თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი წინამდებარე დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისადმი მომსახურების გაწევისას გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე. „ორგანიზაციას 2014-2018 წლებში წარმოებაში ჰქონდა არაერთი საქმე, რომლებმაც წარმოაჩინა, რომ ექიმების მხრიდან პაციენტებისადმი არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის მიზეზი ხშირად გაუფრთხილებლობა, არაკვალიფიციურობა და პაციენტისადმი გულგრილი დამოკიდებულებაა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეებიდან ჩანს, რომ სამედიცინო დახმარების ხარისხი არ ესადაგება საერთაშორისო ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს და საჭიროებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან სპეციალურ მონიტორინგს. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებები შემოიფარგლება მხოლოდ მცირე დროით სახელმწიფო ლიცენზიების შეჩერებით ან გაფრთხილების მიცემით, რაც არარელევანტურია ხშირად იმ შედეგთან, რომელიც დადგა ექიმის ბრალეულობის შედეგად, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა პაციენტის ჯანმრთელობა ან საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში