თბილისი. კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის" მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას, რაც საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, შექმნის დამატებით სტიმულსა და საფუძველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გამყოფი ხაზების გასწვრივ ადამიანების გადაადგილების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისათვის", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კოალიცია ადასტურებს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში და მიმართავს საქართველოს პარლამენტს და პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციული განხილვების გზით მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
წყარო: gyla.ge