თბილისი. 17-19 ივლისს, თბილისში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტი გაიმართა. სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 17 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.
„საყურადღებოა, რომ IDFI ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე საკუთარი პანელით წარსდგა. პანელის ფარგლებში, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლომთაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების გამოყენება მთავრობის ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, ასევე, როგორ უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო სექტორმა და მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად.
გლობალურ სამიტზე ყურადღება ასევე დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) დაკავშირებულ საკითხებს. IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ, მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით - ინოვაციური პარტნიორობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის. პანელის ფარგლებში, მან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge