„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს საზოგადოებას ამცნო, რომ პარტია ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას გეგმავს. რაც, მათ შორის, გაამკაცრებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისადმი სახელმწიფოს მიდგომას.
მოსალოდნელი ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მხრიდან უკვე ფასდება პარტიის მიერ გადადგმულ „რეპრესიული“ ნაბიჯად, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვაა.
მამუკა მდინარაძის თანახმად:
•კანონმდებლობიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“;
•არსებული ე.წ. რუსული კანონის ნაცვლად, წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც „იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფენ მის სრულფასოვან ამოქმედებას“;
•შეიქმნება საბიუჯეტო ფონდი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა; •შემუშავდება მედიის კანონიც, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. აგრეთვე, შეიზღუდება მედია საშუალებების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.
„ქართული ოცნების“ სურვილი, კანონმდებლობიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის სავალდებულო ხასიათის ამოღების შესახებ, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ფორმალურ შესაძლებლობებსაც კი აქრობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება ღია მართველობის პარტნიორობის ფორმატში (OGP) საქართველოს წევრობის საკითხისთვის. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანას წევრის სტატუსი დროებით აქვს შეჩერებული, მის საბოლოო შეჩერებაზე კი OGP 2026 წლის დასაწყისში იმსჯელებს. მსგავსი ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო მე-9 დათქმასთან, რომლის თანახმადაც, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ორგანიზაციათა უმრავლესობა არ დარეგისტრირდა უცხოური გავლენის მატარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, მოსალოდნელია, რომ ახალი კანონი, რომელმაც, მამუკა მდინარაძის განცხადების თანახმად, უნდა ჩაანაცვლოს უკვე არსებული „რუსული კანონი“, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება უფრო მეტად რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებისათვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
მეორე მხრივ, საბიუჯეტო ფონდის შექმნა, რომელმაც შესაძლოა ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მიზნად პარალელური სამოქალაქო სექტორის შექმნასა და მოჩვენებითი პარტნიორობის მიღწევას ისახავს.
თავის მხრივ, მედია-საშუალებების უცხოური წყაროებით დაფინანსების შეზღუდვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოში არსებულ მედია გარემოს. აღნიშნული ინიციატივა საგანგაშო განსაკუთრებით ციფრული გამოცემებისთვისაა, რომლებიც ნაკლებად იღებენ შემოსავლებს კომერციული საქმიანობისგან. მედია-საშუალებების საარსებო გარემოს გაუარესება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლების მდგომარეობაზე.
გამომდინარე აქედან, ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც ქართული ოცნება გეგმავს, კიდევ უფრო აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს, პრაქტიკულად აქრობს სივრცეს პოტენციური თანამშრომლობისთვის და ქმნის დამატებით შეზღუდვებს მედია საშუალებებისთვის.