თბილისი. კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის „ახლა“ პრეზენტაცია გამართა.
„ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება. კამპანია „ახლა“ წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. ის გვიჩვენებს მაგალითებს, თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ევროკავშირს. თუმცა, ამ სიკეთეების მისაღებად საჭიროა მოქმედება ახლა!
კამპანიის პრეზენტაციაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები, მეწარმეები, ექიმები, ჟურნალისტები, ერთი მიზნით შეიკრიბნენ - აჩვენონ ევროპული მომავლისკენ საკუთარი მტკიცე და ურყევი არჩევანი და მოითხოვონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.
ღონისძიების გამომსვლელები შეკრებილ აუდიტორიას ესაუბრნენ საქართველოს მისწრაფებაზე დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს; იმ სიკეთეებზე, რასაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობა მოუტანს. პრეზენტაციაზე აუდიტორიამ პირველად ნახა კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი ვიდეო, რომელიც სხვადასხვა თაობის ადამიანებზე გვიყვება, თუ როგორ შეცვლის ევროკავშირში წევრობა მათ ცხოვრებას პენსიებისა და დასაქმების ზრდით, ასევე განათლების, აგრობიზნესის და მეცნიერების მხარდაჭერის გზით. რეზო კიკნაძის ჯაზბენდმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებიც შეასრულა...
კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით აპრილის თვიდან დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.
ახლა მოქმედების დროა! მოითხოვე რეფორმები დაპირებების ნაცვლად!“
კოალიციის ფეისბუქ გვერდი...
წყარო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)