შიდა ქართლი. ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" ოფისში ქარელის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჯგუფის წევრებმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ ღონისძიებებზე და აქტივობებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებსაც, რომელთა შორის გამოიკვეთა ნაგავსაყრელის და ნაგვის გატანის, გამწვანების სიმცირის, სკვერების არარსებობის და სპორტული აქტივობების იშვიათობის პრობლემა. ჯგუფის ხელმძღვანელის ნანუკა ფერაძის თქმით ჯგუფის წევრები ქარელის საკრებულოს უახლოეს სხდომას დაესწრებიან და მოხსენებასაც გააკეთებენ აღნიშნული პრობლემების და მათი გადაჭრის რეკომენდაციებზე. ქარელის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ მათი წინადადებები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.ქარელის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფი შექმნილია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თემების განვითარებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროპის დემოკრატიული ფონდის (European Endowment For Democracy) მიერ.