თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტს. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის დაკავებისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.
„საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს და ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვერსიაზე ან სამართალდამცავების ბრალეულობაზე საუბარი. ამავდროულად, საქმის გამოძიების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შევაფასოთ საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია.
მომხდარი შემთხვევა არის სამწუხარო დადასტურება იმ პრობლემების, რომლებზეც ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას, რომელმაც უნდა შექმნას რეალურად ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge