თბილისი. კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის" საქართველოს ნატოში გაწევრიანების აქტუალიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად ამისა, ნატოს 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, ადგილი არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას. ეს ფაქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად. მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და დიპლომატიური აქტივობა ფრაგმენტული, არასტრუქტურირებული და არაეფექტიანია.
როგორც ჩანს, ნატოში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ამგვარი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი რუსეთის ნაკლებად გაღიზიანებაა. ნატოში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრიანებისა და დსთ-ს ქვეყნების არ გაწევრიანების გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.
საქართველოც, მთავრობის პასიური პოლიტიკის პირობებში, რჩება ნატოს უსაფრთხოების ქოლგის მიღმა, რაც მას საკმაოდ მოწყვლადს ხდის რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ.
ამ სიტუაციაში, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რჩება ერთადერთ უალტერნატივო გზად ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მისი დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობისათვის. საკითხის აქტუალიზაციისათვის, საქართველოს მთავრობის მხრიდან აქტიური, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება როგორც დიპლომატიურ ასპარეზზე, ასევე დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით, ძალზედ მნიშვნელოვანია", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge