შიდა ქართლი. ოჯახურ ძალადობასა და ქალთა უფლებების თემაზე ისაუბრეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე. დისკუსია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის" კასპის ახალგაზრდული თვითმმართველობის ჯგუფის ინიციატივით მოეწყო და ორგანიზაციის ბრიტანელი მოხალისე EVS-იდან ნიკოლას ბარკერი უძღვებოდა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ბარკერმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის მთავარი პრობლემების შესახებ და იმსჯელა სიტუაციის გამოსწორების გზების შესახებ. შეხვედრისას ასევე განხილული იყო ოჯახური ძალადობის ყველაზე ხშირად განმეორებადი ფაქტები და ბრიტანეთში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მხრივ არსებული მდგომარეობა. ბარკერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა, ქალთა როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა. შ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სხვა ქვეყნებსა და საქართველოში ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, მსგავსებებზე და განსხვავებებზე, ხელისუფლების რეაგირების ფორმებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ამ პრობლემასთან ბრძოლის საქმეში და სხვა.
კასპის ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივით ნიკოლას ბარკერი გენდერული თანასწორობის თემაზე დისკუსიების მოწყობას კასპის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებშიც გეგმავს.
წყარო: ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი"