თბილისი. 23 თებერვალს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემით დაინტერესებულ მხარეებს შორის სოციალური მეწარმეობის არსებულ გარემოსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე დიალოგის წარმართვას. აღნიშნული ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღებებს, სოციალურ საწარმოებს, ხელშემწყობ ორგანიზაციებს და ექსპერტებს, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის მიმართულებით.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე:
სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საერთაშორისო გამოცდილება;
სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი რეკომენდაციები;
ცენტრალურ დონეზე სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საქართველოს არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები;
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები.
ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილების შესახებ და აღნიშნეს სახელმწიფოს მიერ სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროცესში მიღწეული პოზიტიურ შედეგები. თავის მხრივ, ადგილობრივმა მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის არსებულ პრაქტიკებს და გარემოს შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებებს. „ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უფრო მეტი რეფორმისა და მხარდაჭერისთვის. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.“ - განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ია გაბუნიამ და ხაზი გაუსვა სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
კონფერენცია გაიმართა ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ხელმძღვანელობით. კონსორციუმის წევრები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), IMPACT EUROPE (ყოფილი EVPA) და სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)