აჭარა. 27 მაისს, „დემოკრატიის ინსტიტუტის" ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ახალ პროექტს - „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში" გაეცნენ. პრეზენტაციას „დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, პროექტის კოორდინატორი არჩილ ხახუტაიშვილი უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტსა და დასახლებაში არსებულ პრობლემებზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. დაიგეგმა ასევე სამომავლო თანამშრომლობა. პროექტი ეხმარება მოქალაქეებს უშუალო მონაწილეობა მიიღონ თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებაში არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად თითო მუნიციპალიტეტში ის სამი ძირითადი პრობლემა გამოვლინდება, რომელთა გადაჭრაც საკრებულოს კომპეტენციას მიეკუთვნება. შეხვედრებზე შეირჩევიან აქტიური მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით ხელმოწერებს შეაგროვებენ, შემდეგ კი თავად წარადგენენ პეტიციას საკრებულოში. პროექტის დახმარებით მოსახლეობა მიიღებს ცოდნას და გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მოაგვარონ ადგილობრივი პრობლემა პეტიციის მეთოდის გამოყენებით. პროექტის დასრულების შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მიზნით პეტიციების წარდგენას და ადვოკატირებას. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახორციელებს. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.