აჭარა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, პაატა დიასამიძე სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს და მის შედეგებს ეხმიანება.
იურისტი განმარტავს, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასტუმროს მაქსიმუმ 300 ლარით დაჯარიმება შეუძლია [სასტუმრო „ლეო გრანდში ერთი სტანდარტული ნომრის ფასი 190 ლარია]. რეაგირების სხვა ბერკეტი სააგენტოს არ აქვს. საიას იურისტის შეფასებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ზედამხედველობის მექანიზმი არაეფექტურია.
„არაფექტურობა ჩანს იქედანაც, რომ სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. აქ ხაზგასმით წერია, რომ სააგენტო არაა ვალდებულია შეამოწმოს ყველა სასტუმრო. ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მაგრამ მშენებლობის ნებართვები ხშირ შემთხვევაში ისეა გაცემული, რომ სახანძრო მანქანაც ვერ შედის," – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში