღნიშნა, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით, რათა ხელი შევუწყოთ ღირებულებით საქმიანობას და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
16 პრინციპი უკვე გაიზიარეს საქართველოში მომუშავე 200–მდე ორგანიზაციამ. ნებისმიერ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს შეუერთდეს მას ელექტრონული ხელმოწერით.