კახეთი. თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენლებმა, თელავში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელისა (CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილია ხეობაში სკამების, მაგიდების, ნაგვის ურნების დადგმა და ტიპიური საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილების გამოყოფა. გარემოს დაცვის ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს.
კახეთის რეგიონში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორ კახა სუხიტაშვილის თქმით, მდინარე სტორი ალაზნის ყველაზე წყალუხვი შენაკადია და ხეობა ბიომრავალფეროვნებით, ეკოლოგიური და ტურისტული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია:-,,ხეობას აქვს ის დანიშნულებაც, რომ აქ გადის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა. ზაფხულობით ამ გზით უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სარგებლობს. პროექტის მიზანია სატყეო სექტორში გამჭვირვალეობის პრინციპის დამკვიდრება და სატყეო სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა".