en
ge

ქალები, რომლებიც ცვლიან გარემოს: გაიცანით სალომე გარდავა

ქალები, რომლებიც ცვლიან გარემოს: გაიცანით სალომე გარდავა

სალომე გარდავამ დაბრკოლებების გადალახვით ახალი შესაძლებლობები შექმნა. ყველაფერი კი მისი უმცროსი შვილის დიაგნოზით დაიწყო. ილიას მეოთხე ხარისხის ნეიროსენსორული სმენადაქვეითება დაუდგინდა. სალომესთვის, როგორც დედისთვის, ეს სერიოზული გამოწვევა იყო - რეგიონში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის (კერძოდ, სმენის სირთულის მქონე/სმენადაქვეითებული) აუცილებელი სერვისები არ არსებობდა, არც ცნობიერების დონე იყო მაღალი. თითქოს დედები შეგუებულნი იყვნენ თავიანთ მდგომარეობას და ცვლილებების იმედი არ ჰქონდათ. 

„2018 წელს ჩემს შვილს, ილიას, კოხლიარული იმპლანტაცია ჩაუტარდა, რომლის შემდეგაც ბავშვის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის კურსს. აღმოვაჩინე, რომ რეგიონში მსგავსი სერვისი არ არსებობდა და მოგვიწია, თბილისის ორგანიზაციაში გაგვევლო კურსი. მშობლებისთვის ეს დიდი პრობლემა იყო. ბავშვები რჩებოდნენ მომსახურების გარეშე და ამიტომ გადავწყვიტეთ, რეგიონში ორგანიზაციის დაარსებით დადებითი ცვლილებები გამოგვეწვია“. 

ასოციაცია „ილი“ 2019 წელს, სამეგრელოში დაარსდა. მისი მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვა, პიროვნული განვითარების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ორგანიზაციას 40-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

„ილი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ამის წარმატებული მაგალითია სმენადაქვეითებული ბავშვების საჭიროებების კვლევის დოკუმენტის საფუძველზე, თვითმმართველობის მიერ კოხლიარული იმპლანტის გარე სასმენი პროცესორების დაფინანსების გადაწყვეტილება.

„2020 წლიდან ყოველი წლის ბიუჯეტში გამოიყო 45000 ლარი, რომლითაც წელიწადში 3 ბენეფიციარი ფინანსდება. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი მიღწევა რეგიონში“. სალომე ამბობს, რომ თავდაპირველად მშობლები ნაკლებად მონაწილეობდნენ პროექტებში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაში.

„2 წლის წინ მახსოვს, როდესაც ვიდეოსიუჟეტის გადაღებისთვის ვთხოვე, მოეყვანათ ბავშვები, მხოლოდ ერთმა მშობელმა მოიყვანა. ბოლო გადაღებაზე კი 4 ბავშვი მოვიდა. ვხედავ, იცვლება დამოკიდებულება მშობლების მხრიდან და მინდა, ისინი უფრო გავააქტიურო“.

ასოციაცია „ილის“ დროებით სარგებლობაში გადაეცა ოთახი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის, რომელიც შემოწირულობებით გარემონტდა, თუმცა საჭირო აღჭურვილობა, ავეჯი ამ ეტაპზე არ აქვთ და სურდო-ლოგოპედიც არ ჰყავთ. „ჩვენი ერთ-ერთი მიზანია კოხლიარული იმპლანტაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი სამეგრელოს რეგიონშიც იყოს ხელმისაწვდომი და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“.

ავტორი: თეკლე ქაროსანიძე

მსგავსი პოსტები